მთავრობის სხდომაზე “ხუდონჰესთან” დაკავშირებით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა მოხდა, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ განუცხადა.
საუბარია საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტზე, საქართველოს მთავრობას, შპს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს, შპს ენერგოტრანსს, “ტრანსელექტრიკა ლიმიტედსა” და “ტრანსელექტრიკა ჯორჯია ლტდ”-ს შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე. “დღეს, მოხდა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა. ეს ეხებოდა გარკვეულწილად ტარიფს, მინდა გითხრათ, რომ ქვეყნისათვის უფრო მომგებიან პოზიციაში ჩაყენებას, თუმცა საერთოდ მემორანდუმის და ასეთი ხელშეკრულებების ნაკლი, ჩემი აზრით, ის გახლავთ, რომ ქვეყანას გარკვეულ ვალდებულებებს ანიჭებს. რაღაც ჩარჩოებში აქცევს იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება ამ პროექტის განხორციელება”, – განაცხადა ხათუნა გოგალაძემ.
მისივე თქმით, გაცილებით უკეთესი იქნებოდა მსგავს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ჯერ ხდებოდეს შესწავლა, გაანალიზება ყველაფრის და ამის შემდეგ ხდებოდეს ხელშეკრულების ან მემორანდუმის დადება.
“ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ უნდა იყოს ყველანაირი შესწავლა გაკეთებული, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნას მიღებული”, – განაცხადა გოგალაძემ.
რაც შეეხება კითხვას, რა დამოკიდებულ;ება აქვს ხელისუფლებას ხაიშის მოსახლეობის პროტესტისადმი, მინისტრმა აღნიშნა, რომ მისთვისაც და მთავრობის ნებისმიერი წევრისათვის მოსახლოების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.
“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, მთავრობის ნებისმიერი წევრისათვის, მოსახლეობის აზრი, განსაკუთრებით, ხაიშის მოსახლეობისათვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალებულ ჯგუფს შეიძლება მიეკუთვნოს პროექტის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში”, – დასძინა მინისტრმა.
“ხუდონჰესთან” დაკავშირებით ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა
17
მაისი