RSS

უკანონო თევზჭერის ფაქტებზე სანქციები მკაცრდება

18 Jul

daxocili Tevzi2013 წლის 17 ივლისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლში ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტებზე.კერძოდ, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით თევზჭერისათვის, აგრეთვე საქართველოს „წითელ ნუსხაში” შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მოპოვებისათვის – ნაცვლად 400-დან 1000 ლარამდე ჯარიმისა, დღეს უკვე გათვალისწინებულია 2000 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების, ასევე, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.

ცვლილებების მიხედვით, პირს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი ფაქტის გამოვლენის დროს მას არ აღმოაჩნდება უკანონოდ მოპოვებული თევზი ან სხვა ცოცხალი ორგანიზმი. ხოლო აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ცალსახად დგება პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისგებლობის საკითხი.

მიუხედავად იმისა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად გამკაცრდა სანქციები, უფრო ლიბერალური გახდა აღნიშნული მუხლის ზოგიერთი პუნქტი. კერძოდ, თუ ცვლილებამდე სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრებასთან ერთად ხდებოდა სამართალდარღვევის იარაღისა და დარღვევით მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების ერთდროულად ჩამორთმევა, დღეს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, პირველ ჯერზე ჯარიმის დაკისრებასთან ერთად ხდება მხოლოდ უკანონოდ მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების ჩამორთმევა. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი იზრდება ჯარიმის ოდენობა და უკანონოდ მოპოვებული ობიექტთან ერთად ხდება სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული ცვლილებები და ერთად დავიცვათ ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვის ინსპექცია, რომელიც პასუხისმგებელი იყო გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევების აღმოფხვრაზე, გაუქმდა 2011 წლის მაისში.

შედეგად, გაიზარდა უკანონო ბუნებათსარგებლობის ფაქტები, ბრაკონიერობა. ბოლო წლებში საქართველოს მდინარეებსა და წყალსატევებში თევზის და წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების განადგურებამ მასიური ხასიათი მიიღო. ბრაკონიერები თევზის მასიური განადგურებისათვის იყენებენ თვითნაკეთ ელექტროშოკურ მოწყობილობებს, აკრძალულ ბადე-იარაღებს, თევზაობენ აკრძალულ ადგილებში და აკრძალულ პერიოდში.

სამინისტროს გაძლიერების ფარგლებში ჩვენმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სამინისტროს დაქვემდებარებაში. ამჟამად მიმდინარეობს დეპარტამენტის კადრების შერჩევის პროცესი.

მიუხედავად იმისა, რომ დეპარტამენტი და მისი ტერიტორიული ორგანოები სრულად არ არის დაკომპლექტებული, მიმდინარეობს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენციული ღონისძიებების გატარება. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ბორჯომი, ადიგენი, ახალციხე) შესწავლილ იქნა არსებული სიტუაცია, გამოვლინდა სახერხი საამქროების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 30 ფაქტი, ჩამორთმეულ იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი ხე-ტყე. ანალოგიური ღონისძიებების განხორციელება დაგეგმილია საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

ამა წლის 14 მაისიდან (დეპარტამენტის შექმნის დღიდან) დღემდე დეპარტამენტის მიერ გამოვლინდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 191 ფაქტი.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 183 საქმე გადაეგზავნა სასამართლოებს, ხოლო მასალები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მქონე 13 ფაქტზე – საგამოძიებო ორგანოებს. სამართალდამრღვევებს დაეკისრებათ კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.

უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიებისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების პირობების შესრულების მდგომარეობის შესწავლა.

გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის გააქტიურებასთან ერთად დღის წესრიგში დადგა კანონმდებლობის გამკაცრების, მათ შორის უფრო მაღალი საჯარიმო სანქციების დაწესების აუცილებლობაც, რამაც უნდა უზრუნველყოს ამ სფეროში სამართალდარღვევათა პრევენცია.

მხოლოდ უკანასკნელი 2 თვის მანძილზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მეთევზეთა შორის გატარდა პრევენციული და ინფორმაციული ღონისძიებები. მიუხედავად ამისა, განხორციელებული რეიდების შედეგად გამოვლინდა თევზჭერის წესების დარღვევის 53 ფაქტი, რომელთაგან 13 ფაქტზე სისხლის სამართლის ნიშნების არსებობის გამო საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოებს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s