RSS

გერგეთი და მყინვარწვერი

15 აგვისტო

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

მყინვარწვერისა და გერგეთის გადაღებას ერთად ცოტა თუ ახერხებს, რადგან ზვიადი და ამაყი მყინვარწვერი, მუდამ ღრუბლებშია გახვეული… ადრე, როგორც მითხრეს, მას მორცხ პატარძალსაც ეძახიანო, თუმცა ადგილობრივ გლეხს რომ გავესაუბრე, ამაყად მიპასუხა, რა სჭირს დასამორცხვებელიო… ისე მიპასუხა, თავად შემრცხვა, რომ მოხევესთან წამომცდა მყინვარწვერისა და მორცხვი პარტარძლის შედარება.

გზად უამრავი უცხოელი ტურისტი შეგვხვდა, უმრავლესობა სტეფანწმინდიდან გერგეთისკენ ფეხით მიუყვებოდა ციცაბო გზას.

ინგლისელ, ფრანგ, რუს და სხვა ტურისტებთან ერთად, იაპონელი წყვილიც შეგვხვდა.

თუმცა ამდენი ტურისტის დანახვისთანავე იმ გზის გახსენების შემრცხვა, გუდაურიდან 13 კილომეტრი რომ გრძელდება და იმდენად გაფუჭებულ-გაოხრებულია, საათზე მეტი მაინც სჭირდება მის გავლას. თუმცა გერგეტისა და მყინვარის დანახვისთანავე ის გზაც გავიწყდება და იქ ნაყლაპი მტვერიც და ის შიშიც, გზის გამოვლისას რომ გეუფლება, არიქა რომელიმე ხევში არ გადავიჩეხოო…

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი IV საუკუნის ძეგლია. თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული. ახლა, კი ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი და სასურველი ტაძარია.
ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა წამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო“. მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, „ელგეშის“ ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.
მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: „წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო“. ასეც მოქცეულან და ყველანი – ცხენით თუ ფეხით – ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.
უძველესი დროიდან სამების ტაძრის ყმებად გერგეტეველები ითვლებოდნენ. მათ ჰქონდათ ეკლესიის მოვლა-პატრონობის პატივი. მიმდებარე მიწები მთლიანად მონასტრის საკუთრებას წარმოადგენდა. ჩვენი ქვეყნისათვის სახიფათო და განსაცდელებით აღსავსე წლებში ეკლესიის უდიდეს სიწმიდეებს, მათ შორის, წმიდა ნინოს ჯვარს და მაცხოვრის სამსჭვალს გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი იცავდა.
კომუნისტური მმართველობის ხანაში საქართველოში სრულიად ჩაკვდა სულიერი ცხოვრება, ჩვენში სარწმუნოების აღორძინება და ბერ-მონაზვნური ცხოვრების გამოღვიძება მისი უწმიდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების შემდეგ დაიწყო.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s