ღვთაების ეკლესია დგას სოფელ ზემო ალვნის ჩრდილოეთით 2,5 კილომეტრზე, ულამაზეს ტყეში. ეკლესიამდე, რომელიც გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება, გზად ღვთისმშობლის სახელობის წყაროცაა.
შორიდანვე ჩანს უგალავნო, უზარმაზარი ჭიშკარი, რომლის მიღმაც ღვთაების უმშვენიერესი ეკლესია დგას, სადაც ამჟამად მიტოვებულ ეკლესიას ღამურები დაპატრონებიან. ადგილობრივების თქმით, ეს შელახული ეკლესია ადრე დანგრევის პირას იყო მისული და რამდენიმე ხნის წინ, ემიგრანტებმა საბერძნეთიდან თანხა შეაკოწიწეს და ეკლესიაც დანგრევას გადაარჩინეს, შეაკეთეს და გადახურეს. თუმცა ისევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, რომ ღვთაების ეკლესიამ პირვანდელი სახე დაიბრუნოს და ღამურები სათარეშოდ არ დარჩეს.
ეკლესია დარბაზულია (5,8 X 3,4 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. შიგნით კედლები მობათქაშებულია. მოგვიანებით განახლებული ნაწილები (კონქისა და სატრიუმფო თაღის ნაწილები, ლავგარდანი) აგურითაა ნაწყობი. ძეგლი დაზიანებულია. შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია. აბსიდი თავისებურადაა გადაწყვეტილი, სიმაღლეში იგი გაყოფილია ორ ნაწილად; ქვედა ნახევარში აბსიდი გეგმით ნახევარწრიული ფორმისაა, ხოლო ზედაში ბოლოები დაგრძელებული აქვს. დარბაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. შიგნით ორივე სარკმელი გადაბმულია მათ ქვემოთ მდებარე გეგმით სწორკუთხა ნიშებთან. შიგნით ეკლესიას ცილინდრული ფორმის კამარა ხურავს.
ეკლესიასთან ახლოს დევს ქვიშაქვის სწორკუთხა ქვის ნაწილი, რომელზეც გაირჩევა ექვსსტრიქონიანი მხედრული წარწერის ცალკეული ასოები.