მაჭახელას ხეობის მოსახლეობა კირნათი-ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ოთხი სოფლის – კირნათის, მარადიდის, მირვეთის და აჭარისწყლის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია თუ რომელი ტერიტორია დაიტბორება წყლით. მოსახლეობის თქმით, მათ არ უნახავთ პროექტის მშენებლობის ნებართვა და არ აქვთ გეოლოგიური დასკვნა იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს ჰესის მშენებლობა გარემოზე. ასევე, როგორც ადგილობრივმა რამაზ თავდგირიძემ აღნიშნა, მისი წინაპრების საფლავები დატბორვის ზონაშია. რამაზ ჯინჭარაძის თქმით, კომპანია შპს “აჭარ-ენერჯი 2007”-ის წარმომადგენლებმა კომპენსაცია და საფლავების გადატანა შესთავაზეს, თუმცა ის წინაპართა საფლავების გადატანას არ აპირებს. სოფელ მარადიდში მცხოვრები რუბენ ლომაძე აღნიშნავს, რომ ჰესის მშენებლობის გამო მიწის დაკანონების პროცესი შეჩერებულია, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი კომპენსაციას ვერ მიიღებს.
“დიდი ხანია თურქული კომპანია მდინარე ჭოროხზე ჰესს აშენებს. არ გვაქვს ინფორმაცია, რომელი სახლი, რომელი ადმინისტრაციული შენობა უნდა დაიტბოროს. რა ბედი ელის მარადიდის სკოლას, სამედიცინო პუნქტს. არ არის იმ ოჯახების სია, რომლებსაც საფრთხე ემუქრება და სხვა ტერიტორიაზეა გადასაყვანია. ასევე, კომპენსაცია არ არის განსაზღვრული და მიწის დაკანონების საკითხი შეჩერებულია”, – აღნიშნა რუბენ ლომაძემ.
შპს “აჭარ-ენერჯი 2007”-ის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრასა და ჟურნალისტებთან კომენტარზე უარს აცხადებენ.
საპროტესტო აქციაზე მოსახლეობას ხელვაჩაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ თურმანიძე შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსახლეობას ინფორმაციას იმის შესახებ თუ რომელი ტერიტორია დაიტბორება, ახლო ხანში მიაწვდის.