9 ივლისს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში” პროექტის „საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვა ადგილობრივი თემებისთვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის სარგებლისა და დივიდენდების დემონსტრირების მიზნით” პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიასა და მის მიმდებარე ზონაში დეგრადირებული საძოვრების რეაბილიტაცია და ძოვების მდგრადი პრაქტიკის შემოღება საქართველოში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დეგრადირებული საძოვრების რეაბილიტაციის მიზნით სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება, როგორიცაა-საძოვრების მდგრადი გამოყენების წახალისება, ადგილობრივი თემის წარმომადგენლებში ცნობიერების დონის ამაღლება და ნიადაგის გამოყენების თანამედროვე გზების მოძიება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის გზით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებისა და საქართველოში მომუშავე სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
4 წლიანი პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის ფართო სამოქმედო პლატფორმის – „კლიმატის ცვლილების მიმართ ეკოსისტემაზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვის” ნაწილს. მასში ჩართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყანა (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი) და რუსეთის ფედერაცია. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ურთიერთ თანამშრომლობით ხორციელდება.