RSS

ერთ წელიწადში საქართველოში შესაძლოა, ქარის პირველი ელექტროსადგური ამოქმედდეს

06 მაისი

qaris 2საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” გორის ტერიტორიაზე საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობისათვის საჭირო წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას უკვე ახორციელებს, რომლის დასრულების შემდეგ ტურბინებისთვის განკუთვნილი სამშენებლო მოედნების ზუსტი მდებარეობა დადგინდება. როგორც “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში” აცხადებენ, სადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე და მთლიანი ინვესტიციის მოცულობა სწორედ წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განისაზღვრება. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში პირველი ქარის სადგურის სიმძლავრე 20 მეგავატამდე იქნება, დადგმული სიმძლავრე – 1 მეგავატი, ხოლო თითო მეგავატზე გასაწევი ხარჯები 1,1-1,3 მილიონ ევრომდე იქნება, ანუ ჯამში, სადგური მთლიანად 22-26 მილიონამდე ევრო დაჯდება.

“სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა 2014 წლის ივნისისთვის არის შესაძლებელი, ხოლო რაც შეეხება სამშენებლო პერიოდს, ჰიდრო ელექტროსადგურის მშენებლობის პერიოდთან შედარებით ქარის ელექტროსადგურებისათვის ის გაცილებით მცირეა და 6 თვეს არ აღემატება”, – განმარტეს ფონდში და დასძინეს, რომ ქარის სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, ჩვეულებრივ მიეწოდება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, საიდანაც მოხდება მისი გადანაწილება.

ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა და შესაბამისად, ქარის მიერ გამომუშავებული ენერგიაც, ჰესების მიერ წარმოებულ ენერგიასთან შედარებით ძვირი ჯდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია საკითხი, თუ რამდენად მიზანშეწონილია ქარის ელეტროსადგურის მშენებლობა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

“ყველაფერი დამოკიდებულია სადგურის ასაშენებლად განსაზღვრულ ადგილას არსებულ ბუნებრივ პირობებზე; ხოლო რაც შეეხება ქარის ენერგიის სიძვირეს ჰიდროელექტროსადგურებით მიღებულ ენერგიასთან შედარებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სამაგიეროდ, ის იმპორტირებულ ენერგიასა და ნებისმიერი თბოელექტროსადგურის საშუალებით მიღებულ ენერგიაზე გაცილებით იაფი იქნება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც ქვეყანაში არსებული ჰიდრორესურსებით მიღებული ენერგია საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს”, – განმარტავენ “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში”.

ქარის ენერგიის პოტენციალი საქართველოში

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია, რომლის საშუალო წლიური რაოდენობა 4 მილიარდ კილოვატ საათამდე არის შეფასებული. ქარის ენერგეტიკული პოტენციალის მიხედვით, საქართველოს ტერიტორია დაყოფილია მაღალ, საშუალო და დაბალ სიჩქარიან ზონებად, სადაც ქარის სიჩქარე წელიწადში 2,5 მ/წმ-დან 9,0 მ/წმ-მდე მერყეობს, სამუშაო დროის ხანგრძლივობა კი, წელიწადში 4000-5000 საათს შეადგენს.
ამასთან, საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლენილია ქარის ეფექტური ელექტროსადგურების პერსპექტიული მშენებლობის რამდენიმე მოედანი, მათ შორისაა ფოთი, ჭოროხი, ქუთაისი, სამგორი, რუსთავი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სხვადასხვა ტიპის განახლებადი ენერგიის საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, უფრო მეტად ათვისებული მხოლოდ ჰიდროენერგეტიკული პოტენციალია. ქვეყნის ენერგომოხმარების 85%-ს სწორედ ჰიდროელექტროენერგია აკმაყოფილებს.

ჯერ კიდევ 2007 წელს საქართველოს მთავრობასა და ქართულ-ამერიკული კომპანია “ქარიდანს” შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი 24 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა განთავსებულიყო, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინვესტორსა და სამინისტროს შორის მოლაპარაკებები არ შედგა და შესაბამისად, პროექტი ვერ განხორციელდა.

ძვირადღირებული პროექტი, რომელიც სუბსიდირებას საჭიროებს

ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე მიიჩნევს, რომ ქარის ენერგია ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ იმ ფონზე, როცა იმპორტირებული ენერგია ძალიან ძვირდება, ქარის საპილოტე სადგურის აშენება ცუდი იდეა არ არის.

“ქარის სადგურების მშენებლობა მარტივი არ არის. ის უფრო ძვირია, ვიდრე – ჰიდრო. ამასთან, ქარი არასტაბილური ენერგიის წყაროა, ვინაიდან ის ხან ქრის და ხან – არა, ზოგჯერ მეტად ქრის, ზოგჯერ – ნაკლებად და სათადარიგო მაშველი ენერგია ყოველთვის უნდა გქონდეს, რათა მოსახლეობა არ დაზარალდეს. Aამდენად ქარის ენერგია მოითხოვს სერიოზულ გვერდით ინვესტირებას იმისთვის, რომ მუდმივად მზადყოფნაში გქონდეს ან წყლის ენერგია, ან – გაზის, რათა როგორც კი ინტენსივობა იკლებს, სხვა ენერგია ჩართო. დღესდღეობით, ჩვენთვის სასურველია ისეთი ენერგია, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა აიტანს. ის ტარიფები, რაც დღესაა, ჩვენი საზოგადოების მხრიდან მეტნაკლებად გადახდადია, უფრო მაღალს მომხმარებელი ვერ გადაიხდის, სახელმწიფო კი სუბსიდირებას ვერ მოახერხებს, ვინაიდან ამდენი სარეზერვო ფული არ აქვს. Aმაგალითად, აზერბაიჯანს 33 მლრდ დოლარი აქვს დარეზერვებული. ჩვენ კი ვართ სახელმწიფო, რომელიც ცხოვრობს საკუთარი მოსახლეობის მიერ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადების ხარჯზე, სხვა მსხვილი შემოსავლები ქვეყანას არ გააჩნია. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, შეუძლია თუ არა მომხმარებელს დამატებითი ტვირთის აღება”, – განაცხადა ჯერვალიძემ და დასძინა, რომ თუ ინვესტორების მხრიდან ამ კუთხით დაინტერესება დღესდღეობით დიდი არ არის, ეს სწორედ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით აიხსნება.

“ინვესტორს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ენერგიაში, რომელიც გაცილებით ძვირი იქნება, ვიდრე ჰიდრორესურსებით წარმოებული ელექტრონერგია, სახელმწიფო სუბსიდირებას განახორციელებს. განახლებადი ენერგიის წყაროები ყველაზე მეტად ევროპაშია განვითარებული, მაგრამ იქაც, ქარის სადგურები სახელმწიფოს მიერაა სუბსიდირებული”, – აღნიშნა ჯერვალიძემ.

ქარის საპილოტე ელექტროსადგურის მშენებლობის იდეას პოზიტიურად აფასებს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი განახლებადი ენერგიების დარგში თენგიზ გრძელიძე და ამბობს, რომ ასეთი სადგურის მშენებლობა ქვეყანას განახლებადი ენერგიის მიმართულებით გამოცდილებას მისცემს.

“ევროპა უკვე დიდი ხანია იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს. მაგალითად, გერმანიამ მათ ხარჯზე უკვე მოახერხა 8 ატომური ელექტროსადგურის გაჩერება; ჩვენ კი ამ მხრივ, სამწუხაროდ, უფსკრულში ვართ. საქართველოს ქარის ატლასის მიხედვით, ჩვენ უმტკივნეულოდ შეგვიძლია, რომ ჯამში, სულ მცირე 300 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე ქარის სადგურები ავამოქმედოთ”, – აღნიშნა გრძელიძემ.

ალტერნატიული ენერგიის წყაროების ეფექტურად გამოყენებას პრიორიტეტულად მიიჩნევენ ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროშიც, მაგრამ აცხადებენ, რომ მისი წილი ქვეყნის დადგმული სიმძლავრის მოცულობაში 10-15%-ს არ უნდა აღემატებოდეს, რადგან მშენებლობაც ძვირი ჯდება და შესაბამისად, გამომუშავებული ენერგიაც ძვირი ეღირება.

“ამჟამად სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების ხაჯზე, ქარის ენერგეტიკას დიდი პერსპექტივა გააჩნია, რამაც შესაძლოა, ის ჰიდროენერგეტიკასთან შედარებით კონკურენტუნარიანი გახადოს, თუმცა საქართველოში არსებული ჰიდრორესურსების პოტენციალი იმდენად მნიშვნელოვანია (45-50 მლრდ.კვტ.სთ) და დღეის მდგომარეობით, იაფიც, რომ ამ ეტაპზე ჰიდროენერგეტიკას კონკურენციას ვერ უწევს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყნის პრიორიტეტია ალტერნატიული ენერგიის წყაროების მაქსიმალურად და ეფექტურად გამოყენება, რათა მოხდეს იმპორტირებული, ძვირადღირებული ენერგიისა და ენერგომატარებლებზე დამოკიდებულ თბოელექტროსადგურებში წარმოებული ელ. ენერგიის წილის შემცირება ქვეყნის ენერგეტიკულ ბალანსში, ასევე საექსპორტო რესურსის გაზრდაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში შესაძლებელია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა, მაგრამ მისი წილი ქვეყნის დადგმული სიმძლავრის მოცულობაში 10-15%-ს არ უნდა აღემატებოდეს”, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა.

http://www.ipn.ge

Advertisements
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s