კატასტროფების რისკის შემცირების სამუშაოებში ჩართულ სამთავრობო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
დოკუმენტს ხელს მოაწერენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი; “გადავარჩინოთ ბავშვები”-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ნათია დეისაძე და “არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი”-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ბერნდ ილგი. მემორანდუმი ნათლად განსაზღვრავს თითოეული მხარის ფუნქციებსა და ვალდებულებებს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის სკოლამდელი განათლების სფეროში “კატასტროფების რისკის შემცირების” დანერგვის მხარდასაჭერად. ასევე, ასახავს თანამშრომლობას პოლიტიკის შემუშავებისა და კოორდინაციის საკითხებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბავშვო ბაღების თანამშრომლების შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებას, ცოდნის მართვასა და კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებას.
ურთიერთგაგების მემორანდუმი, განსაზღვრავს მხარეებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებს “კატასტროფების რისკის შემცირება (DDR) საქართველოს საბავშვო ბაღებსა და ინსტიტუციებში” პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “გადავარჩინოთ ბავშვები” “არბაითერ-სამარიტერ-ბუნდთან” (SemdgomSo “ASB”) თანამშრომლობით. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის კატასტროფებისადმი მზადყოფნის ოფისის (ECHO) მიერ “კატასტროფის რისკის შემცირება სამხრეთ კავკასიის დაუცველ თემებსა და ინსტიტუციებში” პროგრამის (DIPECHO II ფაზა) ფარგლებში.
მემორანდუმის გაფორმების ღონისძიების ფარგლებში საგანმანათლებლო ანიმაციური ფილმის პრეზენტაციაც გაიმართება.
კატასტროფების რისკის შემცირების საკითხზე მემორანდუმი გაფორმდება
28
მაისი