RSS

Monthly Archives: დეკემბერი 2011

როგორ ავარჩიოთ თაფლი

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მწვავედ დგება საახალწლო სუფრისთვის პროდუქციის შერჩევის საკითხი.  www.momxmarebeli.ge -ს ან სურსათის ცხელ ხაზს (2194242) ხშირად მიმართავენ მომხმარებლები შეკითხვებით, რა პირობებს უნდა  აკმაყოფილებდეს ესა თუ ის პროდუქტი, როგორ უნდა შევარჩიოთ იგი. თუნდაც როგორ უნდა შევარჩიოთ თაფლი –  როგორ ამოვიცნოთ, ნატურალურია თუ ფალსიფიცირებული?    

 თაფლის სასარგებლო თვისებები

 თაფლი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საკვები პროდუქტია. მისი მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები განისაზღვრება არა მარტო ადვილად ასათვისებელი შაქრის დიდი რაოდენობით, არამედ ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი მინერალური ნივთიერებების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებების შემცველობით. ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ხასიათდება ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზირებელი მოქმედებით. აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას.

სამწუხაროდ, ბაზარზე საკმაოდ ხშირად იყიდება ფალსიფიცირებული თაფლი.  სასარგებლოა, ვიცოდეთ ნამდვილი და ფალსიფიცირებული თაფლის გარჩევა. გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას:

გამჭვირვალობა: თაფლის  სხვადასხვა ფერი შეიძლება იყოს (ყვავილოვანი თაფლი ღია ყვითელი ფერისაა, ცაცხვის – ქარვისფერი, იონჯისა – თითქმის უფერო, წაბლის – ყავისფერი). ნამდვილი თაფლი, თუკი მას დაწყებული არ აქვს ჩაშაქრება,  აუცილებლად გამჭვირვალეა (თაფლი ჩაშაქრებას აცივებისთანავე იწყებს, ამიტომ ზამთრის თვეებში ნატურალური თაფლიც გაუმჭვირვალე, დაბურული ხდება); თაფლი რომელსაც მინარევები აქვს (შაქარი, სახამებელი ან სხვა) მღვრიეა და თუ კარგად დავაკვირდებით შესაძლებელია ნალექის შემჩნევაც.

არომატი: ნამდვილი თაფლი გამოირჩევა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი არომატით, რომელიც არც ძალიან მძაფრი უნდა იყოს და არც – ძალიან სუსტი. შაქრის შემცველ თაფლს არომატი თითქმის არ აქვს, მისი გემო ჰგავს შაქრიანი წყლის გემოს.

გემო: ნატურალური თაფლი არა მარტო ტკბილია, მისი სიტკბო ოდნავ წვავს ყელს.

სისქე: თაფლის მცირე რაოდენობის პირში ჩადებისას ის სწრაფად არ დნება და დროის გარკვეულ მონაკვეთში ფორმას ინარჩუნებს; დაიწვეთეთ თაფლი ხელის ზურგზე, თუ წვეთი შეინარჩუნებს ფორმას და არ დაიშლება – თაფლი ნატურალურია;

კონსისტენცია: გასრისეთ თაფლი თითებს შორის. ნატურალური თაფლის კონსისტენცია ნაზია, მას კანი შეიწოვს. ფალსიფიცირებული თაფლი უხეში კონსისტენციისაა და კოშტების სახით რჩება თითებს შორის; ნატურალური თაფლი ჩაშაქრებულიც კი ერთგვაროვანია, განშრევებების გარეშე, შაქრის ცალკეული კრისტალები მასში არ იგრძნობა;

წყლის შემცველობა: მომწიფებული ნატურალური თაფლი თითქმის არ შეიცავს წყალს. ამიტომ, თუ მას დააწვეთებთ ქაღალდზე, არ წარმოქმის სველ ლაქას. ფალსიფიცირებული თაფლი კი ქაღალდს ასველებს; შეგიძლიათ ასეც გამოსცადოთ: ჩაუშვით თაფლში პურის პატარა ნაჭერი და გააჩერეთ 10-12 წთ. ამოიღეთ, თუ თაფლი ნატურალურია, პური გამაგრდება, თუ ფალსიფიცირებულია – დარბილდება.

კიდევ რამდენიმე რჩევა ნატურალური თაფლის გამოსაცნობად:

ამოიღეთ თაფლი კოვზით, თუ იგი ნატურალურია, წარმოქმება გრძელი (10-12 სმ) „ძაფი”, რომელიც დიდხანს არ წყდება და თუ კოვზს დაატრიალებთ, ზედ დაეხვევა. როდესაც თაფლის ძაფი გაწყდება, ზედაპირზე წარმოიქმნება პატარა ბორცვი, რომელიც ნელ-ნელა გასწორდება;

გახსენით ერთი სუფრის კოვზი თაფლი ერთ ჩაის ჭიქა ცხელ წყალში, ნატურალური თაფლი მთლიანად გაიხსნება და არ წარმოქმნის ნალექს, ხსნარი არ აიმღვრევა თუ მას ცოტაოდენ სპირტს დავუმატებთ;

წაუსვით თაფლის თხელი ფენა ფურცელს ისე, რომ კიდეები თავისუფალი დარჩეს. ფურცელს წაუკიდეთ ცეცხლი. თუ ცეცხლი ჩაქრა, თაფლი ნატურალურია, თუ მთელი ფურცელი დაიწვა, თაფლი ფალსიფიცირულია;

თაფლის წვეთს მოაყარეთ ცოტაოდენი სახამებელი, თუ იგი თეთრ ნაფიფქად დარჩა თაფლი ნატურალურია;

ჩაის სუსტ და თბილ ნაყენს დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი, თუ იგი ნატურალურია, ჩაი გამუქდება, მაგრამ ნალექი არ წარმოიქმნება;

გავარვარებული ნემსი ჩაუშვით თაფლში, თუ მასზე წარმოიქმნება წებოვანი  მასა, თაფლი ფალსიფიცირებულია, ნატურალურ თაფლში ნემსი სუფთა დარჩება.

გახსოვდეთ: თუ ზამთარში ან გაზაფხულზე თხევად, გამჭვირვალე თაფლს გთავაზობენ, დაფიქრდით სანამ ასეთ თაფლს იყიდით. თხევადი თაფლი ზამთარში საკმაოდ  იშვიათია, თაფლის ძალიან ცოტა სახეობა (აკაციის, წაბლის), რომლებშიც მაღალია ფრუქტოზის შემცველობა, გაზაფხულამდე თხევადი რჩება. თაფლი ზამთარში ჩაშაქრებას იწყებს და გამჭვირვალობას კარგავს. თუ ზამთარში თაფლს შებურული ფერიც კი არ დაკრავს, ის ან ხელოვნურია, ან ფუტკარს შაქრის ვაჟინით კვებავდნენ. შესაძლოა, თაფლი ნატურალურია, მაგრამ იგი ჩაშაქრდა და გასადნობად გააცხელეს. სამკურნალო თვისებები ასეთ თაფლს აღარ აქვს.

თაფლის შენახვა და მოხმარება:

თაფლი ბნელ და გრილ ადგილას უნდა შეინახოთ მინის ან ემალირებულ თავდახურულ ჭურჭელში, რადგან იგი საკმაოდ ადვილად იღებს უცხო სუნს. ასეთ პირობებში თაფლი შეიძლება  წლების განმავლობაში შევინახოთ;

მზის პირდაპირი სხივები უარყოფითად მოქმედებს თაფლზე. 48 საათით მზეზე გაჩერების შემდეგ მასში იშლება ფერმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი;

არ შეიძლება თაფლის შენახვა მეტალის ჭურჭელში, ვინაიდან იგი რეაქციაში შედის და წარმოქმნის მომწამლავ მარილებს. პლასტმასის ჭურჭელში თაფლი შეიძლება შევინახოთ მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში;

თაფლის სასარგებლო თვისებები თერმული დამუშავების შემდეგ ისპობა, ამიტომ:

ნუ გააცხელებთ ან მოხარშავთ თაფლს;

ნუ ჩადებთ თაფლს მდუღარე წყალში ან ჩაიში. გააგრილეთ ჩაი და მხოლოდ შემდეგ უყავით თაფლი.

თუ ჩაშაქრული თაფლი არ გიყვართ, იმისთვის რომ თაფლმა სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს, იგი ძალიან ფრთხილად უნდა გაადნოთ: ჩადეთ ქილა თბილ (არა უმეტეს 40ºC) წყალში და დაელოდეთ.

სამწუხაროდ, გოზინაყის მომზადებისას თაფლის სასარგებლო თვისებები ისპობა.

უფრო ვრცლად ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ შეარჩიოთ თაფლი ან სხვადასხვა პროდუქტი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე  http://www.momxmarebeli.ge/?menu=28&rec=2173.

 

 

ტურისტებისთვის საინტერესო ქალაქი კახეთში

ოლიკო ცისკარიშვილი

თბილისიდან ასიოდე კილომეტრის სავალზე მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ციხე-ქალაქი სიღნაღი, რომელიც დღეს, ტურისტებისთვის ერთ-ერთ საინტერესო და მიმზიდველ ქალაქად ითვლება, მას შემდეგ, რაც ქალაქში აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა და ქალაქის იერსახე გალამაზდა. ბოლო წლებში, საქარველოს კულტურის სამინისტროსა და პრეზიდენტის მხარდაჭერით განხორციელებული სიღნაღის რეაბილიტაცია ადგილობრივ მაცხოვრებლების ეკონომიურ მდგომარეობაზეც კარგად აისახა. აშენდა სასტუმროები, რამდენიმე ახალი რესტორანი და კვების ობიექტი, შეიცვალა ინფრასტუქტურა, მოპირკეთდა ქუჩები, შენობებს დაუბრუნდა ისტორიული სახე. ასევე აშენდა სიღნაღის მუზეუმი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. გაშენდა პაწაწინა ”სიყვარულის ბაღი”…

This slideshow requires JavaScript.

იქ ჩამსვლელ უცხოელ ტურისტთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და ადგილობრივებსაც გარკვეულწილად შემოსავლის წყარო გაუჩნდათ. სიღნაღს არა მარტო უცხოელი ტურისტები სტუმრობენ, იქ საქართველოს ყველა კუთხიდან ჩადიან. ერთ-ერთი ფაქტორი რაც ქართველ მოგზაურებს იზიდავს ეს ქორწინების სახლია (ქორწინების სახლი XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული. ეს ნაგებობა ამ პერიოდის სიღნაღური არქიტექტურის მშვენიერი ნიმუშია. ნაგებობას ჩაუტარდა აღდგენითი–სარესტავრაციო სამუშაოები). სადაც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ახალდაქორწინებულებს. გარდა ქორწინების სახლისა აქ განლაგებულია “ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი”. მარჯვენა, ახალ ფლიგელში კი ვანო სარაჯიშვილის მუზეუმია, სადაც სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ XX საუკუნის დასაწყისის დიდი ქართველი მომღერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ დოკუმენტებს, მის პირად ნივთებს, სურათებს და სხვა საინტერესო მასალებს. ვანო სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმის გარდა, სიღნაღში არის ცნობილი კომპოზიტორის სანდრო მირიანაშვილის სახლ-მუზეუმიც, სადაც თავმოყრილია კომპოზიტორის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ექსპონანტები, მისდამი მიძღვნილი ფერწერული ტილოები და სხვა.

სიღნაღში არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მუზეუმიც, სადაც შუა საუკუნეების მასალა არის დაცული. სიღნაღის მუზეუმის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას XIX-XX საუკუნეთა მსოფლიოს უდიდესი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანიშვილის უნიკალური ფერწერული კოლექცია წარმოადგენს.

თუმცა ქალაქში მაცხოვრებლებს ძირითადი შემოსავალი ტურისტებისგან შემოსდით და ქალაქში შესული ტურისტისთვის ალბათ ყოველგვარი კომფორტია შექმნილი, ავტოსადგურთან განლაგებული ფეხსალაგით, არა მგონია, რომელიმე ქვეყნის ტურისტი იყოს კმაყოფილი. თუმცა ეს ”პატარა” პრობლემა რა მოსატანია პროდუქტებზე დაბალ ფასებთან და ქართულ სტუმართმოყვარეობასთან შედარებით.

”წლების განმავლობაში, როგორც ბრმები ისე იყავით, სიცოცხელ დაგვირუნდა, არც გაზი გვქონდა არც წყალი, წყალი რომ არ გვქონდა ჟოლოფის ქვეშ ვაგროვებდით წყალს და სარეცხს ისე ვრეცხავდით, მთლიან სიღნაღში გაკეთდა კომუნიკაცია, თუმცა დარჩა პატარა ქუჩები, მაგრამ ეხლაც კეთდება. სიცოცხლე შემოვიდა სიღნაღში. ვისაც უყვარს შრომა ის იცხოვრებს. ტურისტებს თავად სიღნაღი მოსწონთ, ბუნება, ხედი…” – ამბობს 48 წლის სიღნაღელი მაია გომელაური.

ადგილობრივების თქმით, ზაფხულში ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს ციხე-ქალაქს, თუმცა ზამთარშიც ჰყავს სტუმრები. ეგვიპტიდან ჩამოსული ახალგზარდა ყმაწვილი, თუმცა იმავე დღეს დაბრუნდა თბილისში, მიუხედავად უსაშველო ყინვისა და სიცივისა, აღფრთოვანებული ბრუნდებოდა უკან, სიღნაღის ხედებით მოხიბლული ირანელებმა კი რამდენიმე დღის გატარება გადაწყვიტეს ”სიყვარულის ქალაქში”. მაღალი მთის კონცხიდან დანახული ალაზნის ველი და კავკასიონი წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველებზე.

”თუ შრომა გინდა არ იქნები ულუკმაპუროდ, მეც ახალგაზრდა ქალი ვარ მაგრამ მეეზოვედ ვმუშაობ. რომ გენახათ ადრინდელი სიღნაღი და დღევანდლისთვის შეგედარებინათ, ვერ იცნობდით. რაც კარგი გააკეთა ამ მთავრობამ ხომ უნდა დავინახოთ. არავის დასამდური არ გვაქვს ამ ქალაქში. თუკი რამ არის ყველაფერი კეთდება. კაფეები გაკეთდა, რესტორნებიც, მაღაზიებიც… ფასადები შეკეთდა, სახლების სახურავები… თუ კი რამ შეიძლება, ყველაფერი კეთდება.  ბევრი ტურისტი ჩამოდის  და გამოცოცხლდა ქალაქი. ადრე რომ ლუკმა-პური ენატრებიოდა ხალხს, ახლა აღარ შიათ, ახლა შემოსავალი აქვთ. ხალხმა გამოიტანა თექის ნამუშევრები, ნაქსოვები…  მოხუცი ქალი ყიდის, საარსებო აქვს გაჩენილი. ზოგი ჩურჩხელას ყიდის, ზოგი რას და ეს ტურისტებსაც მოსწონთ,” – ამბობს 50 წლის ნატო ბეროშვილი.

კახეთის ულამაზესი კუთხე, ქიზიყის გული – შეფენილია ცივ-გომბორის ქედზე, ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზე. სიღნაღი წარმოსდგება თურქული სიტყვიდან წარმოსდგება და თავშესაფარს ნიშნავს. თუმცა სხვა წყაროების მიხედვით, სიღნაღი თურქული წარმოშობის სიტყვაა (თურქ. sığınak, აზერბ. sığınaq) და „აუღებელს“ ნიშნავს.

აქ ძველთაგანვე ყოფილა ციხე-სიმაგრე, რომელსაც იყენებდნენ როგორც მოსახლეობის, ასევე პირუტყვის თავშესაფრად. სიღნაღი თელავის მსგავსად მეფისეულ მამულად ითვლებოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ქიზიყში საერთოდ არ ყოფილა ბატონყმობა. შესაბამისად, ქიზიყი უბატონო ქვეყანა იყო და უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. სამოქალაქო ხელისუფლებას აქ მოურავი განაგებდა; სამხედრო განაწესის მიხედვით კი ჴიზიყი პირველ მოწინავე სადროშოს წარმოადგენდა, რომელსაც ბოდბის ეპისკოპოსი განაგებდა. სიღნაღი მისი მდებარეობის წყალობით ძირითადად როგორც ხელოსანთა და ვაჭართა ქალაქი ჩამოყალიბდა. აქ რამდენიმე სავაჭრო გზა იკვეთებოდა. ძველი საქარავნო გზა გადიოდა თბილისიდან ნუკრიანის გავლით ჰერეთისაკენ და სიღნაღიდან, ანაგის გავლით, თელავისკენ. ქალაქ სიღნაღისა და სიღნაღის ციხე-სიმაგრის ისტორია განუყრელადაა დაკავშირებული მეფე ერეკლე II-ის სახელთან, რომელმაც ,,განაახლა…. გალავანი სიღნაღისა” და მას მთავარი როლი დააკისრა ლეკებისა, ოსმალ-ყიზილბაშებისგან თავის დასაცავად. ერეკლე II-მ მოახდინა სიღნაღის გალავნის გენერალური რეკონტრუქცია, გაამაგრა კედლები და შეუხამა იმ დროის მოთხოვნებს.
სიღნაღის ციხე-გალავანი ერთი-ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია არა მარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. მას თითქმის 40 ჰექტარი უკავია. გალავნის სიგრძე 4-კილომეტრამდეა. მთელ პერიმეტრზე განლაგებული ყოფილა 23 კოშკი, ყველა მათგანი ატარებდა სახელს იმის მიხედვით, თუ რომელი სოფელი მონაწილეობდა მის მშენებლობაში. ციხეს ჰქონია 6 შესასვლელი, რომლებიც ასევე სოფლების სახელებს ატარებდნენ.
მტრის შემოსევის დროს, ციხე-გალავნის ამშენებელი სოფლების მოსახლეობა თავისი სარჩო-საბადებლით აქ აფარებდა თავს. მათ ევალებოდათ კოშკებისა და გალავნის დაცვა. ციხის კედლები ორ იარუსიანია. ქვედა, ყრუ იარუსის კედლის სისქე 1,5 მეტრს, ხოლო ზედა იარუსისა 70-80 სმ-ს შეადგენს. ამ კედლების სიგრძეთა განსხვავება ქმნის საბრძოლო ბილიკს. სიღნაღის ციხე-გალავანში ჩაშენებულია წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის ეკლესია (წმ. სტეფანეს ეკლესია 1762 წელს არის აგებული. ამჟამად წმ. სტეფანეს ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ძეგლია სიღნაღში). გალავანი ნაგებია ძირითადად რიყის ქვით, უმნიშვნელო რაოდენობითაა გამოყენებული აგური. ქალაქში  წმ. გიორგის ეკლესიაც მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. (წმ. გიორგის ეკლესია XVIII საუკუნეშია აგებული. ეს ეკლესია ნაწილობრივ ძველი გალავნით არის მოფარგლული).

 

სილიციუმორგანული პოლიმერული საფარების შემუშავება – ინოვაციური წინადადება ანუ ციტრუსების ხანგრძლივი შენახვის მეთოდი

ოლიკო ცისკარიშვილი

ქიმიის მეცნიერებათა დოქტორ ომარ მუკბანიანის კაბინეტში რომ შევედი, პირველი რაც თვალში მომხვდა, კედელზე ჩამოკიდებული ნახატი იყო, რომლიდანაც მშვიდი ფერები იღვრებოდა. ნატურმორტი, საიდანაც მადისაღმძვრელად იმზირება ბროწეული, კომში და ვაშლი პროფესორ ნინო ილურიძეს დაუხატავს. ეს ნახატი, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ბატონ ომარ მუკბანიანის ჯგუფის მორიგი გამოგონების წყალობით შეიქმნა. საღებავები, რომლებშიც სილიციუმორგანული პოლიმერებია გარეული სხვა დანარჩენი საღებავებისგან განსხვავებით, სხვა დადებით თვისებების გარდა, ის უპირატესობაც აქვს, რომ ოთხ-ხუთ დღეში შრება, როცა სხვა ზეთის საღებავებს გასაშრობად ზოგჯერ ერთი თვეც კი სჭირდება.

This slideshow requires JavaScript.


`ეს საღებავები, ჰიდროფობური თვისებისაა და ნესტს არ გაიკარებს, – ირწმუნება ომარ მუკბანიანი, რომელიც თურმე ბავშვობაში თავადაც ხატავდა და ახლაც დიდი სიამოვნებით ელოდება იმ დროს, როცა მხატვრობას დაუბრუნდება, _ ეს კი, იმას ნიშნავს, რომ როცა სილიციუმორგანულ ზეთში პიგმენტს ვურევთ, ნახატი წყალშიც რომ მოხვდეს, არ დასველდება, არ დაზიანდება.”
`ამ ნახატს რომ ვუყურებ, დროთა განმავლობაში ფერები უფრო მკვეთრი და ნათელი ხდება, მაგალითად წითელი, უფრო გამოიკვეთა…” _ ირწმუნება ზეთის სარებავებზე ექსპერიმენტის ჩამტარებელი და იმედოვნებს, რომ მომავალში, ამ საღებავებით ბევრი დაინტერესდება…
ჩვენი შეხვედრის თემა ნამდვილად არ ყოფილა, სილიციუმორგანული საღებავები, თუმცა სილიციუმორგანული ნაერთები მისი და მისი ჯგუფის (პროფესორი ელიზა მარქარაშვილი, თამარ თათრიშვილი, მარგიზი მეგრელიძე და სხვ.) კიდევ ერთი გამოგონების მთავარი ატრიბუტია…
პროფესორმა ომარ მუკბანიანმა თავის პატარა ჯგუფთან ერთად კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით დაასრულა. პროექტი `სილიციუმორგანული პოლიმერული საფარების შემუშავება ციტრუსების ხანგრძლივი შენახვისათვის~ შემუშავდა ციტრუსების შენახვის ვადების გაზრდის მიზნით, ციტრუსოვანი ნაყოფის დეზინფექციისა და შენახვის მეთოდი.
დღესდღეობით, საქართველოში წარმოებული ციტრუსი (მანდარინი, ფორთოხალი და ლიმონი) ვერ უძლებს დიდხანს შენახვას და ტრანსპორტირებას, რის გამოც, დანაკარგი ბევრია.
“პროექტის ძირითადი არსი იმაშია, რომ ციტრუსის ზედაპირის სილიციუმორგანული ნაერთებით დაფარვისას თხელი პოლიმერული აფსკი წარმოიქმნება, რომელიც მნიშვნელოვნად აფერხებს ნაყოფის შენახვისას მასში შემცველი წყლის აორთქლებას, ანუ ტენიანობის შემცირებას და ხელს უშლის ნაყოფის ჭკნობას. ამასთან, აფსკი აფერხებს აირგაცვლას ნაყოფში და ხელს უშლის სოკოვანი ბაქტერიების შეჭრას, რაც ზრდის შესაბამისად მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ვადებს,~ _ ამბობს ომარ მუკბანიანი.
მაკრომოლეკულების ქიმიის მიმართულების თანამშრომლები პოლიმერულ სილიციუმორგანულ საფარებზე 1979 წლიდან მუშაობენ, როგორც შესაფუთ მასალებზე. მუკბანიანის თქმით, ადრეც იყო მცდელობები ამ მეთოდის დანერგვაზე, ბათუმში ერთ-ერთი ციტრუსების საწარმოც დაინტერესებული იყო სამუშაოების დაწყებით. როცა წარმოებაში დანერგვაზე დაიწყო ლაპარაკი, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა სწორედ მაშინ დაიწყეს. თუმცა პროექტი დასრულებულია, მაგრამ მეწარმეები თანამშრომლობაზე არ მოდიან.
`როდესაც რუსეთში დიდი რაოდენობით ციტრუსი გადიოდა, ძალიან ხშირ შემთხვევაში, გზაში გადამზიდველს 50-60 პროცენტი უფუჭდებოდა. ციტრუსი, მით უმეტეს, მანდარინი, ტრანსპორტირებას ვერ იტანს. მის დაზიანებულ ზედაპირზე კი, მთელი რიგი მიკრობების შეჭრას აქვს ადგილი, ხდება ლპობა და გაფუჭებული ციტრუსი, უბრალოდ, გადასაყრელი ხდება. ყველას აქვს თავისი შენახვის მეთოდი, ზოგი სანთლით დაფარვასაც იყენებს – ციტრუსის ზედაპირზე სანთელს ახვევენ. თუმცა, სილიციუმორგანული პოლიმერებით დაფარვას დიდი მნიშვნელობა აქვს, – ირწმუნება პროფესორი, _ რადგან სილიციუმორგანული საფარები ჰაერს ატარებს, ბაქტერიებს კი, არა. მას ციტრუსის დაცვითი პოზიციაც გააჩნია. ციტრუსის ზედაპირზე ამ ნაერთში გავლების შემდეგ, წარმოიქმნება სილიციუმორგანული ფენა და მათი ტრანსპორტირების ვადა, ერთ თვემდეც კი იზრდება.”
პროფესორი ომარ მუკბანიანი ტექნოლოგიასაც გვიხსნის: სილიციუმორგანულ სითხეში გადის ციტრუსი, რომელიც მერე შრება. დროთა განმავლობაში, ზედაპირზე თხელ საფარს იკეთებს, რომელიც უკვე ციტრუსს იცავს.
როგორც აღმოჩნდა, სილიციუმორგანული პოლიმერული საფარები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საერთოდ არ ყოფილა საშიში და ამის დასტურად ბატონმა ომარმა სილიციუმორგანული გულიც მანახა, რომელსაც ოპერაციების დროს, ადამიანს გულის მაგივრად უდგამენ. პროფესორმა ისიც აღნიშნა, რომ სილიციუმორგანული პოლიმერებით ხელოვნურ-სისხლძარღვებს აკეთებენ. ასე, რომ ეს ნაერთი, საერთოდ უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მით უმეტეს, რომ ეს ნაერთი ციტრუსის ზედაპირს არ სცილდება და პროდუქტში შიგნით არ შედის.
`თუ გაიხსნება რუსეთის ბაზარი, ან სხვა დიდ ქვეყნებში გავა ჩვენი ციტრუსი, ეს პროექტი გაამართლებს, _ ამბობს ბატონი ომარი, _ რადგან აქ, საქართველოში, მხოლოდ კერძო სექტორი თუ დაინტერესდება, რაც ნაკლებად სავარუდოა, რადგან ხშირად იმის გამო, რომ ციტრუსი თითქმის არ იყიდება, დაუკრეფავიც კი რჩებათ. საზღვარგარეთ, ამ მეთოდს ნამდილად არ იყენებენ, თუმცა საზღვარგარეთიდან შემოსულ ციტრუსს, მაგალითად, ფორთოხალს, აშკარად ეტყობა, რომ გარედან დაფარულია საფარით.”
მეცნიერი მეწარმეების პოზიციით გაკვირვებულია და გვიყვება – `ამ პროექტში გრანტი არ აგვიღია. ეს პროექტი სუფთა ენთუზიზამზე დავასრულეთ. თუმცა, როცა 2006 წელს გრანტი გვქონდა აღებული, ვერც მაშინ დავაინტერესეთ ბიზნესმენები. მაშინ ინტერპლასტს, რომელსაც ჩინეთიდან ჩამოჰქონდათ შემავსებელი, მათ შორის ცარცი. შევთავაზეთ ეკოლოგიურად სუფთა ანდეზიტის ნარჩენებისგან გაკეთებული პროდუქტი, 50 პროცენტით იაფად და უკეთესი მონაცემებით. მაინც არ წამოვიდნენ თანაშრომლობაზე.~
ასე, რომ ნაკლები იმედი აქვთ ადგილობრივი მეწარმეების, თუმცა როგორც ბატონი ომარის შემოქმედი ჯგუფი ირწმუნება, როგორც სხვა მათი გამოგონება, არც ციტრუსების შესაფუთი მასალის ტექნოლოგია არ ჯდება ძვირი. ამ მეთოდით, მყიდველამდე მიდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც ყველა ვიტამინს ინარჩუნებს.
მოგების რაოდენობა კი წარმოების მასშტაბებზე იქნება დამოკიდებული. საშუალო წლიური და მთლიანი მოგებებს რაც შეეხება, ამ ინოვაციურ წინადადებას რეალიზაციის შემთხვევაში დიდი მოგების მოტანა შეუძლია.