მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, კახეთში, კურორტ „ახტალას“ რეაბილიტაცია მოხდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, კურორტზე სატრეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.
რეაბილიტაცია ახტალის ტერიტორიაზე შიდა საკომუნიკაციო სისტემების გამოცვლას, ახალი პარკებისა და საბავშვო გასართობი მოედნების გაკეთებას, სავარჯიშო ტრენაჟორების დადგმას, ახალი სანატორიუმის მშენებლობას მოიცავს.
„ეს უნდა იყოს კურორტი, რომელიც ყველს ახსოვს. შესაბამისად, სხვა ფუნქციებიც უნდა დაემატოს, რომელიც მიმზიდველს გახდის არამარტო საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ უცხოელებისთვის, რომლებიც ბევრნი ჩამოვლენ კახეთის სანახავად“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
მისივე თქმით, კურორტის რეაბილიტაციას ირლანდიური კომპანია „არუპი“ განახორციელებს. „მოვინახულე კურორტი „ახტალა“ და შეიძლია თამამად ვთქვა, რომ მას განვითარებისთვის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. აქ შიქმნება რეგიონული დონის სპა ცენტრი, სადაც ტურისტებს მთელი მსოფლიოდან მოვიზიდავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ახტალა იქნება ბოლო პერიოდის ყველაზე გამორჩეული პროექტი“, – განაცხადა კომპანია „არუპის“ დირექტორმა შონ მეისონმა.
რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ახტალის სამკურნალო ტალახი სპეციალურ კონტეინერებში დაფასოვდეს და მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდოს.
„ახტალა“ საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. ახტალის ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს. ახტალა, თბილისიდან 120 კილომეტრში, ქალაქ გურჯაანში მდებარეობს.
http://ick.ge/ka/rubrics/economics/10370-2012-03-30-08-44-18.html