“აქცია არ გაგვიმართავს, უბრალოდ, მინდოდა ჩემს შვილებს თერგი ენახათ. ლაღი – ხევში თავისუფლად მორბენალი. მასთან ერთად, ზვიადი კლდეების სიდიადე შეეგრძნოთ. მინდოდა იმ სილამაზით, ისე აღტაცებულიყვნენ, როგორც მე დამემართა, რამდენიმე წლის წინ. მინდოდა ჩემს შვილებს თავისი შვილებისთვის მოეყოლათ, დარიალსა და თერგზე. დავიგვიანე… “- ყვება ერთ-ერთი ქართველი, რომელმაც დარიალის ხეობაში უკვე მშენებარე ჰესების გამო, როგორც თავად ამბობს, ულამაზესი დარიალის ხეობის ნაცვლად, მისმა შვილებმა უშველებელი ბულდოზერების მიერ ამტვერებულ გარემოში მხოლოდ ის ნახეს, როგორ ამზადებდნენ თერგისთვის გვირაბს.
ბოლო პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ 2012 წელს, საქართველოში, უნდა აშენდეს დაახლოებით ოცდაათამდე ჰიდროელექტროსადგური, მათ შორის ისეთი გიგანტური ჰესები, როგორიცაა ხუდონის ჰესი, ნენსკრას ჰესი, ნამახვანის ჰესების კასკადი, აჭარისწყლის ჰესების კასკადი, ჭოროხის ჰესების კასკადი, დარიალჰესი.
“2015 წლისათვის საქართველოში აშენებული იქნება მინიმუმ 10 ახალი ჰიდრო ელექტრო სადგური ჯამში 300 მეგავატის სიმძლავრით.” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიურ გამოსვლისას 2012 წლის 28 თებერვალს. – “დაწყებულია 15 ჰესის მშენებლობა, ხოლო მიმდინარე 2012 წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 10 ახალი ჰესის მშენებლობის დაწყება.”
ახალმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ “შერიგების სივრცე – ბრძოლა უსაფრთხო მომავლისათვის”, საინიციატივო ჯგუფმა “კავკასიური სახლი,” ასოციაციამ “მწვანე ალტერნატივამ,” საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ, ასოციაცია “ლობომ”, ასოციაციამ “უსაფრთხო სივრცემ” – ამ გადაწყვეტილებას საგანგაშო უწოდეს. “ამ პროექტების განხორციელების შედეგად, წყლის ქვეშ აღმოჩნდება (ისედაც მცირემიწიანი ქვეყნის) სულ მცირე 2000 ჰექტარი ფართობი: ნაყოფიერი სავარგულები, უძველესი ქართული სოფლები, კულტურული და არქეოლოგიური მემკვიდრეობა; გადაგვარდება რიონის, ენგურის, თერგის და სხვა მდინარეთა ხეობები, განადგურდება აქ არსებული ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება; დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება საქართველოს შავი ზღვის სანაპირო. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად დააზიანებს ისედაც საგანგაშოდ დაზიანებულ სასიცოცხლო სივრცეს და დააჩქარებს ეკოლოგიურ კატასტროფას საქართველოში,” – აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რამდენად დიდია საფრთხე დარიალჰესის მშენებლობისას, გაანადგურებს თუ არა ჰიდროელექტროსადგურის აშენება მდინარე თერგის მიმდენარე ეკოსისტემას, ამ საკითხზე მსჯელობა, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, ვიდრე ჰესის მშენებლობაზე ნებართვა გაიცემოდა.
მშენებლობის დაწყებამდე ადგილი, სადაც ჰესი შენდება, ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიას ეკუთვნოდა. „დაცული ტერიტორიების შესახებ კანონით”, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა დაშვებულ საქმიანობათა ნუსხაში არ შედის.
შპს “დარიალ ენერჯი” ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის $130 მილიონის ინვესტირება იგეგმებოდა. ამის შესახებ თავის დროზე, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა განუცხადა. ვალიშვილის თქმით, ჰესის მშენებლობა 2015 წლის ბოლოსათვის დასრულდება. დადგმული სიმძლავრე 108 მეგავატი იქნება, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი საქართველოს ენერგოსისტემაში შევა, ნაწილი კი საექსპორტოდ გაიგზავნება.
“დარიალ ენერჯიმ” სამეცნიერო–კვლევითი ფირმა “გამას” დახმარებით, “ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში” მოამზადა, მშენებლობაზე ნებართვა გასცეს, როგორც გარემოს დაცვის სამინისტრომ (2011წ. 28 ნოემბერი), ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ (2011 წ. 30 ნოემბერი). ამ პერიოდში, ტერიტორია ჯერ კიდევ, პარკის საზღვრებში იყო მოქცეული, თუმცა მოგვიანებით კანონპროექტით, რომელიც პარლამენტში მთავრობამ შეიტანა, ყაზბეგის ეროვნული პარკის ფართობს აღნიშნული ტერიტორია, 8,7 ჰექტარი, ჩამოეჭრა. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა კანონდარღვევით გაიცა.
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, რომლის თავმჯდომარეც იყო გიორგი მელაძე, მიიღო გადაწყვეტილება 2012 წლის 10 თებერვალს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა კანონპროექტზე “დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 10 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონშიცვლილების შეტანისთაობაზე“და მის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.
ამ სხდომის ნომერ 1 ოქმში წერია, რომ სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: მ.სამადაშვილი, თ. წურწუმია, კ.ბადაგაძე,კ.კურდღელაშვილი, ზ. კიკალეიშვილი,გ.კანდელაკი, რ.მაისურაძე, დ.ოვაშვილი, თ. ჩარკვიანი, გ.ჩახვაძე, გ. ჯაბუა; მოწვეულები იყვნენ: ნინო ენუქიძე – ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, ნათია მიქელაძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, დავით ლომიძე – შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დანელია – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი.
სწორედ, ამ ადამიანებმა მიიღეს გადაწვეტილება შეეცვალათ კანონი და დაცულ ტერიტორიების სტატუსის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შეეტანათ. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ შემოთავაზებული კანონპროექტის მიღების მიზეზია – ყაზბეგის რაიონში არსებული ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ჰიდროენერგეტიკული პროექტის განხორციელების ხელშეწყობის აუცილებლობა. კანონპროექტი ითვალისწინებს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისათვის გამოყოფილი ფართობებისათვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მოხსნას, რომლებიც ხვდებიან ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.
კიდევ ერთ დოკუმენტში კი ვკითხულობთ, “ყაზბეგის რაიონის დაცულ ტერიტორიებს ეროვნულ პარკის გარდა, კიდევ სამი დაცული ტერიტორია – სახიზნარის კლდის ბუნების ძეგლი, აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლი და თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი შეემატება. რომელთა ფართობი საერთო ჯამში 339,94 ჰექტარს შეადგენს. ყოველივე ამან განაპირობა ცვლილებების შეტანა „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის პროექტიც გარემოს დაცვის სამინისტროში მომზადდა. აღნიშნული კანონპროექტი მეორე მოსმენით – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.
სხდომაზე სხვა ცვლილებათა პროექტზეც იმსჯელეს, რომელიც იმავე “დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. “დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე კანონპროექტის ავტორი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროა და იგი მესამე მოსმენით განიხილეს. ამ კანონპროექტის მიხედვით, ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის შემადგენლობიდან გამოდის 8,7 ჰა საერთო ფართობის მქონე ტერიტორია. კანონპროექტის მიზანია, მშენებარე ჰიდროელექტროსადგურისთვის გამოყოფილი იმ ფართობებისათვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მოხსნა, რომლებიც ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხვდებიან. საბოლოოდ კი, ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის ფართობი 8698,2263 ჰექტრით განისაზღვრა.
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაალ გამცემლიძემ განაცხადა, ჰიდროელექტოსაგურის მშენებლობა ისეთი ტექნოლოგიით განხორციელდება, რომელიც ეკოსისტემას ზიანს არ მიაყენებს და გავრცელებული ინფორმაცია, დარიალის ხეობის წყლით დაფარვის საშიშროების შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება.
კომიტეტის წევრებმა ორივე კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირეს.”
დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე 109-მეგავატიანი ჰესის მშენებლობას კომპანია “დარიალ ენერჯი” უკვე მეორე წელია ახორციელებს და მშენებლობა 2014 წლის 19 მაისს უნდა დაასრულოს. პროექტი, საქართველოს მთავრობასა და “დარიალ ენერჯის” შორის, 2011 წლის 19 მაისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.
ჰესის მშენებლობა მდინარე თერგის წყლის 90%–ის 8 კმ სიგრძის მილში მოქცევას ითვალისწინებს. არასამათავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” და გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ მდინარის კალაპოტში წყლის 10%–ის დარჩენა ლანდშაფტის შეცვლას და წითელ ნუსხაში შეტანილი კალმახის გადაშენებას გამოიწვევს. “მწვანე ალტერნატივამ” მრავალგზის მიმართა სასამართლოს. ეკოლოგიური დასკვნის გაუქმების მოთხოვნით, სასამართლო დავას გარემოს დაცვის სამინისტროსთან აწარმოებდა.მათი მოთხოვნა იყო შეჩერებულიყო დარიალ ჰესის მშენებლობა, რადგან მისი ექსპლუატაციაში გაშვება საფრთხეს შეუქმნიდა ადგილობრივ ეკოსისტემას. “მწვანე ალტერნატივამ” რამდენჯერმე წააგო პროცესი.
გარდა მშენებლობის ნებართვის გაცემისა, “მწვანე ალტერნატივას” შენიშვნები აქვს “გამას” მიერ მომზადებულ “ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების” ანგარიშთან დაკავშირებითაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროცესში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.” სპეციალური შენიშვნები და კომენტარები “მწვანე ალტერნატივამ” ყაზბეგში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაცია “სტეფანწმინდასთან” ერთად შეიმუშავა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შენიშვნების გათვალისწინება დაგვიანებული ჯერ კიდევ არ არის: “წყალთან დაკავშირებით არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. რამდენი წყალი მოდის მდინარეში, ისიც არ არის გაზომილი, ამიტომ აიღეს მაქსიმუმი. ეს დასკვნაც, რომ გარემოზე ზემოქმედება არ მოხდება, ჰაერიდან დაიდო, თუმცა ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ გამოინახოს ისეთი საპროექტო გადაწყვეტა, რომლითაც დაცული იქნება ბალანსი ენერგეტიკასა და ეკოლოგიას შორის. ამისათვის ჩვენ ვითხოვთ ჰესის მშენებლობის შეჩერებას და პროექტის გადახედვას”, – აცხადებს “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი. მისი თქმით, მდინარე თერგის საშუალო წლიური მონაცემები წლების წინ გაკეთებული დაკვირვების შედეგებს ეყრდნობა და ახალი მონაცემები არ არსებობს.
“პროექტის ფარგლებში ხდება მდინარე თერგის წყლის დაახლოებით 90%–ის მილში გადაგდება. შედეგი იქნება ის, რომ ძალიან შეიცვლება დარიალის ხეობაში მთლიანად ბუნება, ეკოსისტემა, ეს გაანადგურებს წითელ წიგნში შეტანილ კალმახს თერგში, რადგან ფაქტიურად თერგი აღარ იქნება, ეს იქნება პატარა ნაკადული”, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “სტეფანწმინდას” წარმომადგენელმა შოთა ბუჩუკურმა.
დაცული ტერიტორიების შესახებ კანონის მიხედვით კი, ეროვნულ პარკში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასაშვებ საქმიანობად არ არის მიჩნეული. ასოციაციის იურისტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია ეს და სხვა ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად ისინი გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა. პროცესზე მოპასუხე მხარის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ ეთანხმებიან საჩივრის არც ერთ პუნქტს. “საჩივარი დაუსაბუთებელია და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული. დასკვნის მომზადება, გამოცემა და ყველა სხვა პროცედურა დადგებილი წესის შესაბამისად მოხდა,” – განაცხადა იურისტმა მამუკა ივანიაშვილმა
პროცესს ესწრებოდა “დარიალი ენერჯის” წარმომადგენელიც, რომლის თქმითაც, პროექტი გარემოზე მავნე ზემოქმედებას არ ახდენს და გარემოსდამცველების საჩივარი უსაფუძვლოა. “ჰესი სადერივაციო ტიპისაა და გარემოს ყველაზე ნაკლებ ზიანს მიაყენებს. თანაც, მდინარე მთლიანად არ იცლება, წყალი მცირედით ნაკლები იქნება და იქ კალმახისთვისაც დარჩება ადგილი. თანაც პროექტში გათვალისწინებულია თევზსავალი გზებიც. საერთაშორისო ორგანიზაციისთვის კი, რომელიც პროექტს აფინანსებს, ეკოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია.”
„შეუსწავლელია წყლის ნაკადის რაოდენობა. დაკვირვებები, რომლებსაც კომპანია ეყრდნობა, 1928-1940 და 1953-1986 წლებში ჩატარდა, 1928-40 წლების კვლევას ეფუძნება მდინარის ნატანი მასალის რაოდენობის მონაცემებიც. შესაბამისად, სწორად არ არის გათვლილი მოსალოდნელი ზიანი და სარგებელი. თუ მდინარის წყლის მხოლოდ 10% დარჩება მილს გარეთ, ის უცილობლად გაიყინება. განადგურება მდინარის ეკოსისტემა, წითელ ნუსხის კალმახი, შეიცვლება მიკროკლიმატი, ზიანი მიადგება ეკოტურიზმსა და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებსაც,“ – აცხადებდა მაჭარაშვილი.
გარდა ამისა, გარემოსდამცველები ამბობენ, რომ 2003 წელს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის მაშინდელი თავმჯდომარე ჯემალ გაბეჩავა იყო, რომელიც იმ კომპანიის (შპს, „გამას“), ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელმაც 2011 წელს უკვე დარიალჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მოამზადა.
2008 წელს მთავრობის მიერ განახლებადი ენერგიის წყაროების დამტკიცებულ ნუსხაში დარიალჰესის სიმძლავრე 50 მეგავატი უნდა ყოფილიყო, 2011 წლის მაისში მთავრობასა და კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში კი ჰესის სიმძლავრე 110 მეგავატამდეა გაზრდილი.
“დარიალი ენერჯის” დირექტორი ზურაბ ალავიძე ამბობს, რომ თავდაპირველად ისინი 70 მეგავატამდე სიმძლავრის ჰესის აშენებას გეგმავდნენ და ამ მონაცემების 110 მეგავატამდე გაზრდა სწორედ ენერგეტიკის სამინისტროს მოთხოვნით მოხდა.
კომპანია “დარიალჰესის” საქართველოშია რეგისტრირებული, – ამბობს ლაშა იორდანიშვილი სამშენებლო კომპანია “დარიელ ენერჯის” დირექტორი. მისივე თქმით, სამშენებლო კომპანია სააქციო საზოგადოება შპს “თერს” ეკუთვნის დარიალ ჰესის 40 % წილი. ამერიკულ კომპანიას რობინს (Robbins) წილი 30 პროცენტია და სახელმწიფოს წილი 30 %.
ირაკლი მაჭარაშვილი ჰესის მშენებლობის სხვა პრობლემურ დეტალებზეც საუბრობს. მისი თქმით, ძალიან საეჭვოა მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებელი. “დარიალი ენერჯისა” და საქართველოს მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ვალდებულია გამომუშავებული ენერგია ზამთრის თვეებში (პირველი 10 წლის განმავლობაში) ქვეყნის ენერგოსისტემას 6.5 აშშ ცენტად მიაწოდოს. მაშინ, როდესაც საქართველოში არსებული ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულება საშუალოდ 0.5 – 1 აშშ ცენტს შეადგენს.
ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, აქტიურად დაიწყო ამ თემებზე მუშაობა. გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგოლაძე შეხვდა ინვესტორებს ყაზბეგის რაიონში მიმდინარე ჰესებთან დაკავშირებით. ინვესტორებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია სამ პროექტთან დაკავშირებით:
„დარიალჰესი“ – სიმძლავრე 109 მეგავატი, წლიური გამომუშავება 521 გვტ–სთ, ინვესტიციის მოცულობა 135 მლნ დოლარი. აშენებს ქართულ–ამერიკულ კომპანია „დარიალი ენერჯი“.
„ყაზბეგიჰესი“ (ხდეჰესი) – სიმძლავრე 6 მეგავატი, წლიური გამომუშავება 30 გვტ–სთ, ინვესტიციის მოცულობა 3 მლნ დოლარი. აშენებს ქართული კომპანია „ყაზბეგი“.
„ლარსიჰესი“ – სიმძლავრე 20 მეგავატი, წლიური გამომუშავება 100 გვტ–სთ, ინვესტიციის მოცულობა 20 მლნ დოლარი. აშენებს შპს „ფერი“. შეხვედრაზე მოხდა ჰესების მშენებლობის ვალდებულებებისა და გარემოს დაცვით პარამატრებს შორის პოზიციების შეჯერება.
თუმცა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში გარემოს დაცვის სამინისტრო მიმდინარე პროცესებს უნდა გამიჯვნოდა და ახალ მინისტრს კონკრეტული პოზიცია გამოეხატა: „ვფიქრობ, ახალი ხელისუფლების ქმედებები არ ემთხვევა მათ წინასაარჩევნო დაპირებებს, ვერ ვხედავთ, რომ მათთვის პრიორიტეტული იყოს გარემოს დაცვა, დარიალჰესის საქმე ამ პროცესის ერთ-ერთი ინდიკატორია.“
“მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მივმართეთ ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს, რომ მომხდარიყო ამ დამღუპველი პროექტების შეჩერება, მათ დღემდე არ მიუღიათ გადამჭრელი ზომები. აქედან გამომდინარე, მივმართავთ უშუალოდ პრემიერ-მინისტრს, პირადად დაინტერესდეს და კონტროლზე აიყვანოს ყაზბეგში ჰესების მშენებლობის საკითხი, რადგან დღემდე ვერც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და ვერც გარემოს დაცვის სამინისტრო ვერ იღებენ პრინციპულ გადაწყვეტილებას, რომ ყაზბეგის რაიონში მშენებარე და დაგეგმილი ჰესების პროექტები გარკვეული პერიოდით მაინც შეაჩერონ, სანამ კვალიფიციური შესწავლა არ მოხდება. სანამ არ გაირკვევა, რამდენად მიზანშეწონილია ეს პროექტები, რა ზიანს მიაყენებენ ისინი რაიონის ბუნებასა და მოსახლეობას. – აცხადებდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმიდის“ თანათავმჯდომარე შოთა ბუჩუკური.
დარიალის ხეობაში მშენებარე სამი ჰესიდან “ყაზბეგი ჰესზე”, რომელიც მდინარე ბროლისწყალზე უნდა აშენებულიყო, გარემოს დაცვის სამინისტრომ უარყოფითი დასკვნა დადო.
თუმცა ხეობაში გამალებით მიმდინარეობს დარიალჰესისა და ლარსის მშენებლობა. შედეგებს კი ჩვენი მომავალი თაობა მოიმკის, რადგან ჩვენ მეზობელ სახელმწიფოში – სომხეთში, რომელი მცირე გესების მშენებლობებს ინტენსიურად ახორციელებს, უკვე შეიმჩნევა ბუნებრივი კატაკლიზმები. სომხეთშიც, როგორც საქართველოში მოსახლეობა აპროტესტებს გესების მშენებლობას, თუნცა უშედეგოდ. ბაიოცზ-ზორის რაიონში, სოფელ შატინში, მდინარე ეგეგისზე უკვე აშენებულია უკვე ორი გესი, მესამეს მშენებლობა მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, მდინარეში უკვე გაქრა კალმახი.
“ხომ არ შეიძლება ყველა მდინარესა და რუზე ჰესების აშენება,” – წუხს ადგილობრივი მოსახლეობა.
მდინარე ეგეგისი არის მდინარე არპას შენაკადი, რომელზეც უკვე ფუნქციონირებს 6 გესი. დაგეგმილია და ლიცენზია გაცემულია, კიდევ 11 გესის მშენებლობაზე. რა შედეგს მოუტანს ამდენი გესის მშენებლობა კავკასიას, მომავალი გვიჩვენებს.
დროს მშენებლები დარიალიჰესზე არ კარგავენ, ახლაც გამალებულად მიდის მუშაობა. საზოგადოების შფოთვა კი არ ეყოფა უკანონო გადაწყვეტილებებსა და უკანონო მშენებლობის შეჩერებას, რომლის გამოც შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს, არა მარტო დარიალის ეკოსისტემა, არამედ იქ მცხოვრებთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მათი მომავალი…
“თერგს უერთდება მდინარეები, რომლებიც ჩამოდიან მთიდან და ჩამოაქვთ მთის ნაშალი, თერგი მტელი წლის განმავლობაში არის ბუნებრივი გამტანი ამ ყველაფრის, თუკი თერგი არ იქნება ის რაოდენობა და იქნება მხოლოდ 20 პროცენტი კალაპოტში, ვეღარ შეძლებს ამ ნაშალის წაღებას ეს გამოიწვევს ბუნებრივი კალაპოტის ამოვსებას და შემდეგ გადმოსვლას, თუკი ეს მოხდება და მილში გავა თერგი, აორთქლება აღარ მოხდება, და რამოდენიმე ხანში ეს რასაც უყურებთ აღარ იქნება, თევზიც გადაშენდება, რადგან ხელოვნურ სავალ ბილიკებზე არ ადის. ეს ტერიტორია უნდა ყოფილიყო ხელთუქმნელი და ბუნებრივი, ბევრი მდინარეა, მაგრამ მაინც და მაინც ეს აირჩიეს, რადგან ძალიან მომგებიანი ინვესტორისთვის,” – ამბობენ სტეფანწმინდელები.
“გვეუბნებიან, რომ ბიუჯეტში შემოვა თანხებიო, გვიღირს ჩვენ ბიუჯეტს მდინარის 90 პროცენტი? მოსახლეობა მოვიდა უკვე აზრზე, რომ ეს პროცესები სერიოზული ეკოლოგიური კატასტროფების წინაშე დაგვაყენებს. ნელა-ნელა დაიწყება ამ ხეობის ქვებით ამოვსება. გარდა იმისა, რომ ეკოსისტემა მოიშლება, საძოვრები განადგურდება, დაიწყება ისედაც დაწყებული მიგრაცია. ჩვენი უპირველესი მოვალეობაა შევინარჩუნოთ მოსახლეობა. მოგეხსენებათ, მესაზღვრე ჯარი კი არა მოსახლეობაა. ძირითადად ჩვენ ვართ მეცხოველეობით ვარსებობს, საზოვრების განადგურებით მოსახლეობა წავა ხეობიდან. დარიალგესის მშენებლობა უკვე შეუქცევადი პროცესია. ახალი ჰესების აშენების კატეგორტიულად წინააღმდეგი ვართ, მოსახლეობა არ მისცემს არავის ამის საშუალებას. ბროლიჰესზე დაიდო უკვე გარემოს დაცვის სამინისტროს უარყოფითი დასკვნა. თუ ჩემი წილი საქართველო დაიქცევა, ვერანაირ ჰუმანურ იდეებს ვერ ვიქადაგებ. სერიოზული მიგრაცია მიდის რაიონში, არ უყვართ მოხევეებს წასვლა, მაგრამ რა ქნან? – კითხულობს სტეფანწმინდელი პედაგოგი ნაზი ჩოფიკაშვილი, – თუ ეს კუთხე დაიცლება, ეს იქნება მთელი საქართველოს ტრაგედია.”