დღეს, ქ. ნაირობიში (კენია), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მმართველი საბჭოს 27-ე სესიის ფარგლებში ჩატარდა პარალელური შეხვედრა თემაზე “ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის ურთიერთკავშირის გაძლიერება მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად”.
აღნიშნულ შეხვედრაზე მთავარ გამომსვლელად გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორმა, ახიმ შტაინერმა მიიწვია საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე.
შეხვედრაზე განიხილეს 2012 წელს გამართული მდგრადი განვითარების კონფერენციაზე (რიო+20) მიღებული დოკუმენტის – “მომავალი, რომელიც გვინდა” – მიხედვით ქვეყნების მიერ მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვისას და განხორციელებისას ადამიანის უფლებების გათვალისწინების საკითხები.
ხათუნა გოგალაძის გამოსვლაში ხაზგასმული იყო ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების დაცვის მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში და მთავრობის როლი ამ უფლების უზრუნვლყოფაში.