მტკვრის აუზში, ქარელის რაიონში, სოფელ სამწევრისის მახლობლად, მთის ერთ-ერთ კონცხზე აღმართული იყო დიდი ციხედარბაზი. სამწევრისის ციხე-დარბაზს დიდი ფართობი ეკავა. სასახლეებისა და სხვა შენობათა ნანგრევებში დღესაც იგრძნობა ოდესღაც კოლოსალურ ნაგებობათა სიდიადე. დროთა ვითარებაში ყველაფერი ისე უმოწყალოდ დანგრეულა, რომ შეუძლებელია თავდაპირველი სახის დადგენა.
ციხე-დარბაზი თავისი არსებობის უკანასკნელ პერიოდში ორ ნაწილად ყოფილა გაყოფილი. ჩრდილოეთის მხარე მცირედ აღემატება სამხრეთისას. იგი თითქმის მიწასთანაა გასწორებული. უკეთაა მოღწეული სამხრეთის ნაწილი, სადაც მთავარი კომპლექსი იყო. ნანგრევები მრავალფენოვანია. ძირითადად ხუთი ფენის გამიჯვნა ხერხდება. თავდაპირველად აქ დიდი ზომის კოშკი მდგარა. შემდეგ აღმოსავლეთით საშუალო ზომის ეკლესია აუგიათ. მესამე ფენა შეიცავს კოშკის ირგვლივ წარმოქმნილ გალავანს. მეოთხე სამშენებლო ფენა უფრო ხანგრძლივი ყოფილა. გადარჩენილი კედლების უმრავლესობა ამ დროისაა. მეხუთე პერიოდს შეიძლება მიეკუთვნოს ქვედა გალავანი.
ამ დიდი მასშტაბის ანსამბლის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. მხოლოდ ვახუშტი გვატყობინებს, რომ მის დროს, ე. ი. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში, აქ ციხე ყოფილა. შესაძლოა სწორედ აქ ყოფილიყო გვიანფეოდალური ხანის დასაწყისში ფანასკერტელ-ციციშვილების რეზიდენცია.
აქ ამჟამად, დედათა მონასტერია. სულ რაღაც ექვსიოდე თვის წინ, კი თვითნასწავლმა ზურაბ მოდებაძემ ტაძრის მოხატვა დაამთავრა. ტაძრის მოხატულობა, ასევე ციხედარბაზი, მნახვლზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.