ქალაქი გორი მდებარეობს ქართლის გულში. ძველთაგანვე აქ თავს იყრიდა არა მარტო დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, არამედ ჩრდილოეთიდან დიდ და პატარა ლიახვზე, მდინარე მეჯუდაზე გამავალი გზები და სამხრეთიდან, ტანას ხეობით მომავალი გზა. გორის მიდამოები მცირედაა გაშლილი, მაგრამ თვით ციხესა და ქალაქს საფუძველი სწორედ იმ კლდოვან გორაკზე ჩაეყარა, რომელიც ტაფობის შუაზეა აღმარული. აქედან კარგად ჩანდა შორიდან მომავალი გზები და მტერი ძნელად თუ მოეპარებოდა მას. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა. მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე.
გორის ციხის ნანგრევებზე სხვადასხვა დროის მრავალი ფენა გაირჩევა, მაგრამ თვით ძველი ქალაქის კვალი თითქმის მთლად წაშლილა ახალი განაშენიანებით.
ციხის კედლები გორაკის რელიეფს მიჰყვება, რის გამოც მას უსწორო ფორმა აქვს. გეგმა დაგრძელებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე. მდინარე ლიახვი, რომელიც ახლა კარგა მოშორებით მიედინება, წინათ გორაკს აღმოსავლეთის მხარეს ჩაუდიოდა, სწორედ ეს ბუნებრივად ხელსაყრელი მომენტი მარჯვედ გამოუყენებიათ მშენებლებს და სიმაგრის კედლები მდინარემდე ჩამოუყვანიათ. ასეა ნაჩვენბი გორის ციხე იტალიელი მისიონერის ქრისტეფორე კასტელის მიერ 1633 წელს შესრულებულ ნახატზე.
უკეთაა შენახული დასავლეთის ფერდობზე მდებარე ნაწილი, რომელსაც, ადგილობრივ, ,,ცხრაკარას“ ეძახიან ისიც დაზიანებულია, უკანასკნელმა მიწისძვრამ განსაკუორებით დააზიანა გორაკის თხემზე მდებარე კედლები; ზედა ნაწილი არსად არაა შერჩენილი. ,,ცხრაკარას“ კედლები მდინარისკენ ეშვება და იქ ნახევარწრედ ერთდება. მათი სიგანე 12-13 მეტრია და ექვსი განივი კედლითაა გადაღობილი. ამ ცალკეული მონაკვეთების ურთიერთკავშირი ხდება თითქმის ჯვარედინად განლაგებული გასასვლელებით. ასეთი სისტემის კედლების გადალახვა მტრისათვის საკმაოდ ძნელი იქნებოდა. ,,ცხრაკარას“, გარდა იმისა, რომ თავდაცვისათვის მოხერხებული მდებარეობა ჰქონდა, სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციაც ენიჭებოდა: ციხის წყლით მომარაგება. ციხის ბოლოდან მდინარეზე ჩადიოდა გვირაბი. საჭიროების მიხედვით წყალს ინახავდნენ აგრეთვე ,,ცხრაკარას“ უკანასკნელ მონაკვეთში მდებარე აუზში და ზემოთ, ციტადელის შუაში მოწყობილ წყალსაცავში.ისტორიულ წყაროებში გორი პირველად VII საუკუნის პირველი ნახევრის ამბებთან დაკავშირებით იხსენიება. როგორც გადმოცემა მოწმობს, სტეფანოზ ერისმთავრის შვილმა, არჩილმა, მემკვიდრეობით მიღებული განძის ნაწილი გორში დაფლა. ისტორიკოს ჯუანშერის მიხედვით ამ სამალავს ,,ტონთიო“ ეწოდებოდა, რაც ,,ოქროს მთას“ ნიშნავს.
ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქ გორის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს, რაც XII საუკუსის დამდეგს უნდა მომხდარიყო. ქალაქ გორზე შედარებით მეტი ცნობები მოგვეპოვება XIII საუკუნის ბოლოდან. მონღოლებთან ბრძოლით დასუსტებულ საქართველოს კავკასიის მთების გაღმა ბინადარი ოსებიც გაუთამამდნენ, შემოესივნენ და გორი აიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ქართვლებმა არა ერთხელ შეუტიეს, მონღოლთა დახმარებით ოსები კარგა ხნით დამკვიდრდნენ გორში. მათი განდევნა გიორგი ბრწყინვალემ შესძლო XIV საუკუნის 20-იან წლებში. ამ ძლიერი ციხე-ქალაქის აღება მხოლოდ სამი წლის ალყის შემდეგ მოხერხდა.
სხვადასხვა ცნობით, XVIII საუკუნის საქართველოში გორი მეორე ქალაქი იყო თბილისის შემდე და როგორც ფეოდალურ ქალაქს, საკუთარი ციხის გარდა ქალაქის შემომფარგვლელი კედელიც ჰქონდა. კედელს სამი ალაყაფის კარი ჰქონია. იმ დროისთვის იგი შედარებით დაბალი ყოფილა. XIX საუკუნეში კედელი მთლიანად მოშლილა.
გორის ციხემ თავისი მნიშვნელობა მხოლოდ XIX საუკუნეში დაჰკარგა. იმავე პერიოდიდან ქალაქის ირგვლივ გამავალი კედელიც აღარ მოქმედებდა.
გორის ციხე თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით ყოველთვის იზიდავდა მოსახლეობას. ციხის ირგვლივ გაჩნდა შუა საუკუნეების ერთ-ერთი შესანიშნავი ქალაქი. მისი მნიშვნელობა თანდათანობით იზრდებოდა. XIX საუკუნეში გორმა სახე იცვალა და დღეს იგი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია.
ციხის ძირში ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი მონასტრითურთ. ციხის უბანშია ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიაც, რომელიც იქ ჩასული ტურისტებისთვის, გორის ციხესავით საინტერესოა.
ტურისტთა უმრავლესობა, უცხოელი თუ ადგილობრივი ვიზიტორები, ამ ღირშესანიშნაობების გარდა, სტალინის სახლმუზეუმითაც ინტერესდებიან. მსოფლიოს ერთ-ერთი ძლიერი მმართველის ქოხი, სადაც იგი დაიბადა და მატარებელის ვაგონი, რომლითაც ის მგზავრობდა, მუდმივადაა ვიზიტორთა ყურადღების ცენტრში.