გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გმობს ყველა ისეთ ქმედებას, რომლის შედეგად გარემოს ადგება ზიანი იმის მიუხედავად, იქნება ტერიტორია ბუნების ძეგლი თუ არა, ხორციელდება საქმიანობა დაცულ ტერიტორიაზე თუ მის ფარგლებს გარეთ.კობი-გუდაურის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაზიანებული ტრავენტინების შესახებ სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავდა არა სამინისტროსათვის პასუხისმგებლობის მოხსნას, არამედ საზოგადოებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას.
სამინისტრო აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ საკითხზე და უახლოეს მომავალში საზოგადოებას გავაცნობთ განხორციელებული ინსპექტირების შედეგებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ გუდაური-კობის გზაზე მდებარე ტრავენტინს დაცული ტერიტორიების სტატუსი არ აქვს მინიჭებული. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გუდაური-კობის გზაზე მდებარე ტრავენტინს ბუნების ძეგლის სტატუსი არ გააჩნია.
“გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე საგზაო სამუშაოების დროს ტრავენტინის დაზიანებასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს ბუნების ძეგლს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო გაცნობებთ, რომ “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, გუდაური-კობის გზაზე მდებარე ტრავენტინს დაცული ტერიტორიების სტატუსი (ბუნების ძეგლი) არ აქვს მინიჭებული.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია არც საქართველოს სსრ წითელი წიგნით იყო დაცული”, – აღნიშნულია განცხადებაში.