საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი ქუთაისში KFW-ს წარმომადგენლებს შეხვდებიან.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე, ასევე მიწვეულნი არიან იმერეთის მხარეში არსებული მუნიციპალიტეტებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრი და მიწვეული სტუმრები მიიღებენ სრულ ინფორმაციას ქუთაისში დაგეგმილი ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის შესახებ. მყარი ნარჩენების კომპანია, ასევე, წარადგენს საკუთარ გეგმას, თუ როგორ აპირებს ქუთაისში არსებული ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებას ახალი, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობის დასრულებამდე.
გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, KFW და მყარი ნარჩენების კომპანია ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტს ახორციელებენ. სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პროექტის განხორციელება საბოლოოდ გადაჭრის ქუთაისის ნაგავსაყრელის მრავალწლიან პრობლემას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ძველი – ე.წ. ნიკეას ნაგავსაყრელის კონსერვაცია და მის ნაცვლად ახალი, თანამედროვე სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა. პროექტით, ასევე, მოხდება ქვეყნის მასშტაბით საჭირო ნაგავსაყრელებისა და გადამტვირთი სადგურების რაოდენობის განსაზღვრა.
შეხვედრა დღეს, 15:00 საათზე, ქუთაისის მერიის დარბაზში გაიმართება.
ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტზე იმსჯელებენ
28
მაისი