“ჩემი ღორები თვალებს ხუჭავენ უკვე, ატამს რომ ხედავენ, ატმის მეტს არაფერს ვაჭმევ, – ამბობს ატმის და ვაშლატამას გამყიდველები, სოფელ ჩუმლაყში ატმის ბაზრობაზე, სადაც ატმის ფასი ათიდან 20 თეთრამდე მერყეობს.
“ატმის რევოლუციას ხომ არ მოვაწყობთ?: – ხუმრობს გევრდითა დახლიდან გლეხი და ჩივილს იწყებს, რომ არ ეყიდება ატამი, – “ალბათ გავკაფავთ ატამსაც, როგორც ყურძენს. იმდენს დავიტოვებთ, რამდენიც ოჯახს სჭირდება.”
კახეთში, სოფელ ჩუმლაყში, ატმის ბაზარზე ფასები ძალიან იაფია, ვაშლატამა ათი თეთრი, ატამი კი ოცი თეთრი ღირს. თუმცა თბილისელები ბაზარში ატამს 70-დან 80 თეთრამდე ყიდულობენ, ვაშლატამას კი 50 თეთრად.
“ამდენი წვალება წყალში გვეყრება,” – ამბობენ ადგილობრივები.
“წელს ასეთი დაბალი ფასებია. ადრე ვიდრე რუსეთის ბაზარი გახსნილი იყო, ორ-სამ ლარებში იყიდებოდა კილო. ახლა უმეტესობა ლპება და ვყრით. ამ ფასადაც არავის უნდა ეს ატამი. შრომას კიდე არ ვთვლით, წამლის ფული, შეწამვლა, მოვლა,” – ჩივიან გლეხები.
დღეში ზოგი 500 კილოს კრიფავს და ზოგი 5 ტონას. ზოგს 5 ჰექტარი აქვს, ზოგს ნახევარი ჰექტარი. ატამი ძირითადად საქართველოს ბაზრებში და სომხეთსა და აზერბაიჯანში გადის.
“ეს ხომ მალფუჭებადი პროდუქტია, დიდი ბრუნვა არ აქვს. რუსეთი დიდია, კლიენტიც ბევრია. ბაზარი რომ გაიხსნას იქით, ჩვენ თავად გადავიტანთ და გავყიდით,” – ამბობენ ისინი.
“ვაშლატამას და ატამს სხვადასხვა ფასი აქვთ, საერთოდ ფასი დღეს არც ერთ არ აქვთ, ათ თეთრშიც ვყიდით ვაშლატამას, შვიდი წლის ატამი მაქვს. სულ ორი ტონა მოსავალი მაქვს. ძირითადი შემოსავალი ესაა და პენსია,” – ამბობს 72 წლის გურჯი კოჩაშვილი, რომელიც დილიდან ცდილობს ატმის ბაზარზე ხილის გაყიდვას. – ატამი თუ გაიჩეხა, ბოლო-ბოლო თივას მოვიყვანთ, თივა უფრო ძვირად იყიდება ვიდრე ატამი, თივას საქონელს მაინც აჭმევენ.”
“რაც ამაში შრომა გვაქვს ჩაყრილი.” – ჩივის ქალბატონი და ამბობს, – “ჩვენი ბაღისაა, მაგრამ ვინ აფასებს, საშულოდ 15 ტონა მაინც მოგვდის. შარშან სეტყვამ სულ გაგვინადგურა მოსავალი, ხეებიც კი დაგლიჯა შაშიანში. რა მოვიყვანოთ ხალხო? რა მოვიყვანოთ? რითი ვიარსებოთ?” – კითხულობს ცოლ-ქმარი გოგიშვილი თამრიკო და ოთარი.
“ქარხანა რომ იყოს, მივიტანდით და გადაამუშავებდნენ, ერთი იყო გურჯაანში და ისიც აღარ არსებობს. ნამდვილი წვენები რომ დაალევინონ ბავშვებს არ ურჩევნიათ?” – კითხულობენ ისინი.
ამ პრობლემის მოგვარების გამოსავალს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯონი ოსიაშვილი, ალტერნატიულ ბაზრის გახსნაში ხედავს. “ახალშენში სამაცივრო მეურნეობაც გვაქვს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, ჩვენ რაიონს სჭირდება 20-30 ტონიანი სამაცივრო მეურნეობა. ამ მხრივ მუშაობს ჩვენი მთავრობა. რა თქმა უნდა, რუსეთის ბაზრის გახსნა კაი იქნებოდა, – ამბობს იგი.
ოლიკო ცისკარიშვილი
მედიატური ტარდება პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ (R-CSN) ფარგლებში, რომელიც ,,სიდას” ფასილიტაციით ხორციელდება.