რუისის ღვთისმშობლის ტაძარი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის შუაგულშია. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია (27,3X19,6 მ; სიმაღლე 23,2 მ). თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია გეგმის ძირითადი მონახაზი და შენობის აღმოსავლეთი ნაწილი. ეკლესია თავდაპირველად ნაგები ყოფილა კარგად გათლილი, თანაბარი ზომის მოყვითალო მომწვანო და იასამნისფერი ქვიშაქვის კვადრებით. გადმოცემით, რუისის ტაძარი ვახტანგ გორგასალს აუგია.
ისტორიული წყაროების თანახმად, ტაძარი VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება. X საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. XI საუკუნეში გიორგი ეპისკოპოსს იგი კვლავ განუახლებია და მდიდრულად მოურთავს, ფასადებზე გაფანტულია X-XI საუკუნის ორნამენტირებული ფრაგმენტები. აქა იქ შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტებიც. ტაძრამდე გალავანში ჩაშენებულია კოშკი-სამრეკლო, რომელიც XVII საუკუნეში აუგია ეპისკოპოს ილარიონ ლარაძეს.
ტაძრის კომპლექსს შემოვლებული აქვს რიყის ქვით ნაგები გალავანი, რომელიც გვიანდელი ფეოდალური ხანით თარიღდება.