ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან დარგად უნდა იქცეს, – სწორედ ესაა ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის უმთავრესი მიზანი, რომელიც თანამდებობაზე დაახლოებით 2 კვირის წინ დაინიშნა და საზოგადოებას დღეს დარგის განვითარების ახალ კონცეფცია გააცნო.
გიორგი სიგუა მიიჩნევს, რომ მუშაობით და შრომით ბევრის მიღწევაა შესაძლებელი და რაც მთავარია ტურიზმი უნდა გახდეს ქვეყნისთვის რეალურად პრიორიტეტი.
„ჩვენი ამოცანა, მიზანი, ამბიცია არის ტურიზმის ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან დარგად ქცევა და ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ქმედით და ძლიერ ორგანიზაციად ჩამოყალიბება.
როგორ ვაპირებთ ამის გაკეთებას? ჩვენი შრომით, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მთავრობის მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და საქმის კეთებით,
ვაპირებთ კერძო სექტორისა და საქმეში ჩახედული ადამიანების აზრის გათვალისწინებით, გავაძლიეროთ ტურიზმი საქართველოში”-
განმარტავს სიგუა.
მისივე თქმით, აქამდე სახელმწიფოს არ ქონდა არავითარი გეგმა და არავითარი სტრატეგია, თუ საითკენ უნდა წავიდეს ტურიზმის განვითარება და საერთოდ რა სურს სახელმწიფოს ტურიზმისაგან.
„არავის კრიტიკა არ მინდა, მაგრამ იცით, რომ ყველაფერი ძირითადად პიარზე და ერთი ადამიანის ნებასურვილზე იყო დაფუძნებული. ამიერიდან ეს ასე აღარ იქნება. იქნება საქმის კეთება, თანამშრომლობა კერძო სექტორთან და ყველა სუბიექტთან , თუ კონკრეტულ პირთან ვისაც შეუძლია შეიტანოს წვლილი დარგის განვითარებაში. როგორც ცნობილია, ჩვენ შევქმენით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან არსებული მრჩეველთა საბჭო, რომელშიც შედიან ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები. ჩვენ ვართ დინამიურად მოქნილი ორგანიზმი, რომელმაც უნდა იურთიერთობოს კერძო სექტორთან და ასევე უნდა მომხმარებელთან. სხვანაირად ჩვენ ვერც ხარისხს ვერ ავამაღლებთ, ვერც ტურისტულ ინფრასტრუქტურას ვერ განვავითარებთ და ვერც იმ წარმატებებს ვერ მივაღწევთ, რაც მიზნად გვაქვს დასახული”- განაცხადა გიორგი სიგუამ.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დარგის განვითარებისთვის და თავად ტურიზმის ადმინისტრაციის უფრო გამართულად მუშაობისთვის ტურიზმის ონლაინ მარკეტინგის განვითარებას გარდაუვალ აუცილებლობად ასახელებს.
როგორც სიგუა განმარტავს, ტურიზმის ადმინისტრაციის საიტს დაემატება ონლაინ მარკეტინგის ფუნქცია, უფრო კონკრეტულად კი საიტზე შესულ ვიზიტორს, რომელსაც სურს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში იმოგზაუროს, შესაძლებლობა ეძლევა მონიშნოს კონკრეტული ადგილები და რამდენ დღეს სურს იქ დასვენებს. ამის შემდეგ ამ მონიშნულ ადგილებს ის გადაიტანს სპეციალურ კალათაში. კალათაში მოთავსებულ ინფორმაციაზე, ანუ მოთხოვნაზე წვდომა ექნება ტურისტულ სააგენტოებს, რომელებიც მიღებულ ინფორმაციებს დაამუშავებენ და დასვენების მსურველს შესაბამის ტურისტულ პაკეტს შესთავაზებენ.
გიორგი სიგუა მიიჩნევს, რომ ტურიზმის განვითარებისთვის და ზოგადად ტურისტების უკეთ მომსახურებისთვის სპეციალური ცხელი ხაზიც უნდა ამოქმედდეს, რათა ტურისტს ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დროს შეეძლოს.
კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ 57 %-ია ტურისტი იმ ადამიანებისგან, რომლებმაც საქართველოს საზღვარი გადმოლახეს, – აღნიშნულის შესახებ განცხადება ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ გააკეთა, რომელმაც დღეს სასტუმრო „რადისონში” ტურიზმის განვითარების ახალი სტრატეგიისა და ტურიზმის ადმინისტრაციის სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გამართა.
როგორც გიორგი სიგუამ განაცხადა, ის ადამიანები, რომლებიც დღემდე ტურისტებად აღიქმებოდნენ, შესაძლოა ტურისტები საერთოდაც არ ყოფილიყვნენ. გიორგი სიგუას განმარტებით, საერთაშორისო დონეზე ტურისტად მიიჩნევს ყველა ის საერთაშორისო მოგზაური, რომელმაც ქვეყანაში 1 დღე-ღამე მაინც გაათენა და არა ის ვინც საქართველოს საზღვარი გადმოლახა.
„აქამდე საქართველოში მიიჩნეოდა, რომ ყველა საერთაშორისო ვიზიტორი ვინც გადმოლახა საზღვარი არის ტურისტი. ეს არის თავის მოტყუება. ყველა ადამიანი ვინც საზღვარი გადმოლახა ტურისტი არ არის. ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილია, რომ ტურისტი არის ადამიანი, რომელმაც გადმოლახა საზღვარი და ქვეყანაში თუნდაც ერთი ღამე გაათენა. კვლევები სწორედ იმისთვის ტარდება, რომ ვიცოდეთ, ვინ გადმოვიდა, რამდენი გადმოვიდა, რა მიზნით გადმოვიდა, რა მომსახურება მიიღო, რას ეძებს, მომავალში რა უნდა გავაუმჯობესოთ, რომელ მიზნობრივ ბაზრებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რათა გვქონდეს მკაფიო და ნათელი სურათი ჩვენი მომავალი მუშაობისათვის. ვერანაირ სტრატეგიას და გეგმავს ვერ დადებ ისე, თუ არ შეისწავლე და კარგად არ გამოიკვლიე, რა მოცემულობაში ვართ, ვინ მოდის. ტურისტი არ არის ის ვინ მხოლოდ საზღვარი გადმოკვეთა, ტურისტი არის მცხეთელი, რომელიც სამოგზაუროდ წავა რაჭაში ან რსხვა მხარეში და ასე შემდეგ. ასე რომ სამომავლოდ დიდი ყურადღება დაეთმობა როგორც გარე ასე შიდა ბაზრებს და შიდა ტურიზმის განვითარებას”- განაცხადა სიგუამ
საერთაშორისო ტურიზმის კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების 38 %-ი საქართველოში შვებულება, დასვენება, რეკრეაციისათვის ჩამოდის. 19 %-ი კი ტრანზიტია, ხოლო 9 % კი საქართველოს შოპინგისთვის სტუმრობს. კვლევის მიხედვით, საქართველოში შემოსული ვიზიტორების 5 %-ი ქვეყანას ბიზნესის, ან პროფესიული მიზნებით სტუმრობს, ხოლო 3 %-ი განათლების მიღებისთვის. საქართველოში შემოსული ვიზიტორების 2 % ქვეყანაში სამკურნალოდ ჩამოდის, ხოლო დარჩენილი 4 %-ი კი საქართველოს სხვადასხვა მიზნებით სტუმრობს.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტორებისათვის საქართველოში ყველაზე პოპულარულ ადგილები თბილისი (44 %) და ბათუმია (43%). შემდეგ მოდის ყაზბეგი – 6 %-ით, მარნეული – 5 %-ით, რუსთავი – 5 %-ით, მცხეთა – 4 %-ით, ქუთაისი – 3 %-ით, ლაგოდეხი 2 %-ით, ქობულეთი – 2 %-ით.