საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ხვალ, “მწვანე თვის” კამპანიის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლები ბუნების ისტორიის კოლექციების განახლებულ ექსპოზიციას დაათვალიერებენ.
ეროვნულ მუზეუმს ეწვევიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, რომლებსაც ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე უმასპინძლებს.ბუნების ისტორიის განახლებული ექსპოზიცია კავკასიის ფლორასა და ფაუნას წარმოაჩენს. გამოირჩევა როგორც ისტორიული, ისე მეცნიერული ღირებულებით და მსოფლიოს მასშტაბით დღესაც სპეციალისტთა მაღალ შეფასებას იმსახურებს.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება National Geographic”-ის მიერ XIX-XX საუკუნეებში გადაღებული ფლორის, ფაუნისა და გეოლოგიის ამსახველი ფოტო, ვიდეო-მასალა და გამოქვეყნებული სტატიები, რომლებიც “National Geographic-იც საქართველოსთან” ერთად ითარგმნა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბუნების ისტორიის კოლექციების გამოფენისთვის ადაპტირდა.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართება საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია, რომლის მიზნია, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, სამუზეუმო განათლების მეშვეობით სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საბუნებისმეტყველო დისციპლინის პოპულარიზაცია და სამეცნიერო კვლევების მიმართ ინტერესის გაღვივება.