საქართველოში 50 ათასი მეწყრული უბანი და 3 000-მდე ღვარცოფული ხევია აღრიცხული. მათზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება ვერ განხორციელდება, მაგრამ მოსახლეობის დაცვისა და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა მუდმივი მეთვალყურეობა და ამასთან გასატარებელია პროფილაქტიკური სამუშაოებიც.მთელი საქართველოს მთიანეთი მეწყერ-საშიშია, საჭიროა ჯებირების გაკეთება, საჭიროა მთიან ზოლებში ხე ტყის არსებობა. ბუნებრივი კატასტროფები ქვეყანას წელიწადში მინიმუმ 150-ით მლნ აზარალებს. რთული რელიეფის გამო საქართველოსთვის წყალდიდობები და ღვარცოფები უკვე წლებია, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ქვეყანაში მდინარეების დიდ ნაწილზე ნაპირსამაგრი სამუშაოები წლების განმავლობაში არ ჩატარებულა. რაც ჩატარდა, მცირეა. შედეგად, ქვეყნის ყველა რეგიონი საკმაოდ სერიოზული საფრთხის წინაშეა.
ქვეყნის ეკონომიკური ზარალი წელიწადში 100-150 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. მათი ექსტრემალური გააქტიურების დროს კი ზარალი ასეული მილიონობით განისაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ სტიქიური პროცესების ახალი აფეთქება 2001-წლიდან დაიწყო.
მდგომარეობა გამწვავდა სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მთიულეთის, აჭარის, კახეთის მთიან რეგიონებში. პროცესები გააქტიურდა მესხეთისა და გურიის რეგიონებში, სამეგრელოსა და იმერეთის მთისწინეთში.
“ორიოდე დღის წინ, სვანეთიდან მომავალებმა 30-მდე ჩამოწოლილი მეწყერი ვნახეთ, მიწა ჩვენ თვალწინ იშლებოდა კლდეებიდან და უშველებელი ლოდები გზაზე ცვიოდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. კარგია ისიც, რომ გზის გაწმენდის სამსახურებიც მუშაობენ, რამდენიმე ადგილას შეგვხვდა ტრაქტორები, რომლებიც გზას წმინდავდნენ,” – გვიყვება ერთ-ერთი რესპონდენტი.
საქართველოს ტერიტორიაზე 2006 წლისათვის დაფიქსირებულია 53 000-მდე მეწყრული სხეული. საფრთხე ყველგანაა. საქართველოს ყველა რეგიონი მეწყერსაშიშ ზონაშია.
სპეციალისტთა მონაცემებზე დაყრდნობით, მეწყერების საშიშროების თვალსაზრისით, საქართველო მთელ კავკასიაში უმაღლესი რისკის ზონად ფასდება. სეისმოლოგთა შეფასებით, მსოფლიოში გახშირებული მიწისძვრების ფონზე, კავკასია სეისმურად კიდევ უფრო გააქტიურდა, აქტიურობის ზრდას სპეციალისტები მომავალშიც ვარაუდობენ. მხოლოდ 2013 წლის იანვრის თვეში, საქართველოს ტერიტორიაზე 9 მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგები მიიჩნევენ, რომ კავკასიაში ვულკანების გააქტიურებაც მოსალოდნელია.
(ფოტოებზე ასახულია ორიოდე დღის წინ სვანეთის გზები)