RSS

ხცისი

27 დეკ

ოლიკო ცისკარიშვილი

ხაშურიდან სულ რაღაც შვიდიოდე კილომეტრზე, მტკვრის მარჯვენა მხარეს, თრიალეთის მთების ძირში შეფენილია სოფელი ხცისი – ეს მართლაც უძველესი სოფელი, რომლის მშვენებას უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს 1002 წელს აშენებული უნიკალური ტაძარი, რომელიც ნათლისმცემლის სახელს ატარებს. ის სოფლის სამხრეთით, ტყეში, ნათლისმცემლის ფერდობზე მდებარეობს. სამწუხაროდ, უამინდობის გამო, იქ ვერ შევძელი ასვლა. მეორე მხარეს ყურაქედია, წმ.გიორგის სახელობის ეკლესიით. მათ შორის კი, გაზაფხულსა და შემოდგომაზე გათამამებული და ზაფხულში თითქმის დამშრალი პატარა ნაკადული-ხციულა ჩაედინება, რომლის სათავეშიც ოდითგანვე სამკურნალო გოგირდოვანი აბანოები იყო გამართული, გოგირდოვანი წყლები ამ სოფლისთვის მნიშვნელოვან სამკურნალო საშუალებას წარმოადგენდა, გოგირდი კი ბიბლიაში სწორედ წვიმას უკავშირდება. “აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი”. გოგირდს მეორე სახელიც აქვს “წუმწუმა” (სულხან-საბა ორბელიანი). რადგან ამ სოფელში უხვად იყო გოგირდი ე.ი აწვიმა იგი განგებამ ამ ადგილებსაც და სოფელსაც ამიტომ წვიმეთი დაერქვა.

This slideshow requires JavaScript.

ყურაქედსა და ნათლისმცემელს შორის ღვთაების ეკლესია დგას. მართლაც ღვთაებრივი ადგილებია, რომელსაც კრავს ეს მშვენიერი ადგილი ამ ძველი სოფლისა ელიას გორა, ყორანქედი, ნათლისმცემელი, ღვთაება, იქვე ახლოა ხარვებია, ადგილი რომელსაც რატომღაც ზოგი ხაროებს ეძახის და ზოგი ხარვებს.

ჩვენ მხოლოდ ხცისის წმინდა გიორგის ეკლასიისა და წრომის ტაძრის მონახულება მოვასწარით.

სოფელ ხცისის შუაგულს წმინდა გიორგის სახელობის მოქმედი ეკლესია ამშვენებს. იგი აგებული უნდა იყოს 1872-1875 წლებში.

ისტორია გვამცნობს, რომ XIX ს-ში ციციშვილებს-ქართლის მებატონეებს შექმნილი ჰქონიათ საერთო კომიტეტი, სადაც მთელი მათი ქონება შედიოდა. უცნობი მიზეზით ამ კომიტეტს თომა ციციშვილი გამოჰყოფია. 1872 წელს დიდებული სასახლე აუშენებია სოფლის შუაგულში, რომელიც საოცარი ოსტატობით ყოფილა მოხატული. ტრაგიკულად განვითარებულა ოჯახის ბედი, არავინ იცის სად წავიდა თომა ციციშვილის ოჯახის ქონება, ვარდისფერი სასახლისაგან დღეს მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი, მაგრამ ერთ დროს ჟრიამულით ავსილი ეზო დღესაც არ უჩივის სიმარტოვეს, ამჟამად სასახლის ეზოში ხცისის საჯარო სკოლაა. ციციშვილების სოფლიდან წასვლის შემდეგ მათი საბატონო სახლი, რომელიც ორივე სართულზე ოც ოთახს ითვლიდა, გადავიდა სასოფლო საბჭოს განკარგულებაში. იქ დიდხანს მოთავსებული იყო სასოფლო საბჭო, კოლმეურნეობის კანტორა, ამბულატორია, ბაგა-ბაღი, ბიბლიოთეკა, სასოფლო კლუბი და ყველაფერი ის, რაც კი სახელმწიფო დაწესებულებას წარმოადგენდა, მათ შორის, სკოლა. კომუნისტების დროს, საწყობადაც კი გადააკეთეს, მხოლოდ 1996 წელს დაიბრუნა ეკლესიამ თავისი ფუნქცია. პირველი მღვდელი მამა ანდრია იყო. მას შემდეგ რამდენჯერმე გარემონტდა ტაძარი. 2004 წლიდან კი დედათა მონასტერი გაიხსნა.

ხცისის წმინდა გიორგის ეკლესიას  დასავლეთიდან  თანადროული სამრეკლო ეკვრის. ეკლესია დარბაზულია და აგურითაა ნაგები. შესასვლელები სამხრეთ და დასავლეთი აქვს. აღმოსავლეთით სამწახნაგოვანი შვერილი აფსიდია, მის შუა წახნაგში თაღოვანი სარკმელია,  გვერდით წახნაგებში კი თითო მაღალი თაღოვანი ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებში ორ-ორი სარკმელია დატანებული. საკურთხევლის საფეხურით ამაღლებული ბაქანი თავისი არდაბაგით მიახლოებულია დარბაზის გრძივი კედლების პილასტრების აღმოსავლეთ წყვილთან. აღმოსავლეთის სამწახნაგა ფასადის გვერდით წახნაგებზე თითო შეღრმავებული ჯვარია გამოსახული.სამხრეთ ფასადზე, შუა სწორკუთხედში კარია გაჭრილი და ზედ სამი მხრიდან თაღებით გახსნილი კარიბჭეა მიშენებული. სამრეკლო ნაგებია აგურით, შეულესავია. მისი პირველი სართული კარიბჭეა, მეორე კი – სამი მხრიდან თაღებით გახსნილი ფანჩატურია, რომელსაც პირამიდული სახურავი აქვს.

ხცისის და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ისტორიული ძეგლების განახლება და რეკლამირება, მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი ტურისტების მოსაზიდად, ასევე საღვარგარეთელი ვიზიტორების მოსაზიდად.  ამით როგორც ადგილობრივების ეკონომიკური მდგომარეობა გმოსწორდება, ბიუჯეტშიც საკმაო თანხები შევა. თუმცა, ვიდრე ტურისტების მოზიდვაზე ვიფიქრებთ ამ მარშრუტით, ალბათ იპრიანი იქნებოდა, თუნდაც ხაშურიდან ხცისამდე, და ხცისიდან წრომამდე მისასვლელი გზები გაკეთებულიყო. მერე კი სხვა კომფორტზეც შეიძლებოდა ფიქრი, მაგალითად არქიტექტურულ ძეგლებთან ახლო-მახლო ”ბუტკებს” თანამედროვე ტიპის მაღაზიები ჩანაცვლებოდა, ან ”გაჭირვებულმა” ტურისტმა იქვე ჩვენი სამშობლო რომ არ შეურაცხყოს  სათანადო ნაგებობები აშენებულიყო, რომ არაფერი ვთქვათ სხვა კომფორტზე, რომლითაც ადგილობრივი ახალგზრდობაც დასაქმდებოდა…

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s