RSS

სურამი

11 მარ

surami 005ოლიკო ცისკარიშვილი

ჰავის განსაკუთრებული თვისებების გამო, სურამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოს მასშტაბით. ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი. იანვრის საშუალო ტემპერატურა – 2 , ივლისის + 20 გრადუსია, სურამი გარშემორტყმულია ტყით, რაც სუფთა ჰაერის საწინდარია განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰავას ბავშვებისათვის აქვს, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადება აწუხებთ, აგრეთვე რეკომენდირებულია ტუბერკულიოზის სამკურნალოდ და ორგანიზმის იმუნიტეტის უნარის ასამაღლებლად. სურამი ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა დაბას გარშემო ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეები და ბუჩქები აკრავს, წიწვოვანი მცენარეებიც უმრავლესობა ხელოვნურადაა გაშენებული, რაშიც დიდ ღვაწლი მიუძღვის პროფესიონალ მეტყევეს, ტყის ქომაგს, საქართველოში ტყეების გაშენების ერთ-ერთ ორგანიზატორს 1875 წელს  დაბადებულ მიხეილ მურვანიშვილს. მისი გაშენებულია სურამში კვირაცხოვლის, ბაიანთხევის და გვერდისუბნის ფერდობებზე ფიჭვის ტყეები. ფართოფოთლოვანი ხე-მცენარეებიდან გვხვდება მუხა, ნეკერჩხალი, წიფელი, რცხილა, ვერხვი, მურყანი. ტყეებში ბევრია სხმარტლი, კუნელი, შინდი, ასკილი, მაყვალი, იელი, გვიმრა, თხილი. ზოგგან ტყის პირას გვხვდება ხელოვნურად გაშენებული აკაცია. დაბის ტერიტორიაზე ხარობს წითელ წიგნში შეტანილი მცენარეთა ზოგიერთი სახეობა. მაგ: უთხოვარი, ბზა, შიშველი აკაკი, ქართული ნეკერჩხალი, დაბაში კარგად ხარობს ხეხილი, კაკალი, თხილი. სურამის ცენტრში ვხვდებით სხვადასხვა სახეობის ნაძვებს, ნეკერჩხალს, ფიჭვს, ვერხვებს, რომლებიც ალამაზებენ ცენტრალურ ქუჩას. surami 020 surami 021სურამის ბუნებრივ რესურს წარმოადგენს მის ტერიტორიაზე არსებული განსაკუთრებული შემადგენლობის წყლები, რომელთაც სამკურნალო თვისებები გააჩნიათ, მაგ: ’’რკინის წყალი’’, რომელსაც სახელი რკინის ჟანგის შემცველობის გამო დაერქვა და შემჩნეულია ერთი საუკუნის წინათ. ეს წყალი სურამის ცენტრთან ახლოსაა და კეთილმოწყობილია. იგი გამოიყენება ანემიის ანუ სისხლნაკლებობის დროს, ასევე რეკომენდირებულია თვალის დაავადებების, ნერვული სისტემის და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს მედიკამენტებთან ერთად.

მნიშვნელოვანი და ადრიდანვე ცნობილია ჩუმათელეთის გოგირდოვანი წყალი, რომელიც გამოიყენება სახსრების დაავადების დროს. იქ, სადაც წყალი ამოდის 1950 წლიდან ფუნქციონირებდა აბანო, სადაც დამსვენებლები იღებდნენ აბაზანებს. დამსვენებელთა 90% რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ, აბანოში წყალი მილებით შედიოდა, თბებოდა და შემდეგ ჩაედინებოდა, ამჟამად აბანო აღარ ფუნქციონირებს. წყალი იღვრება, თუმცა მისი გამოყენება ახლაც შეიძლება.

სურამი არა მარტო სამკურნალო ტურიზმის მოყვარულთათვისაა საინტერესო, ეს ადგილი მნახველს თავისი ისტორიული ძეგლებითაც ხიბლავს. ღვთისმშობლის ეკლესია დგას დაბის ჩრდილოეთ ნაწილში, საავტომობილო გზის პირას, წმ. გიორგის გუმბათოვანი ეკლესიის გვერდით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ძეგლი თითქმის მთლიანად დანგრეული იყო. 3, 5 მეტრის სიმაღლეზე შემორჩენილი იყო მხოლოდ ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი და კუთხის პილასტრები. ამჟამად, ეკლესია აღდგენილია. დარბაზული ეკლესია ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით.

თავად, წმინდა გიორგის ეკლესია კი მე-18 საუკუნის ძეგლია და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. თუმცა ტურისტებს ყველაზე მეტად სურამის ციხე ხიბლავთ.

სურამის ციხე აგებულია XII-XIII საუკუნეებში, სურამელთა საერისთავოს დაფუძნებასთან დაკავშირებით. კაპიტალურად შეკეთდა XVI საუკუნის II ნახევარში. ამ პერიოდის კედლის ნაშთები შემორჩენილია გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. დანარჩენი ნაწილები აღდგენილია XVII და XVIII საუკუნეებში.
ისტორიულ წყაროებში, როგორც სტრატეგიული პუნქტი, სურამის ციხე მოხსენიებულია 1625 წელს, როდესაც იგი გიორგი სააკაძემ გაამაგრა ირანელთაგან თავის დასაცავად. 1692 წელს სურამის ციხე თურქების ხელშია; მათი განდევნის შემდეგ, უმეფობის ხანაში, სურამის ციხე ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდა ირანის წინააღმდეგ მებრძოლებისათვის. 1742-45 წლებში ირანელთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში სურამის ციხე ზემო ქართლის სადროშოს უფროსის გივი ამილახვრის ძირითადი დასაყრდენი გახდა. პოლიტიკური სიტუაციის შეცვლასთან დაკავშირებით აჯანყებულები თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდნენ, რომელთაც ნადირ-შაჰი უჭერდა მხარს. მეფეებმა, მიუხედავათ იმისა, რომ რომ მათ ზურგს ირანი უმაგრებდა, სურამის ციხის აღება ვერ შეძლეს. არ გაჭრა არც თვით თეიმურაზის მოლაპარაკებამ, არც შაჰის პატიების ფირმანმა და არც ციხისათვის ყუმბარების დაშენამ.
შაჰი იმდენად განუცვიფრებია ამას, რომ მხატვარი გამოუგზავნია ციხის დასახატად. როდესაც ციხის სურათი მოუტანეს, შემოუთვლია: ციხეს ისეთი გალავანი შემოავლეთ, რომ ყოველგვარი მოძრაობა შეწყდეს და ალყა არ მოხსნათ, ვიდრე თვითონ არ შემოგვეხვეწებიანო. შემდეგ ციხე მალულად ორჯერ ააფეთქეს და კედლის დიდი ნაწილი ჩამოანგრიეს. მიუხედავად იმისა, რომ კარი თითქმის შემტვრეული იყო, ამილახვარი მაინც არ ნებდებოდა და ახლა დედოფლის მისვლას მოითხოვდა: მხოლოდ მას ვენდობიო. დედოფალ თამარის მისვლის შემდეგ მიუციათ მეფეებს უვნებლობის ფიცი. ამილახვარი ქალაქს ჩამოიყვანეს და სახლთუხუცესობა უბოძეს. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ძლიერ სიმაგრეს წარმოადგენდა სურამის ციხე XVIII საუკუნეში. ნადირ-შაჰი ამილახვარს ბოლომდე მაინც არ ენდობოდა და მისი ბრძანებით სურამის ციხე დაუნგრევიათ. მაგრამ სურამის ციხე ქართველებს მალე აღუდგენიათ და 1756 წელს აქ ერეკლე II-ეს ქიზიყის მოურავი თამაზი ჰყავდა დატყვევებული. სურამის ციხე ქართველთა მფლობელობაში 1783 წლამდე იყო. შემდეგ აქ რუსული გარნიზონი ჩააყენეს. 1792 წელს ერეკლე II-ის `ანდერძში~ სურამის ციხე საქართველოს უმაღლეს ციხეთა შორის არის მოხსენიებული. 1801 წლის წყაროებით, ციხე ისევ მოქმედია. XIX საუკუნეში მან საქართველოს სხვა ციხეებთან ერთად თანდათან დაკარგა მნიშვნელობა. სურამის ციხე-სიმაგრე კომპლექსს წარმოადგენს, მასში შედის გალავანი-ციხე, წმ. გიორგის ეკლესია, კოშკი და სასახლე. ციხეს ქონდა გვირაბი, რომელიც დაბლა ეშვება 12-16 მეტრზე, შემდეგ ქვემოთაა ჩახერგილი. გადმოცემის თანახმად ციხე უკავშირდებოდა ამაღლების ეკლესიას და მდ. სურამულას, საიდანაც სასმელი წყალი შექონდათ ციხეში. სურამის ციხის შესახებ უძველესი დროიდან არსებობს თქმულება, თითქოს მისი უძლეველობის მიზეზი იმაშია, რომ მის კედლებში ცოცხლად არის ჩაკირული დედისერთა ვაჟი, რომლის შესახებ დღესაც მღერიან ხალხში. ამ ლეგენდის თანახმად, სურამის ციხე რომ აშენებულიყო დედისერთა ვაჟი – ზურაბი უნდა ჩაეტანებინათ კედელში, ამბობენ იმ მხარეს სადაც ზურაბი ჩააშენეს, დღესაც წვეთ-წვეთად მოჟონავსო დედის ანკარა ცრემლი. იმასაც ამბობენ, რომ ყოველ მთვარიან ღამეს სურამის ციხესთან, გამოდის შავებში გახვეული ქალი და ტირილით შეჰღაღადებსო ციხის ნანგრევებს:

“სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო
ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო”.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s