ტურიზმის სექტორში კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ამიერიდან ტურიზმის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი (ITLC) იზრუნებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე განმარტავს, რომ სასწავლო ცენტრში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ამერიკული და ბრიტანული სასერთიფიკატო პროგრამები ტურიზმის და სასტუმროს მენეჯმენტის სფეროში. კუსდამთავრებულებს გადაეცემათ მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო სერთიფიკატები. სასწავლო ცენტრში უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას ბიბლიოთეკა, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ თანამედროვე ლიტერატურას და მასალებს ტურიზმისა და სასტუმროს მართვის სფეროში. მაია სიდამონიძის თქმით, კურსდამთავრებულები სტაჟირებას თბილისში სასტუმროთა ცნობილ ბრენდებში გაივლიან, ხოლო რაც შეეხება საზღვარგარეთ სტაჟირებას, უკვე დასრულებულია მოლაპარაკებები და კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს გაიაროს სტაჟირება ყატარში, დოჰას ”’”შერატონში”. კურსის ღირებულება 600 ლარიდან იწყება.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სასწავლო ცენტრი თანამშრომლობს ამერიკულ ინსტიტუტთან (American Hotel and Lodging Educational Institute (AHLEI)) და ბრიტანეთის ტურიზმისა და სასტუმროს მართვის კონფედერაციასთან (CTH). სასწავლო ცენტრის მიზანია საერთაშორისო სტანდარტის კვალიფიკაციის ასამაღლებელი გადამზადების უზრუნველყოფა, რეალიზაცია და ადგილობრივ ბაზარზე დანერგვა.
„ყველას ვისაც სურს დასაქმდეს და შეიქმნას წარმატებული კარიერა ტურიზმის სფეროში, პირველად საქართველოში, ტურიზმის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი ITLC სთავაზობს სასერთიფიკატო პროგრამებს ტურიზმისა და სასტუმროს მენეჯმენტის სფეროში, დასაქმების და სტაჟირების ხელშეწყობით” – აცხადებს სიდამონიძე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია განმარტავს, რომ სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სტუდენტებს დასაქმებაში მაქსიმალურად დაეხმარება.
„ტურიზმის სასწავლო ცენტრი ნებისმერ ადამიანს საშუალებას მისცემს დასაქმდეს ამავე სფეროში. ეს არის ამერიკული პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგაც სტუდენტს ეძლევა საშუალება სწავლა საზღვარგარეთაც გააგრძელოს, როგორც ევროპის ტურიზმის კოლეჯებში ასევე აშშ-ში. სტუდენტებს საშუალება აქვთ ასევე სტაჟირება გაიარონ, როგორც საქართველოში ასევე ევროპაში და ყატარში,”- აცხადებს მინისტრი.
მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა შეისწავლონ მსოფლიოში აღიარებული ამერიკული და ბრიტანული სასერთიფიკატო პროგრამები. მათ ასწავლიან პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალი ტრენერები, გაიარონ სტაჟირება საქართველოში და საზღვრებს გარეთ, სწავლის გაგრძელების პერსპექტივა საზღვარგარეთ.
სწავლება ინგლისურ ენაზეა, დღის და საღამოს ცვლებში. ღია კარის დღე დაიწყება 5 მარტიდან. მიღება იწარმოებს ორშაბათიდან პარასკევამდე, დღეში ორჯერ 10:00 და 13:00 საათებზე.
აღსანიშნავია, რომ კანდიდატების შერჩევა იწარმოებს წერილობითი ტესტირებისა და ზეპირი გასაუბრების საფუძველზე, თითეული მსურველის ინგლისური ენის ცოდნის, ზოგადი და პროფესიული უნარ-ჩვევების და გამოცდილების მიხედვით. ზეპირი გასაუბრების საფუძველზე მოხდება შესაბამისობის დადგენა და მოტივაციის განსაზღვრა ამა თუ იმ სპეციალობის დასაუფლებლად.
მიიღებიან კონკურს გავლილი პირები, სასწავლო ცენტრში მისაღებად მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: იყოს 18 წლის ან მეტის და ჰქონდეს საშუალო განათლება.

