თბილისი, 12-14 აპრილს, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას – “კავკასია 2013”-ს უმასპინძლებს. “ექსპო ჯორჯიაში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოური კომპანიებიც – აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან. მინისტრის პირველი მოადგილე იმედოვნებს, რომ საქართველოს მოსახლეობა გამოფენიდან კარგ და სასარგებლო ინფორმაციას მიიღებს.
“ტურიზმი ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს გამოფენა მნიშვნელოვანია და ჩვენ მის ჩატარებას მხარს ვუჭერთ. ვიმედოვნებთ, გამოფენაზე წარმოდგენილი ტურისტული კომპანიები მოსახლეობას ბევრ საინტერესო პროდუქტს შესთავაზებენ”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
გამოფენა საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” ორგანიზებითა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 50-მდე სტენდზე წარმოდგენილი იქნება 100-მდე ორგანიზაცია – ტურისტული კომპანიები და დასასვენებელი კომპლექსები, ტუროპერატორები – კულტურული, ისტორიული თუ ღვინის ტურებით, ასევე ექსტრემალური და სათავგადასავლო პროგრამებით.
გამოფენის ფარგლებში ხალხური რეწვის ნიმუშებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყობა.
თბილისი, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას – “კავკასია 2013”-ს უმასპინძლებს
05
აპრილი