მარტვილთან, მდინარე ინჩხიას შესართავთან, სასაფლაოების გვერდით, შეუმჩნეველი შესახვევია. სწორედ, იქ, სადაც ადგილობრივებს საქეიფოთ და დროის გასატარებლად ხელდახელ სკამი და მაგიდა დაუდგამს, ძნელად თუ მიხვდება ვინმე, რომ იქვე ინჩხია კანიონში მოედინება და ულამაზეს გარემოს ქმნის. ორ კლდეს შუა მორბენალი ანკარა მდინარე ლურჯად ლივლივებს და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. ჩვენ მხოლოდ მარტვილის კანიონის მცირე ფრაგმენტის ნახვა მოვახერხეთ, ამბობენ, მდინარის სათავიდან აქ ნავებითაც შემოდიანო.სამწუხაროდ, ადგილობრივებმაც ცოტამ თუ იცის ამ მშვენიერი ადგილის შესახებ და კითხვა-კითხვის ძლივს მივაგენით. თუმცა კი, ტურისტებისთვის მშვენიერი სანახავია და ვფიქრობ, ბევრ ადგილობრივსაც დააინტერესებს მისი განუმეორებელი სილამაზის ნახვა.
მარტვილის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი დაბლობს უჭირავს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მაღლდება 60-დან 170 მეტრამდე. უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავე მდებარეობს ზღვის დონიდან 3003 მეტრზე. მარტვილის ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთით ასხის მთის მასივი გასდევს, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და საამშენებლო კირქვით. ლებარდეს, „ჩეგოლასა“ და დვირის მთები მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით.
მარტვილი დიდი ისტორიული და კულტურული წარსულის კერაა.
ინჩხიასა და გაჭედილს შორის არსებულ, აბაშის ხეობის ულამაზესი ადგილია. წინათ აქ გაუვალი ტყე და საშიში ადგილი ყოფილა. ყაჩაღები აქ მგზავრებს უსაფრდებოდნენ და თავს ესხმოდნენ. სწორედ ამიტომ, ადგილობრივებმა ამ ადგილს ოფუცხოლე ანუ სწრაფად გასარბენი ადგილი უწოდა. ეს სილამაზე, ბუნებრივია, სამეგრელოს მთავრებს – დადიანებს არ გამოჰპარვიათ; საბანაოდ და საქეიფოდ ისინი სწორედ იქ დადიოდნენ. ეკატერინე ჭავჭავაძეც, თურმე, იქ ბანაობდა და ამიტომ დადიანების საბანაო ადგილსაც უწოდებენ.