თბილისიდან 60 კილომეტრში, მდებარეობს უმნიშვნელოვანესი ქართული კულტურული ძეგლი, რომელიც მეექვსე საუკუნეში ერთ-ერთმა ასურელმა მამამ – დავითმა დააარსა.
დავით გარეჯელი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.
დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა განმავლობაში მას განშტოებები შეემატა. გარკვეულ პერიოდში მონასტერთა რიცხვმა თორმეტსაც მიაღწია. ამ ხანიდან უნდა იყოს შემორჩენილი სახელწოდება „გარეჯის ათორმეტნი მონასტერნი“. დავითგარეჯის მონასტერთა საქმიანობა თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე საერთოდ კულტურულ ცხოვრებაში. XII საუკუნის დასაწყისში დავით IV აღმაშენებელმა დავითგარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია, ხელს უწყობდა მათ დაწინაურებას. მონასტრები გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებისაგან. 1265 წელს მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით დაარბია და მოაოხრა დავითგარეჯა და მისი მიდამოები.
XIV საუკუნის I ნახევარში, გიორგი V ბრწყინვალის მეფობაში, დავითგარეჯა მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად იქცა. მონასტერთა მესვეურნი მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზის მუშაობაში და ქვეყნის საეკლესიო საქმეთა მართვაში. XIV საუკუნის ბოლოს თემურლენგის მრავალგზის ლაშქრობების დროს, სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. 1424 წელს ალექსანდრე I დიდმა დავითგარეჯა მცხეთისსვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიას შესწირა. 1616-1617 წლებში სპარსელთა ლაშქარმა დაარბია, მონასტრები გაუქმდა. 1639 წელს თეიმურაზ I-მა აღადგინა აქ სამონასტრო ცხოვრება XVIII საუკუნეში დავითგარეჯა კვლავ მეფის ხელდებული გახდა. მას ეკუთვნოდა ვრცელი მამულები და სოფლები, იქ მოსახლე გლეხები სამონასტრო ყმებად ითვლებოდნენ. დავითგარეჯის მონასტრებმა XIX საუკუნის დასასრულამდე იარსება.
დავითგარეჯის სამონასტრო მშენებლობამ თავის მწვერვალს საქართველოს საერთო ეროვნულ და კულტურულ-პოლიტიკური აღმავლობის დროს, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მიაღწია. დავითგარეჯში გამომუშავდა სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის საკუთარი წესი, ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა.
ამ პერიოდის დავითგარეჯის მონასტრების სახე მკვეთრად განსხვავდება ადრინდელი პერიოდის მონასტრებისაგან. მთავარ ეკლესიებსა და სატრაპეზოებში ადრინდელი უბრალოებისა და უშუალობის ნაცვლად თავი იჩინა დიდებულებამ, გრანდიოზულობამ, ინტერესმა ფართო, თავისუფალი სივრცისადმი. დავითგარეჯის მხატვრობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქტიტორთა მრავალრიცხოვანი გამოსახულებები, მ. შ. საქართველოს მეფეთა პორტრეტები
სხვადასხვა დროს დავითგარეჯის მონასტრებში მოღვაწეობდნენ ონოფრე გარეჯელი (XII ს.), დემეტრე I, ონოფრე მაჭუტაძე (XVII-XVIII საუკუნეების მიჯნა), სულხან-საბა ორბელიანი, ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (XVIII ს),გაბრიელ საგინაშვილი (XVIII ს), გრიგოლ დოდორქელი, ანტონ I, ტიმოთე გაბაშვილი,გაბრიელ მცირე და სხვა. გარეჯელი მოღვაწეები წერდნენ ხელნაწერებს, ადგენდნენ კრებულებს, დახმარებას უწევდნენ კულტურის სხვა კერებს. დავითგარეჯში დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი ფონდი.
საბჭოთა პერიოდში, გარეჯის მახლობლად განლაგებულმა სამხედრო პოლიგონმა აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა სამონასტრო კომპლექსს. მაშინ, 24 წლის წინ, პოლიგონის დახურვის მოთხოვნით დაიწყო სტუდენტური საპროტესო აქციები. ეროვნულ მოძრაობაში გადაზრდილი აქციები, საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.
ისტორიულად მნიშვნელოვანი ძეგლის გარშემო არ სრულდება სახელმწიფოებს შორის დავა. დავით გარეჯის ლავრის მომიჯნავე ტერიტორია დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის დავის საგანია.
ორიოდე დღის წინ, რამდენიმე კვირის წინ ატეხილი აჟიოტაჟის კვალიც აღარ იყო (აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართველ ტურისტებს მონასტერში შესვლის უფლება არ მისცესო).
თუმცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ ნაწილთან, უდაბნოს მონასტერთან, დავით გარეჯის ლავრის მომიჯნავე მთაზე ახლაც დგანან როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. “ჩვენ აქ ნეიტრალურ ტერიტორიაზე ვართ, ყოველ დღე ბაზიდან 5 კილომეტრს გამოვდივართ. აქ ტურისტების უსაფრთხოების მიზნით ვდგავართ,” _ ამბობენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, რომლებიც თაკარა მზის ქვეშ ჭოგრიტით წამდაუწუმ ზვერავენ ციცაბო მთაზე მიმავალ ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებ, რომლებიც ბერთა სადგომებსა და უნიკალურ ფრესკებს ათვალიერებენ.
აღსანიშნავია, რომ 1921 წელს დე ფაქტოდ და 1924 წელს დე იურედ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ადმინისტრაციული საზღვარი მთის თხემზე გაივლო. კომუნისტებს მაშინ ნაკლებად აღელვებდათ კულტურული მემკვიდრეობა, თუმცა აშკარაა, რომ დღესაც ნაკლებად აწუხებთ შემორჩენილი ფრესკებისა და მოხატულობების ბედი, რადგან მზის, ქარისა და წვიმისგან ნადგურდება უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები – უდაბნოს მონასტრის უდიდესი ნაწილი.
რაც არ უნდა ფრხილად ეკიდებოდნენ სახელმწიფოები საზღვრის დადგენას, რადგან ორივე ქვეყანას ერთნაირი ტკივილი აქვს და ორივე ქვეყანა ოკუპირებული ტერიტორიები აქვთ, მაინც არ მიმაჩნია გამართლებულად, კულტურული მემკვიდრეობისადმი უდიერი დამოკიდებულება.
“ადრე საზღვარი ჯანდარის ტბასთან იყო, ახლა აქ გადმოვიდნენ მესაზღვრეები, – გვიყვება ადგილობრივი მცხოვრები, – ადრე ჯანდარაზე ვთევზაობდით კიდეც, სულ რაღაც ათი დღის წინ, იქიდანაც გამოგვყარეს.”
აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონკრეტებენ, რომ ადგილი, სადაც ისინი დგანან, ნეიტრალური ტერიტორიაა, თუმცა მათ და ქართველ მესაღვრეებს რამდენიმე ხის ბოძი ყოფთ. რაც არ უნდა ამტკიცოს აზერბაიჯანულმა მხარემ, რომ კომპლექსის ნაწილი ალბანური კულტურული ძეგლია, მსგავსად ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრისა, ფაქრია, რომ ის უძველესი ქართული ძეგლია. თუ ორივე ქვეყნის ძლიერთა ამა ქვეყნისათა მოლაპარაკების მაგიდაზე გადაწყვეტენ საზღვრის საკითხს, იმედია თუნდაც ნეიტრალურ ტერიტორიად წოდებულ ადგილებში მაინც გადარჩება კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები. დაიცავი დავით გარეჯი – მხოლოდ აქციებად და სიტყვებად არ უნდა დარჩეს. დასაცავი და გადასარჩენი არა მარტო ორი სახელმწიფოს ჭიდილის გამო, ბუნებრივი მოვლენების გამოც, მართლა ბევრია.
Amaka
13/06/2012 at 18:47
shesanishnavi reportajia da SURATEBI dzalian momwons !!!