სასტუმრო “ძველ თბილისში” ხვალ წყალშემკრები აუზების მართვის გეგმების წინასწარი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება. განხილვა ეროვნულ დონეზე USAID-ის პროგრამის “წყალშემკრები აუზების მართვა” ფარგლებში ტარდება.ღონისძიებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი გახსნის. შეხვედრაში USAID-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის ოფისის დირექტორი ჯილ კელი, Glows-ის კონსორციუმის წარმომადგენლები, ასევე ენერგეტიკის, რეგიონული განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრის მიზანია, პროგრამის ფარგლებში მომზადებული კვლევების შედეგებისა და წყალშემკრები აუზების მართვის გეგმების სამუშაო ვერსიის გაცნობა დაინტერესებული მხარეებისთვის და მათგან შენიშვნებისა და წინადადებების მიღება.
წყალშემკრები აუზების მართვის გეგმა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა; საპილოტე ტერიტორიებზე არსებული ქალაქების წყალმომარაგების სისტემის სასმელი წყლის უსაფრთხოება; ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება და კლიმატის ცვლილების შემარბილებელი და საადაპტაციო ღონისძიებები; საპილოტე ტერიტორიების ენერგო-პოტენციალის ანალიზი.
წყალშემკრები აუზების მართვის გეგმების წინასწარი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება
29
ივლ