RSS

ახალ მთავრობას სურს ტურიზმი ეკონომიკის მყარ სექტორად აქციოს

28 Apr

yvarlis tba 021ახალ მთარობას სურს ტურიზმი რაც შეიძლება სწრაფად  აქციოს ეკონომიკის ერთ-ერთ მყარ სექტორად, აღნიშნულის შესახებ  “ამერიკის ხმასთან” საუბრისას “ეს დაბლიუ ასოშიეტსის” პრეზიდენტმა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პროფესორმა  სკოტ ვეინსმა განაცხადა. მისი თქმით, დაახლეობით ხუთი წლის წინ მისმა კომპანიამ ამერიკა-საქართველო ბიზნეს საბჭოსთან პარტნიორობით  საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება დაიწყო. ამ სტრაგეტიის ნაწილი განხორციელდა, თუმცა ომის შედეგად ბევრი რამ შეწყდა. 

“მას შემდეგ – ცხადია – რომ საქართველო წარმატებულ გზას ადგას ტურისტების მოზიდვაში. მონაცემები ყოველწლიურად იზრდება არა მხოლოდ ტურისტების რაოდენობის მიხედვით, არამედ მათ მიერ დახარჯული საშუალო თანხის მიხედვითაც. ახლა უკვე კრიტიკულ ზღვარს ვუახლოვდებით.  არ დაგავიწყდეთ, რომ ტურიზმი უკიდურესად კონკურენტული სფეროა და საქართველომ ისეთი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რომ კონკურენცია გაითვალისწინოს.  რამდენადაც მე ვიცი, ახალი მთარობა ზოგიერთი სტრატეგიის განახლებას აპირებს და სურს ტურიზმი რაც შეიძლება სწრაფად  აქციოს ეკონომიკის ერთ-ერთ მყარ სექტორად”- აცხადებს სკოტ ვეინსი.

სკოტ ვეინსი საქართველოს გარკვეულ რეკომენდაციასაც აძლევს და აცხადებს, რომ თუ არ იქნება სათანადო ბაზარი, ძალიან რთულია ინდუსტრიის წარმატებული საქმიანობა.

“მე ამას ემ ენდ ემ-ის სტრატეგიას ვუწოდებ. ემ ენ ემის შოკლოლადი ყველამ იცის რა არის, მაგრამ მე შოკოლადზე ცხადია არ ვსაუბრობ. აქ ფულსა და ბაზრებზეა საუბარი – მანი ენდ მარკეტ. ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.  საიდან დაფინანსდება ტურიზმის განვითარება? და არის თუ არა ტურიზმზე საბაზრო მოთხოვნილება. მაგალითად, თუ არ არის სათანადო ბაზარი, ძალიან რთულია ინდუსტრიის წარმატებული საქმიანობა.  ამასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას  უნდა სურდეს ის, რომ მათი ტერიტორია ტურისტული ღირშესანიშნაობა გახდეს”- აცხადებს ექსპერტი.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პროფესორი აცხადებს, რომ საქართველოს არაჩვეულებრივი რესურსი აქვს ტურიზმისთვის.

“საქართველო ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვეყანაა  4-5 ჯერ ვარ იქ ნამყოფი.  საქართველო გამაოგნებლად ლამაზია, მას ძალიან მდიდარი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა აქვს. ტურიზმი ამ მემკვიდრეობის შენახვას და გაფრთხილებას და მისი მეშვეობით შემოსავლისა და დასაქმების შექმნას  ნიშნავს. თუ ტურიზმი სათანადოდ იმართება, ის შეიძლება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი და მდგრადი განვითარების წყარო გახდეს.  საქართველოში მონაცემები უკვე თვალნათლივ მეტყველებს იმაზე, რომ ტურიზმი განსაკუთრებული დატვირთვის მქონე ინდუსტრია იქნება.

იწყება საქართველოს აღმოჩენა და ადამიანები ნელ-ნელა აცნობიერებენ რამდენად უნიკალური ქვეყანაა ის. მაგრამ ერთი რამ გასათვალისწინებელია, რომ ტურიზმი შეიძლება საკუთარი წარმატბის მსხვერპლი გახდეს. ეს მაშინ ხდება, როცა აქტივების მართვა არასწორად წარმოებს.  საქართველო კარგი მართვის გზას ადგას”- განმარტავს პროფესორი. მისივე ინფორმაციით,

ამჟამად, საქართველოში ტურისტების 70 პროცენტი რეგიონიდან ჩადის. განსაკუთრებით კი ზაფხულის თვეებში მნიშვნელოვნად მატულობს ტურისტების რაოდენობა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.  დანარჩენი 30 პროცენტი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის – დასავლეთ ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან ავსტრალიიდან.  რაც შეეხება მათ მიერ დახარჯულ თანხას, ის დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად დიდია იმ ქვეყნის ეკონომიკა, რომლიდანაც ტურისტი მოდის.  ამ კრიტერიუმზე დაყრდნობით, ეს თანხა 500 დან 2000 დოლარამდე მერყეობს.

“საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ტურიზმის განვითარება ახლა იწყება. ასეთ ქვეყნებში ყველაზე დიდი გამოწვევა ინფრასტრუქტურის განვითარებაა.  ინფრასტრუქტურა კი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს  ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის.  ინფრასტრუქტურის ქონა აუცილებელია იმისთვის, რომ ამუშაო სასტუმრო, გქონდეს მოქნილი სატრანსპორტო სისტემა, შეძლო ტურისტების სათანადო საკვებით სათანადოდ უზრუნველყოფა, გქონდეს კარგად გამართული და სასიამოვნო სავაჭრო ადგილები. ანუ ყველაფერი ის, რაც ტურისტს სჭირდება დასასვენებლად”- აცხადებს “ამერიკის ხმასთან” საუბრისას სკოტ ვეინსი.

სკოტ ვეინსი ამბობს, რომ მსოფლიოში უამრავი მაგალითია იმისა, თუ როგორ აფუჭებენ ქვეყნები სანაპირო ზოლს იმით, რომ ძალინ ბევრი სასტუმროს აშენების ნებართვებს იძლევიან.  ან შეიძლება არასწორად იქნას დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურა.

“მაგალითად, თუ საკურორტო ზონაში სასტუმროები ხალხით ივსება, იქ გზებზეც ბევრი მანქანა იქნება, რისთვისაც ინფრასტრუქტურა მომზადებული უნდა იყოს. ასევე აუცილებელია სათანადო ელექტრიფიკაცია და ენერგიის მოხმარების გათვლა, საკანალიზაციო და სანიაღვრე ინფრასტრუქტურა. კიდევ ერთი ფაქტორი იმ ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველყოფაა, რომლებიც ტურიზმის სექტორში დასაქმდებიან.  მაგალითად თუ ასობით სასტუმროს აშენებთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ იქ ათასობით ადამიანი იმუშავებს, რომლებმაც სადღაც უნდა იცხოვრონ. მაგალითად, მექსიკის კურორტ კანკუნში სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს და ვერ გათვალეს ის, რომ ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებსაც სჭირდებოდათ საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა. შედეგად ფეშენებელურ საკურორტო უბნებთან ახლოს ბარაკები გაჩნდა. აი ეს საკითხები აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული საქართველოში”- განმარტავს პროფესორი.

http://www.ghn.ge

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s