თბილისის აეროპორტის ხიდის ქვეშ, ლიანდაგიდან გადავარდნილი 60-ტონიანი ცისტერნებიდან დიზელის საწვავი იღვრება. სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავარდა. შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე მოხდა.
შემთხვევის მიზეზი უცნობია. ადგილზე საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს მაშველები და მეხანძრეები მუშაობენ. რკინიგზის დაახლოებით 100-მეტრიან მონაკვეთზე ლიანდაგები აყრილია. ლიანდაგებიდან გადავარდა 4 ცისტერნა, მათ შორის – მემანქანის კაბინა.
მატარებლის შემადგენლობა, სავარაუდოდ, “საქართველოს რკინიგზას” ეკუთვნის, რადგან ცისტერნებს შესაბამისი წარწერები აქვთ.
მეხანძრეები და მაშველები ცდილობენ, ცისტერნებში დარჩენილი ნავთობპროდუქტები ამოტუმბონ, რისთვისაც სპეცილური ტექნიკაა მობილიზებული.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განაცხადა, სავარაუდოდ, იღვრება 240 ტონა ნავთობპროდუქტი.
“თუმცა, ჩვენ შევძელით იმის უზრუნველყოფა, რომ დაღვრილი ნავთობი აეროპორტის დასახლებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს და არ აალებულიყო”, – აღნიშნა გიორგაძემ.
მისივე განმარტებით, კახეთიდან ელოდებიან ელმავალს, რომელიც ლიანდაგზე დარჩენილ 8 ცისტერნას შემთხვევის ადგილიდან უსაფრთხო ტერიტორიზე გაიყვანს.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებიც.აეროპორტის ხიდის ქვეშ სატვირთო მატარებლის ლიანდაგიდან გადავარდნის მიზეზი სავარაუდოდ სამუხრუჭე სისტემა გახდა. “საქართველოს რკინიგზის” პრესსამსახურის
უფროსმა, დაჩი ცაგურიამ მომხდარზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სავარაუდოდ, სატვირთო მატარებლის ლიანდაგიდან გადავარდნის მიზეზი სამუხრუჭე სისტემა იყო. მოგვიანებით უფრო დაზუსტდება, კონკრეტულად ეს იყო მძღოლის მიერ დაშვებული შეცდომა, თუ ტექნიკური გაუმართაობის მიზეზი.
დაჩი ცაგურია აცხადებს, რომ მატარებელს წინასწარ ტექნიკური შემოწმება ჩატარებული ჰქონდა. ამასთან, დაჩი ცაგურიამ აღნიშნა, ეს შემთხვევა ჩიხში მოხდა, შესაბამისად, საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ მაგისტრალზე ტვირთებისა და მატარებლების გადაადგილებას პრობლემა არ ექნება.
ლიანდაგიდან გადავარდნილი 60-ტონიანი ცისტერნებიდან ნავთობპროდუქტი იღვრება
08
აპრილი