უნიკალური, იშვიათი წარმონაქმნის ბუნების ძეგლები სპეციალური კანონის დაცვის ქვეშ ექცევა. “ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ” – ასე ეწოდება კანონპროექტს, რომლის რეგულირების სივრცეში შევა: სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსი – ბალდის კანიონი, ინიორეს ჩანჩქერი და ტობას პირველი მღვიმე, ტობას ჩანჩქერი და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლი, ასევე მოთენას მღვიმე, ჯორწყუს მღვიმე, ოჩხომურის ჩანჩქერი, ნაზოდელაოს მღვიმე, მდინარე აბაშის ჩანჩქერი და გოჭკადილის კანიონი. ბუნების ძეგლების სისტემაში და აღნიშნული კანონის დაცვის ქვეშ ხვდება: გოდერძის ნამარხი ტყე, დაშბაშის კანიონი, სამშვილდის კანიონი, მუხურას ჩანჩქერი, ბოდორნის კლდის სვეტები, ჯვრის უღელტეხილის ტრავენტინი და ქეთერისის მინერალური ვოლკუზის ბუნების ძეგლი.
კანონპროექტით დგინდება აღნიშნული ბუნების ძეგლების ფართობი და საზღვრები. განსაზღვრულია მის ფარგლებში არსებული მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, ტყეების და სხვა ბუნებრივი რესურსის მოვლა, დაცვა და აღდგენა.
საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა მოამზადა, პარლამენტში ინიცირებულია.
პროექტის განხილვა საშემოდგომო სესიაზე დაიწყება.
უნიკალური წარმონაქმნის ბუნების ძეგლებს სპეციალური კანონი დაიცავს
31
ივლ