სოფელი ზემო ალვანი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. ახმეტიდან 8 კილომეტრში. ალვანი (ალონი) სოფლების ზემო და ქვემო ალვანის ძველი სახელწოდებაა. მოსახლეობა აქ ადრევე დასახლებულა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ალვანი სანადირო ადგილებით ყოფილა განთქმული. XVI საუკუნეში კახეთის მეფეს – ლევანს (1520-1574 წწ.) – იგი თუშებისათვის უწყალობებია. 1757 წელს თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის წყალობის სიგელის მიხედვით, თუშები აქ მხოლოდ საძოვრებს იყენებდნენ. XIX საუკუნეში კი მუდმივად დამკვიდრებულან.
ალვანში ტურისტებისთვის მართლაც, რომ საინტერესო ადგილებია, თუმცა კი მოვლასა და პატრონობას საჭიროებს. მათი აღდგენა-რეაბილიტაცია, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვისაც საინტერესო იქნება.
ამ ისტორიულ ძეგლებზე ადგილობრივებში ბევრი ლეგენდა დადის. სოფლის მარჯვნივ შეფენილ გორაკზე, შორიდანვე შეამჩნევთ ძველი შენობის ნანგრევებს, ცხრაკარი ასე ეძახიან ამ შენობას, ოდნავ მოშორებით კი, ნათლისმცემლის ეკლესიაა, მის მახლობლად კი თუშებს ნიში დაუდგავთ, რომელიც თუშეთში მდგარ სალოცავის პროტოტიპია. როგორც თუშეთში, არც აქ, ამ ნიშის ტერიტორიაზე შეიძლება ქალის შესვლა.
ცხრაკარის სასახლის დანგრეული ნაგებობის შიგნით კი უშველებელ ხეს ნაჭრები ამშვენებს, გამოუცდელ მგზავრს ეს ხე უეჭველი ნატვრის ხე ეგონება. ტრადიციულად, ცხვრის მსხვერპლშეწირვის დროს, მომლოცველს ფერადნაჭერშებმული ცხვარი აჰყავს ცხრაკარზე. მსხვერპლშეწირვის რიტუალი იმით მთავრდება, რომ თავმოჭრილ ცხვარს ამ ნაჭერს ხსნიან და ამ ხეზე კიდებენ ნიშნად.
ნათლისმცემლის ეკლესია თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. შეუკეთებიათ და მოუხატავთ XVI საუკუნის პირველ ნახევარში. 1976 წელს ძეგლზე ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები. გაიწმინდა და გამაგრდა შემორჩენილი მხატვრობა.
ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. კონსტრუქციულად საპასუხისმგებლო ნაწილები (ბურჯები, თაღები) – მოზრდილი ზომის აგურით. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა. იატაკზე მოგებულია კვადრატული აგური.
ეკლესიის საკურთხეველი, შუა ნავის კედლები და კანკელი მოხატულია. მხატვრობა შესრულებულია ლევან მეფის შეკვეთით 1529-1531 წლებში. ეკლესიის სამხრეთით l5-20 მეტრზე შემორჩენილია გეგმით სწორკუთხა ერთსართულიანი შენობის დასავლეთ კედელი, დასავლეთით – მარნის კედლის მცირე ნაწილი და რამდენიმე ქვევრი. ნატეხი ქვით ნაგები წრიული მოხაზულობის გალავნისგან, რომელიც შემოვლებული ჰქონდა ეზოს შემორჩენილია მცირე ნაწილები.