2013 წლის 18-22 თებერვალს ქ. ნაირობიში (კენია) ტარდება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მმართველთა საბჭოს 27-ე სესია/ მინისტრთა გარემოსდაცვითი გლობალური ფორუმი.საქართველოდან აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე. UNEP-ის მმართველთა საბჭოს შეხვედრაზე მიიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები პროგრამის შემდგომი მუშაობის შესახებ. ამდენად, ყველა ქვეყნის გარემოს დაცვის სექტორის მაღალი რანგის სამთავრობო წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია მმართველი საბჭოს შეხვედრებში მონაწილეობის მიღება. საქართველოსთვის ეს ამჟამად ორმაგად მნიშვნელოვანია, რამდენადაც 2011 წლის 17 ნოემბერს ქ. ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიას ფარგლებში გამართულ არჩევნებზე საქართველო 4 წლიანი ვადით (2012-2015) არჩეულ იქნა მმართველთა საბჭოს წევრად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან.
გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მმართველთა საბჭოს მიზნებია:
• გარემოსდაცვით საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა ;
• გარემოსდაცვითი პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
• ეროვნული და საერთაშორისო გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმოხილვა;
• მსოფლიოში გარემოს მდგომარეობის მონიტორინგი.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სწორედ ამ საბჭოს წევრობა აძლევს საშუალებას გარემოს დაცვის სამინისტროს, ქვეყნის სახელით, მიიღოს მონაწილეობა როგორც გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის, ასევე გაეროს სხვა სტრუქტურების ფარგლებში შემუშავებული გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და სტრატეგიის მიმდინარეობის მონიტორინგში.