ახმეტის მუნიციპალიტეტში ათეულობით ძეგლია, რომლითაც შეიძლება უამრავი ტურისტი დაინტერესდეს. მათ შორის უმრავლესობა აღდგენას, მოვლასა და პატრონობას საჭიროებს. რეგიონს სერიოზულად სჭირდება ამ დარგის განვითარება, და მასში უეჭველად უნდა ჩაერთოს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ხელისუფლება და კერძო სტრუქტურებიც. გარდა მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების მოვლა-პატრონობისა, აუცილებელია ეკოპროექტების დაპროექტება, მოგზაურობისას ტურისტთა უსაფრთხოების დაცვა და ტურისტული მენეჯმენტის განვითარებაზე ზრუნვა.
ახმეტის მუნიციპალიტეტს აქვს ყველა შესაძლებლობა და რესურსი, რომ ეკოტურიზმის მოყვარულებდ ყველა პირობა შესთავაზოს და კულტურული ძეგლების ნახვითაც მოხიბლოს ვიზიტორი, ამისთვის კი სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი.
ამჟამად, მკითხველის ყურადღებას ყველა ძეგლზე არ შევაჩერებთ, მხოლოდ ბახტრიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გვიანი შუასაუკუნეების ნათლისმცემლის ეკლესიის ფოტოებს შემოგთავაზებთ, რომელიც რიყის ქვითაა ნაგები. მის მახლობლად კი პაწაწინა ეკლესიაა, რომლის მიდამოებში უძველესი საძვალეებია. (სამწუხაროდ, ამ ეკლესიის ვერც სახელი და ვერც აგების თარიღი ვერ დავადგინეთ). ამ საოცარი ეკლესიის წინაც, როგორც ყველა წმინდა სალოცავის წინ აკაკის ხე შრიალებს (ადგილობრივების თქმით, ყველა სალოცავის წინ წმინდა ხე – აკაკის ხე ყვავის). აქაც, როგორც ყველა სალოცავში ადგილობრივები ცხვარს წირავენ. მოიყვანენ შესაწირს, ნიშან დადებულ ცხვარს, დაკლავენ და ნიშანს, იქვე ეკლესიის წინ ამოსულ ხეზე დატოვებენ, როგორც დასტური შესაწირისა.
აღსანიშნავია, ის, რომ ეკოტურების მიზანია ველურ ბუნებასთან ურთიერთობა, რომ ეკოტურიზმს მინიმუმამდე დაჰყავს გარემოზე ეკოლოგიური და კულტურულ-სოციალურიი ხასიათის უარყოფითი ზეგავლენის შედეგები, ხელს უწყობს დაცული ტერიტორიებისა და რეგიონების მოსახლეობის ეკონომიკური შემოსავლების ზრდას. ახმეტის მუნიციპალიტეტს პოტენციალი ნამდვილად აქვს და მისი სწორი გამოყენება ტურიზმის განვითარებას უდაოდ წაადგება.