საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI-ს) ორგანიზებით საქართველოს უკრაინელ წამყვან ჟურნალისტთა ოცკაციანი ჯგუფი ეწვია. ჟურნალისტებს შორის არიან 1+1-ს, НТН-ის, ТРК Украина-ს, Сегодня-ს, Корреспондент-ის და სხვა პოპულარული ტელევიზიებისა და გამოცემების წარმომადგენლები. ჯგუფი მოწვეულია ღვინის ტურიზმის უკეთ გასაცნობად, ისინი მოინახულებენ „შატო მუხრანსა“ და კახეთის ყველა ძირითად ტურისტულ ადგილებს, მათ შორის „შატო მერეს“, ღვინის სასტუმრო და სპას „ყვარლის ედემი“, „ალავერდის მონასტრის ღვინის მარანს“ და სხვა. ჟურნალისტთა ჯგუფი მოკლემეტრაჟიანი ფილმების, სიუჟეტების, სტატიებისა და ბლოგების მეშვეობით გააშუქებს იმ შესაძლებლობებს, რაც ღვინით დაინტერესებული ტურისტებისათვის საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებობს.ჟურნალისტები საქართველოში სამ დღეს დაჰყოფენ. დღეს, „შატო მუხრანში“ გაიმართა ღვინის ტურიზმის სამუშაო შეხვედრა, სადაც ადგილობრივ ჟურნალისტებს მიეცათ უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრისა და იდეების გაცვლის შესაძლებლობა.
ჟურნალისტების ვიზიტის საბოლოო ამოცანას უკრაინის ბაზარზე საქართველოს ღვინის ტურიზმის შესახებ ცნობადობისა და ტურისტების რაოდენობის გაზრდა წარმოადგენს.