RSS

რეპორტაჟი გუდამაყრიდან

26 აპრილი

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

ამინდის პროგნოზი ისევ არ გამართლდა, გუდამაყარში მზიანი ამინდი იყო. გოდერძი ჩოხელის სამშობლოსკენ მიმავალ გზაზე ერთ გოჯზეც არსად არის ასფალტი დაგებული. სოფელ კიტოხიდან ჩოხამდე კი გზა მდინარე შავი არაგვის კალაპოტის გავლით ადის. ფასანაურიდან გასულებს, სოფელ მაქართაში, გზაზე მეწყერი დაგვხვდა ჩამოწოლილი. ჩოხამდე არავინ შეგვხვედრია, გზაზე არც ბანერი იყო სადმე, სადაც სოფლის სახელწოდება მაინც იქნებოდა.

ჩოხში გოდერძი ჩოხელის სკოლასთან გავჩერდით. ორი წლის წინ, როცა გოდერძის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, სკოლა გარედან მაინც ჰგავდა სკოლას, წელს თოვლს სულ ჩამოუქცევია სახურავი და სკოლიდან ნანგრევებიღაა დარჩენილი.

სოფელ მაქართაში მეწყერს გზა წაუღია. „ახლა წვიმები არაა დაწყებული, თორემ სულ ჩამოიტანს გზას. გეოლოგების თქმით, ეს მცოცავი მეწყერია და არ გაჩერდება, ვიდრე სულ არ ჩამოიცლება. ეხლა ქვა გორავს და კლდეც იშლება. შეიძლება მომავალ მანქანას უცბად დაეცეს. მეწყერი, კიდევ რომ ჩამოწვეს 19 სოფელი გარესამყაროსგან მოწყვეტილი დარჩება“, – გვითხრა გუდამაყრის თემის რწმუნებულის თანაშემწემ ნელი ბექაურმა.

შეხვედრა ჩოხში

ვიდრე ჩოხელები შეიკრიბებოდნენ და გულისტკივილს გაგვანდობდნენ, ხევიდან წალდმომარჯვებული მოხუცებული ქალი ამოვიდა და გვერდით მოგვიჯდა. ეს სანდომიანი ქალბატონი სოფიო ჩოხელი აღმოჩნდა, რომელიც იანვარში ასი წლის გახდება. ჯერ არც შრომას გაურბის და არც გუდამაყრის მკაცრი ზამთრის ეშინია. ისიც სინანულით იხსენებს გოდერძის და თვლის, რომ მისი სახელობის სახლ-მუზეუმის აშენებით საქვეყნო საქმე გაკეთდება. „კარგი ბიჭი იყო გოდერძი. კარგი დედიშვილი. წიგნი წავიკითხე მისი და გული შემიწუხდა, ჩვენი ხეობის ტკივილი აქვს აღწერილი. მსოფლიომ კი მაგით გაიცნო, მაგრამ აბა, ამით თავის თავს რა არგო“, – წუხს სოფიო ბებო.

„სახლ-მუზეუმი აუცილებელია, თორემ შარშან, გოდერძი ისე დატოვეს, აღარც დაბადების დღე გადაუხადეს“, – დარდობს კიდევ ერთი ჩოხელი, 65 წლის ევა აფციაური.

ჩოხელებს დიდი იმედი აქვთ, რომ ჩამონგრეული სკოლის ტერიტორიაზე გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი აშენდება, ხელისუფლება ამაში მაინც დაუდგებათ მხარში, რომ ჩოხში გოდერძის პატივის მისაგებად მაინც ავიდეს ხალხი. „2 ოქტომბერს გოდერძის დაბადების დღე, რომ გავიხსენოთ ხოლმე“, – ამბობენ ჩოხელები.

მოგვიანებით, სალოცავში ასულებს გოდერძის დედინაცვალი ნუნუ დეიდა, გვეუბნება – რახანია ამბობენ გოდერძის სახლ-მუზეუმის გაკეთებას, მაგრამ მეეჭვება თავი მოაბან, ღმერთმა ქნას რომ გაკეთდეს.

ოთხ სოფელს მხოლოდ ერთი მეათეკლასელი ყავ ნუგეშად

სოფელში, სადაც ახლა 8 ქალი ცხოვრობს, წლების წინ სიცოცლხე დუღდა. ადრე, ამ სკოლაში ბავშვების ჟრიამული ისმოდა. ახლა კი პატარებს ვეძებდით. ბევრი ძებნის შემდეგ – ერთი წლის ნიკოლოზ წიკლაური ვნახეთ. ნიკოლოზის ბებია წუხს, „დიდი რომ გაიზრდება, რა უნდა ვქნათ არ ვიცით, არც ბაღი გვაქვს, არც სკოლა. ალბათ ჩვენ წავალთ ბარში“.  აქაური ბავშვები კიტოხში დადიან. ოთხ კილომეტრ ნახევარს ფეხით გადიან. თუმცა რაღა ბავშვები, ოთხ სოფელს მხოლოდ ერთი მეათეკლასელი ჰყავს ნუგეშად.

ჩოხის გარშემო სოფლებში – ათნოხში, დუმაცხოსა და ბოსლევში მხოლოდ მოხუცებიღა ცხოვრობენ. ჩოხსა და დუმაცხოში ზამთარში მხოლო 12 ოჯახი რჩება. ალბათ პატარა ნიკოლოზსაც წაიყვანენ ბარში, თუ გუდამაყარში მდგომარეობა არ გამოსწორდა.

ნელი ბექაურის თქმით, გუდამაყრის ხეობის 22 სოფელში 105 ოჯახიღაა დარჩენილი და ამ ოჯახებსაც ბევრი პრობლემა აქვთ. არ არის მაღაზია, ამბულატორია, ფოსტა, აფთიაქი… ისინი მხოლოდ ღვთისა და ერთმანეთის იმედად ცოცხლობენ.

სამედიცინო ცენტრი კიტოხშია. „აქ რომ ვინმეს რამე დაემართოს მშველელი არავინაა. კვირაში ერთ დღეს ამოდის ექიმი, სხვა დღეს ადამიანი ცუდად არ უნდა გახდეს“, – ხუმრობენ ჩოხელები.

ხათუნა გურგენიძე გუდამაყარში კვირაში ერთხელ ანანურიდან ადის. ადრე ფასანაურიდან იძახებდნენ სასწრაფოს. „ახლა დუშეთიდან უნდა გამოვიძახოთ. ვიდრე აქამდე ამოვა სასწრაფოს მანქანა, ორი სათი მაინც მოუნდება. ავადმყოფი მანამდე მოკვდება კიდეც“, – ამბობენ ადგილობრივები. გამიმხილეს, რომ ზამთრის მხოლოდ ამიტომ ეშინიათ, თუ რამე დაემართა რომელიმეს, დამსაფლავებელიც არავინ გვყვავსო. ზამთარში თოვლისგან გზის გაჭრა ჭირს და საფლავს როგორ გავჭრით, როცა ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე არავინ დარჩა სოფელშიო.

მოძრავი მაღაზია და მარშუტკა კვირაში ერთხელ

პირველადი მოხმარების ნივთებით და პროდუქტით დატვირთული მარშუტკა გუდამაყარში, ქალაქიდან კვირაში ერთხელ, სამშაბათობით, ისიც ზაფხულში, ამოდის. მოსახლეობაც, იქიდან ყიდულობს მარილს, შაქარს… თუ არადა, თუ ვინმე ფასანაურისკენ მიდის, მას აბარებენ შაქარს, მარილს, წამალს და ა.შ.

ერთადერთი ტრანსპორტი, მარშუტკა, თბილისი – ჩოხი კვირაში ერთხელ დადის, ისიც ზამთარში ჩოხამდე ვეღარ ამოდის. „წელს გვიან ჩაიკეტა გზები, იანვრის შუა რიცხვებში მოვიდა თოვლი. ისე კი, დეკემბრიდან მარტის ჩათვლით გარესამყაროსა ვართ ხოლმე მოწყვეტილი. ეხლა ეს წყლები ადიდდება და ისევ უგზოდ დავრჩებით“, – დარდობენ გუდამაყრელები. მათივე თქმით, გზა რომ იყოს, ისევ უკან დაბრუნდება ხეობიდან წასული ხალხი, რადგან ზაფხულში ყველა გუდამაყრელი საკუთარ კერას მაინც აკითხავს. ზამთარში კი ან თბილისში მიდიან ან ბავშვები მიჰყავთ სხვაგან სასწავლებლად.

„არც მაღაზია გვაქვს, რომ რამეს ყიდვა გვინდოდეს. ტრანსპორტი რომ იყოს წავიდოდით და მოვიტანდით რამეს, მაგრამ ტრანპორტიც აღარაა, ზოგჯერ ისე ვიკეტებით თოვლში, რომ… რომ ვიცით ჩვენი ხეობის ამბავი, ვისაც საშუალება აქვს, შემოდგომას იმარაგებს ფქვილს, მარილს, ყველაფერს. არც გაზი გვაქვს, შეშითა ვართ სულ…. გვიჭირს, მაგრამ მეტი რა გზაა. ვაუჩერებიც არ გვაქვს შეშაზე. ამასწინათ, საწვავის ვაუჩერი მოგვცეს, მიწის დასამუშავებლად, მაგრამ მიწას ხარით, გუთნით და თოხით ვამუშავებთ. მოსავალი მწირია, კარტოფილი, მწვანილი და ლობიო ოჯახისთვის თუ მოგვყავს. პირუტყვი გვყვავს, პირუტყვის გულისთვის ვართ აქ“, – ამბობს ევა აფციაური და ნაზუქებზე გვეპატიჟება. უგემრიელესი ნაზუქი იყო.

 დუმაცხო ორი ოჯახით

 ჩოხიდან დუმაცხოში გადავწყვიტეთ გადასვლა და იქაურებთან გასაუბრება. თუმცა, შავმა არაგვმა ძალიან შეგვაშინა. სახელდახელოდ დაგებულ ხიდებზე გულის ფრიალით გადავიარე. მეგონა, აღრიალებული არაგვი ფეხქვეშ გამომაცლიდა სიპი ქვებით გაკეთებულ ხიდს.

დუმაცხოში ორი ოჯახი დაგვხვდა. 80 წლის მაგდანა აფციაური და 68 წლის თამარ ჩოხელი.

„ნეტა შემოვიდოდეს ვინმე და გააკეთებდეს რამეს. აქ კარგი ჰაერია, კარგი წყლებია. გზაც მოვიდოდა, ხალხიც შემოტრიალდებოდა, ეს მომთაბარე ხალხიც დაბრუნდებოდა, ახალგაზრდობამ აქ რა უნდა გააკეთოს, გადარჩენისთვის მიდიან ბარში“,- ამბობს თამარ ჩოხელი და მდინარისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე წუხს. ჩოხში გადასასვლელი ხიდი არაა და როგორც კი არაგვი ადიდდება, სოფელი გარესამყაროს მოწყდება. იმასაც შიშობს, რომ გაზაფხულზე მოვარდნილმა არაგვმა შესაძლოა მისი კარ-მიდამოს წალეკოს.

„აქ ადრე სკოლა გვქონდა, აბანო, ელექტროსადგური, საკუთარი ელექტროენერგია გვქონდა. ყოველ შაბათ-კვირას კინოც ამოდიოდა. ყველაფერი ჩაიქცა და ჩამოინგრა“, – წარსულს მისტირიან მოხუცები.

„რაღაც უნდა გაკეთდეს, რომ ხალხი მოტრიალდეს და დაუბრუნდეს სოფელს. ადრე მეცხოველეობა იყო განვითარებული, ოჯახს თუ ათი სული საქონელი მაინც ეყოლება, აღარ გაუჭირდება“, – გვეუბნება 42 წლის გურჯი აფციაურმა, რომელიც გუდამაყარში ოთხი წლის წინ დაბრუნდა. მისივე თქმით, გუდამაყარში ბევრი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი მიდის, „კარვებს გაშლიან ხოლმე და მერე აქედან ყაზბეგში გადადიან. გუდამაყარში დიდი ტურისტული პოტენციალია და ვინმე რომ დაინტერესდეს, ამით ჩვენც გვეშველება და ქვეყანასაც სასიკეთოდ წაადგება“.

ჩოხის ზემოთ მერცხლის ბუდესავით შეფენილ სოფელში მხოლოდ ერთი კაცი ცხოვრობს. მოხუცი თავის სახლ-კარსა და ფუძეს არ ტოვებსო. სამწუხაროდ, იქამდე ასვლას ვეღარ ვასწრებთ.

პრეზიდენტამდე რომ მივსულიყავი, პირველ რიგში გზას ვთხოვდი

 ნელი ბექაური გუდამაყრის რწმუნებულის თანაშემწედ დანიშვნამდე, თემის რწმუნებული იყო და 22 სოფელი ებარა. კვირაში ერთ-ერთ დღეს, დუშეთის გამგებელთან სოფლის გამგებლების თათბირზე რომ ჩასულიყო, ჩოხიდან ფასანაურამდე ფეხით ჩადიოდა და უკანაც ფეხით ბრუნდებოდა. ხეობაში ბევრი ამბობს, ნელი რომ არა, აქამდე ვინც შემოვრჩით გუდამაყარში, ჩვენც აყრილები ვიქნებოდითო.

ნელი ბექაური: „გუდამაყარში შეიძლება სოფლის მეურნეობა განვითარდეს. იყო საუბარი, რომ გრანტები ჩაიდოს, განვითარდეს მესაქონლეობა, მეფუტკრეობა, მეთევზეობა. ადრე ჰესი მუშაობდა, მაგრამ მის გაკეთებას ძალიან დიდი თანხა დასჭირდება. აქ ჯებირებია გასაკეთებელი. გამსიც ამ პრობლემის წინაშე დგას, ყველაზე მრავალკომლიან სოფელში – ლუთხუბში, სადაც 37 ოჯახი ცხოვრობს, ხიდია გასაკეთებელი. უხიდობა უდიდეს პრობლემას უქმნის მოსახლეობას. მთას თუ ყურადღება არ მიექცა, მესამედ დაიცლება გუდამაყარი. სანამ შატილივით არ დაეცემა გუდამაყარი, ხომ შეიძლება გზა მაინც გაკეთდეს? უგზოობის გამო არ აქვთ საშუალება, რომ საქონელი გამოკვებონ. ყველაზე მეტი გაჭირვება ამ კუთხეშია. დღეს თუ 105 ოჯახია, ხვალ აღარავინ დარჩება.

ადრე, კომუნისტების დროს, საკრებულომდე ასფალტიანი გზა იყო. ნეტა, ტელევიზორი მაინც არ არსებობდეს ჩვენთან, იმას მაინც არ გავიგებდით, რომ გზები ყველგან კეთდება და გული ასე არ დაგვწყდებოდა. ფასანაურიდან კიტოხამდე რომ გაკეთდეს გზა, ეს 13 კილომეტრი დიდი შეღავათი იქნებოდა ხალხისთვის.

ჩოხამდე გზის ამოყვანას, არავინ ითხოვს, რადგან წყალში გადაყრილი იქნება ეს ფული. არაგვი ადიდდება ან წვრილ-წვრილი მეწყერები გზას მაინც წაიღებს – მხოლოდ ფასანაურიდან კიტოხამდე. პრეზიდენტამდე რომ მივსულიყავი, პირველ რიგში მაგას ვთხოვდი – გზას ვთხოვდი“.

ნელი ბექაური გულსიტკივილით იხსენებს, როგორ იმსხვერპლა უცებ ადიდებულმა არაგვმა მისი მამამთილი. „ვიდრე კიდევ ვინმე არ დაღუპულა, იქნებ გაკეთდეს ხიდები, მერე ვაის და ვუის ძახილს. ზღვაში წვეთია რასაც ეს ხალხი ითხოვს. ხიდი ჩოხიდან დუმაცხოში და ლუთხუბში. ზამთარში მართლა საშინელებაა ოთხი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ადამიანი ფეხით მაინც რომ გადავიდეს. მდინარეზე კი ნაპირსამაგრი სამუშაოებია ჩასატარებელი, თორემ მოსახლეობას საფრთხე შეექმნება, განა მარტო ამ სოფლებს, ქვევით სოფლებსაც. იქნებ, ვინმემ ჩვენი სატკივარი გულთან ახლოს მიიტანოს“,- ამბობს ნელი ბექაური.

„ჩოხმა მიმიღო“…

შავ არაგვს გამოღწეულმა მაინც გავწიე ჩოხის წმინდა გიორგის სალოცავისკენ. იქ გოდერძის დედინაცვალი, ქალბატონი ნუნუც მელოდებოდა. გამიმართლა, თბილისიდან ახლადჩამოსული, 35 წლის ჩოხელი ირაკლი აპირებდა სალოცავში ასვლას. გზას ერთად გავუყევით, გურჯიც წამოვიდა. ირაკლი გზადაგზა ადგილობრივ ტრადიციებზე მომითხრობდა. თურმე, ხეობა სტუმარს თუ მიიღებს, აუცილებლად გაწვიმდება, რაც არ უნდა მზიანი ამინდი იყოს და ჩოხის გასასვლელში გადაიღებსო. გულდაწყვეტილმა ჩავიჩურჩულე, ესე იგი მე არ მიმიღო მეთქი ჩოხმა. სალოცავში ქალის შესვლა არ შეიძლება. თურმე, ადრე ქალი რომ მშობიარობდა, სოფელს გარეთ მიდიოდა და ორმოცი დღის შემდეგ ბრუნდებოდა ოჯახში. ჩოხელები ღვთის რჩეული ხალხი ვართ და ჩოხელის ვაჟისთვის ცოლობაზე უარის თქმაც არ შეიძლებოდაო… საუბარში ვერ შევამჩნიე ისე მივადექით გოდერძის მამა-პაპისეულ სახლს და ნუნუ დეიდაც გამოგვეგება. მოგვესიყვარულა, უკან მთაზე გადამიყვანა და გოდერძის საყვარელი ადგილები დამანახა. შორიდან ვხედავდი ზარებს და ადგილს, სადაც ხევისბერი გამოდის ხოლმე და ირაკლიც წამდაუწუმ მაფრთხილებდა, რომ აკრძალულ ტერიტორიაზე ფეხი არ დამედგა, ფოტოკადრისთვის კი ვნატრობდი, რომ ნახევარი ნაბიჯით იქით გადავსულიყავი და გადამეღო, მაგრამ მაინც დავემორჩილე ადგილობრივების ადათ-წესებს. სამაგიეროდ, იმ ეკლესიაში შესვლის ნება დამრთეს, რომელიც ძველი ეკლესიის ნანგრევებიდან ადგილობრივებმა თავიდან ააგეს.

ნუნუ დეიდა სიყვარულით მისტუმრებს და მარიამობას მიწვევს, ირაკლი კი ბევრი თქმულების მოყოლას მპირდება. თუ ორი სამი დღე დავრჩები გუდამაყარში, იმდენისას, რომ წიგნი დაიწერებაო მარწმუნებს და უკანა გზაზეც გუდამაყრის ისტორიებს და თქმულებებს ვისმენ. მთიდან დაშვებისას სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობთ. ირაკლის მიაჩნია, რომ რაც შეიძლება ადამიანს ამძიმებდეს, ყველაფერი აწუხებს ამ ხალხს. „გუდამაყრის გარდა მეეჭვება ვინმეს შეეძლოს ამდენი გაჭირვების გადატანა“, – ამბობს ირაკლი ჩოხელი.

ის წინააღმდეგია ტურისტული ბაზები აშენდეს გუდამაყარში, ისე როგორც გუდაურში, ხევში, სვანეთში. მისი აზრით, აქაურობას აღარ ექნება ის ხიბლი, რაც ახლა აქვს და ნელ-ნელა მამაპაპისეული ტრადიციაც დავიწყებას მიეცემა. „მთა არის, ფაქიზია, გაფრთხილება უნდა. მისი გადარჩენისთვის, ალბათ სხვა გზა არებობს… გოდერძი, რომ იყოს ცოცხალი, ის გეტყოდათ აუცილებლად“,- გვითხრა ირაკლიმ.

მწუხრის ჟამს დავემშვიდობეთ ჩვენს მასპინძლებს და დუშეთისკენ გამოვწიეთ. უკან ირაკლი მოგვყვებოდა… უცებ მოიღრუბლა და კოკისპირული, თბილი წვიმა წამოვიდა. ირაკლიმ გაჩერდითო, გვანიშნა – ხედავ, მიგიღო ხევმა, მიგიღო – დამიძახა. ხევმა მიმიღო, ჩოხს როგორც კი გამოვცდით, წვიმამ მართლა გადაიღო.

http://www.icmm.ge/ka/site/articles/1397/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-(photo—video).htm

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s