RSS

Monthly Archives: November 2011

როგორ ვებრძოლოთ კოლიბაქტერიებს…

პროექტი „სასურსათო პროდუქტებს მომხმარებლები აკონტროლებენ“ სტრატეგიული  კვლევებისა და განვითარების ცენტრი 2011 წლის აგვისტოდან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერითა და  შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. Bottom of Form პროექტის  ფარგლებში სექტემბრიდან  ამუშავდა სურსათის ცხელი ხაზი –  2194242. მომხმარებელს შეუძლია დარეკოს  მითითებულ ნომერზე და აცნობოს სავაჭრო ქსელში აღმოჩენილი ან შეძენილი უვარგისი, ვადაგასული, საეჭვო ან არასწორად ეტიკეტირებული სასურსათო პროდუქტების შესახებ.

ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდა საიტიც, სადაც მომხმარებელს შეუძლია ბევრ საინტერესო  ინფორმაცია რჩევა თუ გაფრთხილება მიიღოს. ამ ბოლო დროს www.momxmarebeli.ge -ზე  რამდენიმე მასალა განთავსდა, რომ ესა თუ ის პროდუქტი, კოლობაქტერიებს შეიცავდა. ბევრს დაებადა კითხვა რა არის ეს კოლიბაქტერიები.

კოლიბაქტერიების ანუ ნაწლავის ჩხირის ჯგუფი აერთიანებს მიკროორგანიზმების 100-მდე სახეობას, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემადგენელ ნაწილს. მათ პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმები ეწოდებათ, ვინაიდან მოწამვლა  მხოლოდ გარკვეულ პირობებში ხდება, კერძოდ, როდესაც ნაწლავის ჩხირი საკვებთან ან წყალთან ერთად ადამიანის ორგანიზმში ხვდება.

კოლიბაქტერიების ერთ-ერთი წარმომადგენელი, Escherichia coli (ნაწლავის ჩხირი) ადამიანის ნაწლავებში დაბადებიდან პირველსავე დღეებში ჩნდება და მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება, მართალია, მათი რაოდენობა ნაწლავის საერთო მიკროფლორაში 1% არ აღემატება, მაგრამ ისინი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაში. ნაწლავის ჩხირი შთანთქავს ნაწლავებში არსებულ ჟანგბადს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბიფიდო- და ლაქტობაქტერიებზე, გამოიმუშავებს B ჯგუფისა და K ვიტამინებს, მონაწილეობს ქოლესტერინის, ბილირუბინის, ქოლინის, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების ცვლაზე, გავლენას ახდენს რკინისა და კალციუმის შეწოვაზე.

ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმის გარეთ კოლიბაქტერიები ძირითადად ფეკალურ მასებში არსებობენ. ისინი ხასიათდებიან მაღალი გამძლეობით არახელსაყრელი პირობების მიმართ (ყინვა, მჟავე არე), შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა წყალში, ნიადაგსა და სხვადასხვა საგნებზე. ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები მრავლდებიან, როგორ აერობულ, ასევე ანაერობულ პირობებში, განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდებიან 37ºC-ზე, მაგრამ მშვენივრად გრძნობენ თავს ოთახის ტემპერატურაზეც. თუმცა ამ ბაქტერიების განადგურება საკმაოდ იოლია: საკმარისია პროდუქტის (წყლის) 15 წუთით 60ºC-ზე გაცხელება.

სასურსათო პროდუქტები კოლიბაქტერიებით შეიძლება დაბინძურდეს: პროდუქტი (ხორცი, რძე, კვერცხი) შეეხო ცხოველის ფეკალურ მასებთან; ფეკალური მასებიდან (მაგალითად, საპირფარეშოდან) დაბინძურდა მიწისქვეშა წყლები (ჭა, წყარო), რომელიც გამოიყენეს სურსათის მოსამზადებლად ან ჭურჭლის ან ტარის გასარეცხად; სურსათის მომზადებაში ან დაფასოებაში მონაწილე პერსონალი არ იცავს პირად ჰიგიენას და სურსათი ბინძურდება მათი ხელებიდან; შენახვისას ან გადაზიდვისას სასურსათო პროდუქტი შეეხო სხვა, დაბინძურებულ სურსათს.

ნაწლავის ჩხირის არსებობა სასურსათო პროდუქტებში განიხილება, როგორც სურსათის წარმოებისა და რეალიზაციის ყველა რგოლის სანიტარული მდგომარეობის განმსაზღვრელი უნივერსალური მიკრობიოლოგიური მაჩვენებელი. ითვლება, რომ მათი არსებობა პროდუქტში მიუთითებს სანიტარულ-ჰიგიენურ დარღვევებზე პროდუქტის წარმოების, გადაზიდვის ან რეალიზაციისას. საგულისხმოა, რომ კოლიბაქტერიები ე.წ. ინდიკატორებად არის მიჩნეული – მათი აღმოჩენა პროდუქტში აგრეთვე სხვა ფეკალური მიკრობების, ვირუსების, პარაზიტების არსებობის შესაძლებლობაზე მიუთითებს.

თუ ტემპერატურული პირობები ხელს უწყობს, საკვებ პროდუქტში მოხვედრისას   კოლიბაქტერიები ძალიან სწრაფად მრავლდება. კოლიბაქტერიების ინტენსიური გამრავლებისას პროდუქტის სუნი და გემო მკვეთრ უარესდება. გარდა ამისა, პროდუქტში გროვდება ბაქტერიის მიერ გამომუშავებული ტოქსინი, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე დამუშავების შემდეგაც კი შეიძლება მომწამვლელი იყოს ადამიანისთვის.

კოლიბაქტერიებით ან მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინებით დაბინძურებული საკვების ან წყლის მოხმარებამ შეიძლება სხვადასხვა დაავადებები გამოიწვიოს _ ნაწლავური ინფექციები, შარდსადენი გზებისა და სასქესო ორგანოების დაზიანება, ბაქტერიები, მენინგიტი და სხვა. შესაბამისად, ნაწლავის ჩხირით გამოწვეული მოწამვლა შესაძლებელია ხასიათდებოდეს სხვადასხვა სიმპტომებით – გულისრევით, მუცლის ტკივილით, ტემპერატურის აწევით, სისუსტით ან უმადობით. მძიმე შემთხვევების დროს შესაძლებელია განვითარდეს სეფსისიც.

როგორ შეიძლება კოლობაქტერიებთან ბრძოლა?

სახლის პირობებში კოლიბაქტერიების მოშორება პროდუქტიდან შეიძლება მისი ინტენსიური და საგულდაგულო გარეცხვით (თუ კოლიბაქტერიები პროდუქტის ზედაპირზეა) ან თერმული დამუშავებით (მოხარშვით, შეწვით). თუმცა, ვიმეორებთ, თერმული დამუშავებით პროდუქტს არ შორდება კოლიბაქტერიების მიერ გამომუშავებული ტოქსინები. ამიტომ, თუკი ეჭვი გაქვთ, რომ კოლიბაქტერიებით პროდუქტი არა მხოლოდ დაბინძურდა, არამედ ისინი მასში გამრავლდნენ კიდეც (მაგალითად, თუკი დაბინძურებული პროდუქტი დიდხანს იდო სითბოში) _ მოერიდეთ ასეთი პროდუქტის მოხმარებას.

 

 
1 Comment

Posted by on 27/11/2011 in ეკოსურსათი

 

მიტოვებული ”გორიჯვარი”

ოლიკო ცისკარიშვილი

 

სამკურნალო ტურიზმის პერსპექტივები, რომ ძალიან დიდი აქვს საქართველოს, ამაზე უკვე ბევრი საუბრობს. საქართველოში მინერალური თუ გოგირდოვანი წყლების სასიკეთო თვისებებზეც ბევრს ლაპარაკობენ. იმაზეც აღარ დაობენ, რომ საქართველოში თუ განვითარდება სამკურნლო ტურიზმი, ამით მკვეთრად გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა და სახელმწიფოს ბიუჯეტისთვისაც სარფიანი იქნება.

This slideshow requires JavaScript.

საქართველოში რომ ბევრი ისეთი ადგილია, სადაც სამკურნლო წყლები წლების განმავლობაში კურნავდნენ ადამიანებს, ახლა მივიწყებულ-მიტოვებულია.

მათ შორისაა, ოდესღაც განთქმული გორიჯვრის გოგირდის წყლებიც, რომელიც ადრე  რესპუბლიკური დანიშნულების ბალნეოლოგიურ კურორტს წარმოადგენდა. იქ სამკურნალოდ არა მატრო საქართველოს ყველა კუთხიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვენებიდან სტუმრობდნენ. ახლა კი, სეზონზე თითო-ოროლა ადგილობრივ მოსახლეს თუ მასპინძლობს.

გორიჯვარი ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი გორის რაიონის სოფ. დიდ გორიჯვარში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 600 მეტრზეა. მის უკან ამაყად აღმართულ მთიდან გადმოჰყურებს გორიჯვრის მონასტერი. ჰავა რბილია და იქ ჩასული დამსვენებლისთვის სასიამოვნო.

ამ ადგილზე მკურნალობა დღესაც სეზონურია ივნისიდან სექტემბრამდე, რადგან სასიცოცხლო წყალი სხვა მინერალური წყლებისგან განსხვავდება, ისაა მცირე მინერალიზაციის ჰიდროსულფიდური, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყალი და ბუნებრივად ცივი მოედინება. დღესაც იყენებენ აბაზანებისათვის. გორიჯვარში წლების განმავლობაში მკურნალობდნენ: 1. ქრონიკული ართრიტები: ინფექციური, რევმატიული, ტრავმული და ენდროკრინული წარმოშობის; 2. მსუბუქი წარმოშობის სპონდილოზები და სპონდილოართროზები; 3. მიოკარდიოდისტროფია კომპენსირებულ სტადიაში; 4. კარდიოსკლეროზები: მიოკარდიული და ათეროსკლეროზული წარმოშობის კომპენსირებულ სტადიაში; 5. ჰიპერტონული დაავადებების I სტადია; 6. ანგიონერვოზები; 7. ტრომბოპლებიტები (მწვავე პერიოდის გავლის შემდეგ არა უადრეს სამი თვისა); 8. პერიფერული ნერვიული სისტემების დაავადებები (ნევრიტები, ნევრელგიები, რადიკულიტები და სხვ.); 9. ნერვიული სისტემის ფუნქციონალური დაავადებები; 10. საშვილოსნოს და მისი დანამატების ქრონიკული ანთებადი პროცესი.

კურორტზე, დღემდე, სააბაზანო მკურნალობა ამბულატორულია.

როდესაც გორიჯვრის სამკურნალო დაწესებულებას ვესტუმრეთ, შორიდანვე დავინახე ტალავრის მიღმა მოცისფრო გარედან შელახული შენობა, რომელიც დღეს აშკარად ვერ მიიღებს იმ სიამაყით პაციენტ-სტუმრებს, როგორც ადრე.

მისი დირექტორის დავით მოციქულაშვილის თქმით, პაციენტების მიღება შეუძლებელია, ისეთ გარემოში, სადაც ელემენტარული კომფორტი არაა – იმისთვის კი, რომ გორიჯვრის კურორტი კეთილმოეწყოს და პაციენტები სრული დატვირთვის მიიღოს, ბევრი თანხაა საჭირო.

კურორტი არაა გაზიფიცირებული, არაა გათბობა, შესაკეთებელ-გასაკეთებელია მისაღები და სამკურნალო ოთახებიც.

გასაკეთებელი არა მარტო სამკურნალო დარბაზები, დამსვენებელთათვის ეზოშიც უძველესი შელახული ქვის მაგიდები და სკამებია…

დავით მოციქულაშვილის თქმით, პაციენტთა რაოდენობა იმდენად შემცირდა, რომ საკუთარი ხარჯებით არათუ კურორტის რეაბილიტაცია, ორგანიზაცია მიწის გადასახადსაც ვერ აუდის. თუმცა კურორტი ”გორიჯვრის” ადმინისტრაციამ მრავალჯერ მიმართა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, კურორტ გორიჯვრის რეაბილიტაციისთვის. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ მისის რეაბილიტაცია საკმაოდ სარფიან შემოსავლის გარანტიას იძლევა მომავალში, დღემდე არავის არაფერი გაუკეთებია, არც სახელმწიფოს და არც კერძო ინვესტორთათვის აღმოჩნდა საინტერესო ”გორიჯვრის” პერსპექტივები.

ასეა, თუ ისეა, როცა სახელწიფო სტრატეგიულს უწოდებს ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს, მხოლოდ ცალკეული ადგილების განვითარებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და ალბათ ყველაზე უპრიანი იქნებოდა, გლობალურად ხედავდეს ამ დარგში არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრაც მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ეცადოს, რადგან მთლიანად არ დაიკარგოს და ლეგენდად არ იქცეს, ოდესღაც საქვეყნოდ ცნობილი ადგილები.

 

 

 

წყალტუბოს უნიკალური მინერალური წყლები

ოლიკო ცისკარიშვილი

ქალაქი წყალტუბო მდინარე წყალტუბოსწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 120 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ის მრავალმხრივი კურორტია და განსაკუთრებით განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით.

This slideshow requires JavaScript.

წყალტუბო ცნობილი იყო ჯერ კიდევ VII-IX საუკუნეებში უფრო ადრეც. XII XIII საუკუნეებში წყალტუბო, როგორც სამკურნალო პუნქტი, უკვე სარგებლობდა ფართო პოპულარობით.

პირველად წერილობით წყაროებში „მაღლაკს მდებარე აბანოისა სახლის“ სახით წყალტუბო მოხსენიებულია 1245-1250 წლებით დათარიღებულ გელათის მონასტრის სიგელში.

1782 წელს „ბერლინის საბუნებისმეტყველო  საზოგადოების შრომების” კრებულის ევროპულ გამოცემებში პირველად, გერმანულ ენაზე ქვეყნდება ცნობები წყალტუბოს სამკურნალო წყლების შესახებ. 1787 წელს რუსმა აკადემიკოსმა პ.ს. პალასიმ დაამუშავა და გერმანულ ენაზე გამოსცა ი. გიულდენშტეინის სამოგზაურო ჩანაწერების ხელნაწერები წყალტუბოს შესახებ. ხანგრძლივი შუალედის შემდეგ, 1809 წლიდან იწყება წყალტუბოს მინერალური წყაროების შესახებ მასალების გამოქვეყნება, როგორც რუსულ, ასევე დასავლეთ ევროპულ პრესაში.  1809 წელს გერმანულიდან შერჩევით. მოკლედ რუსულად ითარგმნა ი. გიულდენშტედტის „სამოგზაურო ჟურნალი” რომელშიც პირველად რუსულ ლიტერატურაში გამოჩნდა ცნობები წყალტუბოს მინერალური წყლის შესახებ. 1815 წელს ცნობილი ბუნებისმეტყველი იულიუს ფონ კლაპროტი ბერლინში გერმანულ ენაზე გამოცემულ ნაშრომში ასევე იძლევა წყალტუბოსა და მისი მინერალური წყლების დახასიათებას იმავე ი. გიულდენშტედტის „სამოგზაურო ჟურნალის” მიხედვით. 1897 წელს პროფესორ ალბერტ ეილენბურგის მსხვილ ევროპულ საენციკლოპედიო გამოცემაში „გერმანიის სამედიცინო მეცნიერების რეალური ენტიკლოპედია” მოყვანილია ზოგიერთი მონაცემი წყალტუბოს მინერალური წყაროების სასიკეთო თვისებების შესახებ. 1898 წელს გ. სტრუვემ ქიმიური ანალიზის საფუძველზე წყალტუბოს წყაროები მიაკუთვნა ინდიფერენტულ წყაროებს, რომლის ანალოგია ვილბადი და ტეპლიცი. კურორტი წყალტუბო ნაციონალიზებულია 1920 წელს, რის შემდეგაც  ბალნეოლოგიურ კურორტად იქცა.

1952 წელს საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში არქიტექტორების იოსებ ზაალიშვილისა და ვალერიან კედიას მიერ თავიდან იქნა გადამუშავებული კურორტი წყალტუბოს გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 1953  წელს დაამტკიცა. აღნიშნული გენერალური გეგმით წყალტუბო დაიყო ბალნეოოლოგიურ, სანატორულ და საცხოვრებელ ზონებად. ადგილმდებარეობის ხასიათმა არქიტექტორებს უკარნახა გეგმარების რგოლური სქემა. პირველმა წრიულმა ქუჩამ ბორცვთა ძირში გაიარა. სააბაზანოები ველზე-მინერალური წყაროების პარკში განლაგდა, ბორცვიანი რელიეფი გამოყენებული იქნა სანატორიუმების მშენებლობისათვის, ხოლო საცხოვრებელ უბნებს დაეთმო კურორტის სამხრეთ-აღმოსავლეთი ტერიტორია. გასული საუკუნის ბოლოს რკინიგზის ხაზის გასწვრივ  ქალაქში ახალი სამრეწველო ზონაც გაჩნდა. კურორტ წყალტუბოს ტერიტორიაზე გაშენებულია 150-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის მრავალწლიანი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-ნარგავები. კურორტის ტერიტორიაზე შექმნილია ხელოვნური „ცივი ტბა”, რომელიც შეიქმნა 1930-იან წლებში მცირე მდინარე წყალტუბოს კალაპოტის ჩაკეტვის შედეგად.

კურორტი წყალტუბო განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენდა და ახდენს ჩამოსულ სტუმრებზე.

სამკურნალო დაწესებულებაში ამბობენ, რომ პროცენტულად საზღვარგარეთელი დამსვენებლები უფრო მეტია, ვიდრე ადგილობრივი. ჩვენი სტუმრობის დროს, იქ აზერბაიჯანიდან, განჯიდან და ზათაქალადან სტუმრობდნენ. ხშირად სამკურნალოდ ჩამოდიან რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან…

სააქციო საზოგადოება ”ბელნეოსერვისის” შენობის მეორე ფლიგელში მჟამად სარემონტო სამუსაოებია დაწყებული. ექიმ-მკურნალები ყველა პროცედურას ლოკალიზებულად ერთ ფლიგელში აკეთებნ.

”აქ ძირითადად საყრდენ-მამოძრავებელი სისტემას, გულის დაავადებებს, კანის დაავადებებს, უშვილობას, გინეკოლოგიურ დაავადებებს, ნივთიერებათა ცვლის მოშლას ვმკურნალობთ, – ამბობს ექიმი ნანა გვიშიანი, კურორტოლოგ-ფიზიოთერაპევტი, –  პაციენტებს ვმკურნალობთ იმის მიხედვით, თუ რა დაავადებით მოდის იგი ჩვენამდე. ეს წყლები რამდენადაც კარგია სამკურნალოდ, უკუჩვენებებიც აქვს. მზარდი რაც არის, ვთქვათ კისტოზური, ონკოლოგიური დაავადებები, ამ წყლის პროცედურების მიღება არ შეიძება, რადგან ეს წყალი ყველაფრისთვის საკვებია. ამიტომ დამსვენებელმა წინასწარ უნდა გაიკეთოს გამოკვლევები და შემდეგ დავუნიშნავთ შესაბამის პროცედურებს.”

კურორტოლოგ-ფიზიოთერაპევტის თქმით, როცა გინეკოლოგიურ დაავადებებით მიდის პაციენტი მათთან, ასაკიც გასათვალისწინებელია. ”როცა პაციენტი კლიმაქტერული ასაკისაა და მას აქვს ფიბრომა, ბოლო მონაცემებით, მკურნალობა დასაშვებებია. ხოლო თუ პაციენტი, 35 წლამდეა, მაშინ არ შეიძლება, რადგან ამ შემთხვევაში იგი ზრდას ექვემდებარება,” – ამბობს ნანა გვიშიანი.

დარბაზიდან-დარბაზში დავყვები ექიმს და ისიც მიხსნის, რომ ამ კედლებში 6 კომპონენტიანი წყალი მოსჩქეფს, არასოდეს არ დგას, და ადამიანის ორგანიზმში ფორების საშუალებით შედის. შევდივარ იმ აუზშიც, სადაც სტალინი იკეთებდა პროცედურებს, იქცე სტალინის საყვარელი სავარძელი დგას. ამ აუზს უახლოეს მომავალში რეაბილიტაცია ჩაუტარდება და პირვანდელ სახე შეუნარჩუნდება. მოხატული აუზიდან სტალინის ლუქსში გადავდივართ და ჩემი მასპინძელი მიყვება, რომ ეს ლუქსი ბევრ საპატიო სტუმარს მასპინძლობდა, მათ შორის პატრიარქსაც.

”ამჟამად, სრული დატვირთვით დღეში შეგვიძლია 700 პროცედურის გაკეთება, – ამბობს ექიმი და ილის ტალახის სასარგებლო თვისებებზეც ყვება, რომელიც კუმისის ტბის ფსკერიდან ამოაქვთ და წყალტუბოში ჩამოაქვთ, – დამსვენებელს ნახევარ საათიანი პროცედურა უტარდებათ, თუმცა დღეში 4-5 პროცედურის ჩატარება შეიძლება, გააჩნია დაავადება.”

წყალტუბოს წყლები როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვისაც რეკომენდირებულია (თუმცა არა სამ წლამდე ბავშვებისთვის). აქ რეაბილიტაციას ხშირად გადიან ბავშვები, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევით დაბადების პათოლოგიებით.

სპეციალისტები მიხსნიან, რომ კურორტის უნიკალური მინერალური წყლები გამოირჩევიან საკმაოდ მდგრადი ფიზიკო-ქიმიური თვისებებით და განეკუთვნებიან სუსტად რადონულ ქლორიდულ-მაგნიუმიან წყლებს. წყლების მაღალეფექტური სამკურნალო პროფილაქტიკური მოქმედება განპირობებულია მათი ურთულესი შემადგენლობითა და შემცველი მარილების ძირითად კომპონენტთა თავისებური შერწყმით. წყლების ბუნებრივი ტემპერატურა (33-35 °С) იძლევა მათი გამოყენების საშუალებას წინასწარი შეთბობის გარეშე. სპეცისლაიტთა თქმით, წყალტუბოს წყლით მკურნალობენ: გულსისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვიული სისტემის, გინეკოლოგიური, კანის, ენდოკრინულ დაავადებებს, ნივთიერებათა ცვლის მოშლასა და სხვა.

სს ”ბალნეოსერვისი”-ს მეექვსე სააბაზანო შენობა ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილია. ის უშუალოდ წყაროზეა აგებული. მასში მოთავსებულია 3 აუზი და 50 ინდივიდუალური კაბინა-აბაზანა. მკურნალობა აუზებსა და კაბინა-აბაზანებში მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყლით (მინერალური წყალი პროცედური დასრულებამდე განუწყვეტლივ შემოედინება აბაზანაში და გადაედინება), რითაც წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ თვისებებს, ერთგვაროვნებასა და ტემპერატურას.

კურორტზე სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგი კომპლექსური სამკურნალო პროცედურები: მინერალური წყლის აბაზანები; წყალქვეშა (ჰიდრო) მასაჟი. სამკურნალო ფიზკულტურა აუზში და დარბაზში, კლასიკური სამკურნალო მასაჟი, ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა წყალში, ფიზიოთერაპია, გინეკოლოგიური ირიგაცია. შხაპი ”მარკო”, მექანოთერაპია, სამკურნალო ტალახის აპლიკაციები და სხვ.

 

პალიასტომის ტბა – ბორდვოჩერებისთვის საინტერესო ადგილი

ოლიკო ცისკარიშვილი

საქართველო უნიკალური ქვეყანაა, რომელსაც ტურიზმში განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს. ტურისტების მოსაზიდად (თუკი, მომავალში კეთილმოეწყობა) დასავლეთ საქართველოში, გურიისა და სამეგრელოს შორის ერთი უნიკალური ტბა – პალიასტომი, რომელიც ბერძნულად ზღვის ძველ უბეს ნიშნავს. 1924 წლამდე ის მტკნარი წყლით იყო სავსე. იშვიათი შემთხვევაა, როცა ზღვასთან ასე ახლოს, მტკნარი წყლის ესოდენ დიდი ტბა იყოს სადმე. ამ წელს, სპეციალურად გათხრილი არხის წყალობით, პალიასტომი ზღვას შეუერთეს. ხოლო დიდი ღელვების და ზვირთების შედეგად, არხი გაფართოვდა და ის უკვე დიდი სრუტით უკავშირდება ზღვას. წყალიც მარილიანი გახდა. სარკის ფართობია 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. მასში ჩაედინება მდ. ფიჩორა, ხოლო გამოედინება მდინარე კაპარჭინა.

This slideshow requires JavaScript.

პალიასტომის ტბის განვითარება ბუნებრივად გაწონასწორებულ ეკოლოგიურ პირობებში ათასწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა. ახლო წარსულში ტბა ტორფიან ჭაობებთან და ტყეებთან ერთად განუმეორებელ პეიზაჟს ქმნიდა და საქართველოს ტბებს შორის თევზით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბუნებრივი წყალსატევი იყო, სადაც ოთხ ათეულზე მეტი სახეობის თევზი ბინადრობდა.

პალიასტომის ტბა ერთ-ერთი რეალური კანდიდატია, იმ ადგილებს შორის, რომლებსაც საქართველოში ტურიზმის განვითარებაში შეუძლია შეიტანოს წვლილი. რომ არაფერი ვთქვათ, მის უნიკალურ ხედებსა და პეიზაჟებზე, აქ გადამფრენ ფრინველებზე თვალთვალისთვისაც უნიკალური ადგილებია. პალიასტომის ტბა ახლომდებარე ჭაობებთან, დაჭაობებულ ტყეებთან და შავი ზღვის აკვატორიასთან ერთად ევროპიდან ევრაზიისკენ და პირიქით, გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი ძირითადი გასაჩერებელი და დასაზამთრებელი ადგილი იყო. დღევანდელ მსოფლიოში ფრინველებით დაინტერესება იმდენად დიდია, რომ ტურიზმის ცალკე სახეობა ჩამოყალიბდა – ”ბორდვოჩინგი” (ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს ფრინველებზე თვალთვალს. თავად ტურისტი კი – ბორდვოჩერი, ანუ ფრინველებზე მოთვალთვალეს). მტაცებელ ფრინველების მიმართ სულ უფრო და უფრო მზარდი ინტერესის გამო, სამიგრაციო ძაბრები და ისეთი ადგილები, სადაც ფრინველების დიდი მრავალფეროვნებაა იზიდავს მრავალ ეკოტურისტს და სპეციალისტს. ყოველივე ამას, კი გარკვეული შემოსავალი მოაქვს მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად. საქართველოს, კერძოდ კი, პალიასტომის ტბას, ყველანაირი პირობები გააჩნია ასეთი ტურიზმის გასავითარებლად. შეიძლება აშენდეს საგანგებოდ მოწყობილი სათვალთვალო პლატფორმები ტურისტებისთვის, საიდანაც ფრინველების გადაფრენას დააკვირდებიან და ა.შ.

რელობა კი ასეთია, ფოთის ცენტრიდან როცა პალიასტომის ტბაზე დაგიხარ, გხვდება მოუვლელი, ნაპირი, იქვე ავტომობილის სასწავლო ხელნაკეთი მოედანია, აქა-იქ კი გზებზე ამოსულ ბალახს ძროხები ძოვენ…

იქვე მდგარ მოხუც მწყემსს, როცა თავისი აზრი ვკითხეთ, პალიასტომის მოწესრიგებასა და აქ ტურისტების მოზიდვაზე, უკმაყოფილოდ გადმოგვხედა – აქ რომ რამე გააკეთონ, ძროხები სად წავიყვანოო. გარდა ამ ყოფითი პრობლემებისა, დღეს პალიასტომის ტბას დეგრადირებულ ეკოსისტემას გადაგვარება და საბოლოოდ კი მოსპობა ემუქრება. ეკოლოგიურ საკითხებში ექსპერტების კვლევების მიხედვით, პალიასტომის ტბის ეკოსისტემის დეგრადაცია ოციანი წლებიდან დაიწყო. ისინი არც ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროებასა და ტბის გაქრობას გამორიცხავენ.

პალიასტომის ტბა და მასთან დაკავშირებული სხვა წყალსატევები (კერძოდ, მდინარე კაპარჭინა) განიცდიან მტკნარი გამდინარე წყლების დიდ ნაკლებობას, განსაკუთრებით ტბის ჩრდილოეთ ნაწილში.  ტბის ეს ნაწილი განიცდის დეგრადაციას, დაფარულია შამბნარით, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ქვეწარმავლების, კოღოებისა და სხვა მწერებისათვის. აღნიშნულის გამო შექმნილია ძალიან რთული ეკოლოგიური და  სანიტარული მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხზე. არხებისა და მდინარეთა ხელოვნურად გასწორებული კალაპოტების ძირზე, აგრეთვე ტორფის მოპოვების ადგილებზე გაჩენილ უამრავ გუბურაში დაიწყო მკვდარი მცენარეული მასის და პირველ რიგში, ტორფის აჭრილი ფენების წყალში გახრწნა, რამაც მავნე ბიოლოგიური ელემენტების დიდი რაოდენობით წარმოქმნა და იმავე ნივთიერებებით პალიასტომის შენაკადების დაბინძურება გამოიწვია. ეკოლოგების განმარტებით, პალიასტომის წყლის ბიოგენური დაბინძურების შედეგად მოიკლო მისმა გამჭვირვალებამ, შესაბამისად, ფოტოსინთეზის ინტესივობამ და ტბამ, როგორც ბუნებრივად მტკნარმა წყალსატევმა, არსებობა შეწყვიტა. პალიასტომის წყლის დამლაშებამ თევზების მთელი რიგი სახეობა გაანადგურა. ტბა და მასთან დაკავშირებული წყალსატევები მტკნარი და გამდინარე წყლების დიდ ნაკლებობას განიცდიან.

2009 წელს განხორციელდა  პალისატომის ტბასა და მდინარე რიონს შორის არსებული არხის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები: გაიწმინდა და მოპირკეთდა არსებული არხის მონაკვეთი, რომელიც არხის ახალი  მონაკვეთის მშენებლობით დაუკავშირდა მდინარე რიონს. მდინარე რიონისა და არხს შორის აშენებულ იქნა წყლის რეგულატორი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებულია არხის მხოლოდ 49 მეტრის სიგრძეზე. მიუხედავად იმისა, რომ განხორციელებულია არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებების მხოლოდ ერთი ნაწილი, მდინარე რიონის მტკნარი წყლის პერიოდულმა მიწოდებამ მნიშვნელოვანი დადებითი ზეგავლენა იქონია მიმდებარე ტერიტორიისა და წყალსატევების ეკოლოგიურ მდგომარეობაზე: წყალსატევები გაიწმინდა შაბნარებისა და სხვა მცენარეებისაგან.

მაგრამ გასაწმენდი და მოსაპირკეთებელი დარჩა არხის დარჩენილი 86 მეტრიანი მონაკვეთი.

ტბის გადარჩენის ერთადერთ გზად კი აკადემიკოსი ტყებუჩავა, პალიასტომისა და ზღვის დამაკავშირებელი ხელოვნური არხის ამოვსებას და მის ნაცვლად ტბის ბუნებრივად მკვებავი მდინარეების ამოწმენდას მიიჩნევს. ”წინააღმდეგ შემთხვევაში ტბა შესაძლოა 50 წელიწადში საერთოდ გაქრეს”, – ვარაუდობს მეცნიერი. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში, რომლის დაქვემდებარებაში პალიასტომის ტბაც შედის, მეცნიერის ამ ვარაუდებსა და ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შერჩეულ გზას არ ეთანხმებიან. ”არხის ამოვსებამ შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესოს”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში, სადაც პალიასტომის ტბაში დარჩენილი თევზის სამი სახეობის გადასარჩენად კონკრეტული გეგმები ჯერ არ აქვთ.

დიდ ფართობებზე ტყეების გაკაფვამ, ზედაპირზე წყალსაწრეტი და წყალსადინარი არხების გაჭრამ, რითაც ჭაობი დაშრა, მდინარეთა დაკლაკნილი კალაპოტების ხელოვნურად გასწორებამ და ზღვისპირა ჭაობიდან დიდი ოდენობით ტორფის ამოღებამ კიდევ უფრო გაამძაფრა ტბის ისედაც მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა. ეკოლოგები მიიჩნევენ, რომ ამ საქმიანობამ საგრძნობლად მოშალა ჭაობებისა და დაჭაოებული ტყეების, როგორც ბუნებრივი ფილტრატების, ფუნქცია.

ეკოლოგები პალისტომის ტბისთვის პირველადი მდგომარეობის დაბრუნებას შეუძლებლად მიიჩნევენ. მხოლოდ მისი გადარჩენის, დეგრადაციის შეჩერების შესაძლებლობებზე დასკვნის სახით საუბრობენ და აუცილებელ პირობად მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავებასა და პრაქტიკულად განხორციელებას – მალთაყვის არხის გაუქმებას, ტორფის მოპოვებაზე, ტყების გაკაფვაზე, თევზჭერასა და ნადირობაზე მკაცრი კონტროლის დაწესებას მიიჩნევენ.

 
1 Comment

Posted by on 22/11/2011 in ეკოტურიზმი

 

კურორტი ქობულეთი

ოლიკო ცისკარიშვილი

შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ ქობულეთში ნოემbრის ბოლოს, ნამდვილადა არა საკურორტო სეზონი, თუმცა სწორედ, მაშინ მომიწია იქ ჩასვლა… ათკილომერტიან აღმაშენებლის პროსპექტი ზაფხულში დამსვენებლებით არის სავსე,  ახალ ამ გზაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. აქედანვე ემზადებიან მომავალი საკურორტო სეზონისთვის – ინტენსიიურად მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია.

This slideshow requires JavaScript.

საბჭოურ პერიოდში, აქ ნემსი არ ჩავარდებოდა, იმდენი დამსვენებელი ირეოდა. უკიდეგანო საბჭოთა კავშირის ნებისმიერი კუთხიდან, ორგანიზებული წესით ჩამოდიოდნენ მოაგარაკეები, არა მარტო მზის და ზღვის სიყვარულით. ბევრი ბალნეოლოგიური გოგირდოვანი წყლითაც სარგებლობდა.

ქობულეთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი, საბჭოთა კავშირის დროს, რეგიონალური მნიშვნელობის კურორტად ითვლებოდა. ფუნქციონირებდა სანატორიუმები და პანსიონატები, რომელთა უმრავლესობა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა.  საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, ეს სანატორიუმები და პანსიონატებიც დაიშალა.

დღეს ბალნეოლოგიური გოგირდოვანი წყლებით თითქმის არავინ სარგებლობს, არც დამსვენებლებს იღებს, რადგან უბრალოდ, არ ფუნქციონირებს, არადა  კარდიოლოგიური პროფილისაა და აქ წლების განმავლობაში, მკურნალობდნენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს..

როგორც მუნიციპალიტეტში ამბობენ, შენობა გასარემონტებელია. არადა, გარდა სუფთა ჰაერისა, ზღვაში ჭყუმპალაობისა და ზაგრის მიღებისა (რაც თავისთავად კარგია) ბევრი, ქობულეთში სამკურნალოდაც ჩავიდოდა და გოგირდოვანი წყლებით სხვა თუ არაფერი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც იმკურნალებდა. ამით კი დამატებითი შემოსავალი შემოუვიდოდა სახელმწიფოს და ადგილობრივებისთვისაც დასაქმების გარანტი იქნებოდა. ქობულეთის საკურორტო-ტურისტულ-ბალნეოლოგიური პოტენციალის სრულად გამოყენება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისათვის. რადგან ქობულეთის წვრილ–ქვიშიანი ნაპირი, მზის უხვი რადიაცია, რომელის კარგ პირობებს ქმნის ჰელიოთერაპიისთვის, კარგი სამკურნალოა ძვალ–სახსრების, ლიმფური ჯირკვლებისა და სხვა ორგანოების ტუბერკულოზს, ბრონქიალურ ასთმას, გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისათვის.

მინერალური, გოგირდოვანი წყლების და სამკურნალო ტალახების არსებობა რაიონის ტერიტორიაზე საშუალებას იძლევა შეძლებისდაგვარად განვითარდეს სამკურნალო ტურიზმი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მერაბ ჯინჭარაძეს თქმით, ქობულეთის რაიონის რიგ სოფლებში უკვე მიმდინარეობს საეტაპო სამუშაოები ამ მიმართულებით.

შესაძლებელია უახლოეს მომავალში, არა მარტო ქალაქი გახდეს ტურისტთა დაინტერესების სფერო, არამედ სოფლებმაც მნიშვნელოვნად მოიზიდოს ვიზიტორები და არა მარტო ისინი.

ქობულეთი XVII-XIX საუკუნეებში წარმოადგენდა თავდგირიძეების რეზიდენციას და გურიის სამთავროში შედიოდა. ხანაც ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, ქობულეთი, ისევე, როგორც მთელი აჭარა რუსეთის იმპერიამ დაისაკუთრა. ქალაქის სტატუსი ქობულეთმა 1944 წელს მიიღო.

უკანასკნელ ათწლეულში განსაკუთრებით გაიზარდა ქობულეთის პოპულარობა რადგანაც ის გახდა აფხაზეთის საკურორტო ზონის ალტერნატივა. ზაფხულობით ქობულეთში ყოველწლიურად 100 000-მდე ტურისტი სტუმრობს.

ტურისტებისთვის, ქობულეთი საინტერესოა განსაკუთრებით მდიდარია ქვის ხანის, ადრე ფეოდალური და ანტიკური არქეოლოგიური ძეგლებით, რაც ძველ კოლხეთსა და საერთოდ აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრის წარმოქმნას ადასტურებს. ასევე ქობულეთის დაცული ტერიტორიებით, რომელიც 1999 წელს შეიქმნა და მოიცავს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალს-ისპანი II (331 ჰა) და ქობულეთის აღკვეთილს-ისპანი I (439 ჰა), რომლებიც ქალაქ ქობულეთის ჩრდილოეთით, შავი ზღვის გასწვრივ, სანაპიროდან, კერძოდ ფიჭვნარის ეკოპლაჟიდან დაახლოებით 300 მეტრში მდებარეობს. ისპანის დაცული ტერიტორიები ქალაქ ქობულეთს აღმოსავლეთით მიუყვება. ჩრდილოეთით დაცულ ტერიტორიებს თიკერის რელიქტური კოლხური ტყის „აღდგენის ზონა“ ესაზღვრება, აღმოსავლეთით კი – მუდამ დათოვლილი გომის მთა, კინტრიშის ნაკრძალი და აჭარა-გურიის მთები გადმოჰყურებს.

 

სასწაულმოქმედი მაგნიტური ქვიშა

ოლიკო ცისკარიშვილი

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა აწ გარდაცვლილმა მეცენატმა, ურეკში, ”იმედის ქალაქს”  ჩაუყარა საფუძველი. ეს იყო საქართველოში ტურიზმის განვითარების პირველი სერიოზული ნაბიჯი. მაშინ დაბაში 1700 მცხოვრები იყო და ზაფხულობით მათ რიცხვს 6-7 ათასი ემატებოდა.

მეცენატმა  უთუოდ იცოდა, რომ ურეკის სანაპიროს მაგნიტური ქვიშა, სასწაულმოქმედია და ბევრი სიკეთის კეთება შეუძლია.

მაშინ, იმ წლებში, ”იმედის ქალაქი” ჩემს თვალწინ შენდებოდა და ლამაზდებოდა… გაიყვანეს გზები, ქალაქში კომუნიკაცია მთლიან შეცვალეს, ააშენეს სასტუმროები, სკვერები, კაფეები, გარე განათებები, აშენდა ავტოსადგური და მთლიანად მოწესრიგდა ქალაქი… ის ტერიტორიები ადრე სადაც ჭაობები იყო, ამოაშრეს…

This slideshow requires JavaScript.

მაშინდელი გაკეთებული ამბულატორია ახლაც ბევრს ემსახურება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2010 წელს საქართველოს კურორტებზე მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით  უცხოელი ტურისტების მხოლოდ 1% იყო ჩამოსული. ეს კი იმის დასტურია, რომ უცხოეთში თუნდაც ურეკის ქვიშის სამკურნალო თვისებებზე არაფერს უწყიან. საქართველოში 103 კლიმატური და სამკურნალო კურორტიდან ურეკი ერთ-ერთია, რომელიც თავისი უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ჯერ კიდევ იმ წლებში, როცა სრულიად მოუწესრიგებელი იყო ინფრასტრუქტურა, საქართველოს სხვადასვხა კუთხეებიდან სამკურნლოდ ჩამოდიოდნენ და შედეგით კმაყოფილებიც ბრუნდებოდნენ შინ.

ურეკში კლიმატი ნესტიანი სუბტროპიკულია. გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშით. სანაპიროს რბილი ჰავა ზღვასთან ერთად ქმნის ბუნებრივ სამკურნალო პირობებს. პლაჟის წვრილმარცვლოვანი მაგნიტური ქვიშა შავი მურა ფერისაა. ქვიშის ძირითად მინერალებს წარმოადგენს მაგნეტიტი (5%), ტიტანომაგნეტიტი (4,5%), ილმენიტი (4,5%), მონაციტი (4,9%), ცირკონი (4,2%), გრანიტი (4,3%), დვარცი და სხვა.

ურეკის საოცარი თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშის სანაპიროს, ანალოგი არ გააჩნია მსოფლიოში. კურორტ ურეკის უნიკალურობა განპირობებულია მაგნიტური ქვიშის სანაპირო ზოლზე შექმნილი ბუნებრივი, მცირე ინტენსივობის მქონე მაგნიტური ველით. მაგნიტური ველის გამაჯანსაღებელ თვისებებს კაცობრიობა ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იცნობდა. მას სამკურნალოდ იყენებდნენ ძველი ეგვიპტელები, ბერძნები, ინდოელი იოგები.

სპეციალისტების მტკიცებით, ურეკის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები – სუბტროპიკული კლიმატი, ზღვა, მზე და მაგნიტური ქვიშა, შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ, როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთა კონტინგენტისათვის:

  • გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (ჰიპერტონული დაავადება I – II სტადია, გულის ქრონიკული იშემიური დაავადებები, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, მიოკარდიოდისტროფია, ქვემო კიდურთა მაობლიტირებელი დაავადებები).
  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (რევმატიული და ინფექციური პოლიარტრიტი ქრონიკულ სტადიაში, მალეფორმირებული ოსტრეოართროზი, ოსტრეოქონდროპათიები და სხვა).
  • ნერვული სისტემის დაავადებები (დეპრესია, ჰიპერტონული ფორმის ნევროზი, კლიმაქტერიული ნევროზი, ნევრალგია, ცერებრალური ინსულტის ნარჩენი მოვლებები).
  • ბავშვთა კონტინგენტის დაავადებები (სპინალური რბილი დამბლები, სამეაონი დამბლები, პოლიომელიტის ნარჩენი მოვლენები, პერთესის დაავადება, რაქიტი).
  • ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევი ქრონიკული უროგენიტალური დაავადებები.

სამკურნალო ფაქტორების გამოყენებას განსაკუთრებით დადებითი შედეგები აქვს ბავშვთა დაავადებების მკურნალობის დროს.შავიზღვისპირა მაგნიტური ქვიშები ცნობილია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან.

პირველნი, ვინც თავის თავზე გამოსცადეს ურეკის ქვიშის სასწაულმოქმედი თვისებები, იყვნენ ახლომდებარე სოფლის მცხოვრებნი, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ მაგნიტურ ქვიშასთან. ისინი განიკურნენ მრავალი ქრონიკული დაავადებებისაგან. მას შემდეგ მაგნიტური ქვიშის თვისებებით დაინტერესდა ფართო საზოგადოება, მედიცინის მუშაკები და კვლევითი ინსტიტუტები. თანამედროვე მედიცინაში ფართოდ იყენებენ ხელოვნურად შექმნილ მაგნიტურ ველებს, როგორც ფიზიოთერაპიულ საშუალებას, ”მაგნიტოთერაპიის” სახელწოდებით. სამეცნიერო გამოკვლევებით დადგინდა მაგნიტური ველის სასიკეთო ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე. მაგნიტური ველის მოქმედებით იცვლება ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესები, იწვევს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, ქსოვილების რეგენერაციის სტიმულირებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს და ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას. მაგნიტოთერპიას ფართოდ იყენებენ გინეკოლოგიაში, უროლოგიაში, ორთოპედიაში, კოსმეტოლოგიაში, სპორტულ მედიცინაში, გულსისხლძარღვთა, ნერვული სისტემისა და სხვადასხვა სახის დაავადებების დროს.

თუმცა მედიკოსები უკუჩვენებებზეც საუბრობენ და ურეკში დასასვენებლად გამგზავრებას არ ურჩევენ მათ, ვისაც აქვს ავთვისებიანი სიმსივნეები, სისხლის ყველა დაავადება, ტუბერკულოზი, საშუალო და მძიმე ფორმის ასთმა და სხვა.

ქართული ტურისტული სააგენტოების უმრავლესობა, მიუხედავად ქვეყნის დიდი პოტენციალისა, ტურისტებს სამედიცინო ტურებს არ სთავაზობს. ექსპერტების თქმით, ცუდი ინფრასტრუქტურა და რეკლამის არარსებობა არის მთავარი პრობლემები, რაც აფერხებს საქართველოში სამკურნალო ტურიზმის განვითარებას. არადა, უპრიანია იქნებოდა, ამგვარი კურორტების დარეკლამება საზღვარგარეთ, რადგან ამ სექტორის განვითარება დიდძალ შემოსავალს მოუტანს, როგორც ადგილობრივ მეწარმეებს, ასევე სახელმწიფოს.

რაც შეეხება თავად ურეკს, ძველი დროიდანვე დასახლებული პუნქტი იყო. მდინარე სუფსის შესართავთან სხვადასხვა დროს აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთების რამდენიმე განძი. დათარიღებაში აზრთა სხვადასხვაობაა: ძვ. წ. XVIII, XVII სს. (დ. ქორიძე და ა. რამიშვილი), ძვ. წ. XV, XIV სს. (თ. მიქელაძე). განძი მნიშვნელოვანია კოლხური ბრინჯაოს პერიოდიზაციის, წარმომავლობისა და ტიპოლოგიური ევოლუციის თვალსაზრისით. 1942 წელს ზღვისპირა დიუნის ყრილში ნაპოვნია გვიანანტიკური ხანის ნივთების განძი, რომელიც შეიცავდა III ს-ის ოქროსა და ვერცხლის რომაული მონეტები. არსებობს თქმულება, რასაც მეცნიერთა ნაწილი ეთანხმება, რომ ურეკი ნიშნავს, ტყიან გაუვალ ადგილს, სადაც მონადირეებს უჭირდათ ნადირობა. მთიან სამეგრელოში არსებული მიკროტოპონიმი “ნა-ეკ-ურ-ა” ამტკიცებს ურეკის განმარტებას, როგორც ღრმა, გაუვალი ადგილისა.

 

კოლხეთის ეროვნული პარკი

ოლიკო ცისკარიშვილი

კოლხეთის ეროვნული პარკი შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მიდამოებშია, აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე ეწერი, სამხრეთით მდინარე ფიჩორა. ფართობი 561 ჰა. ნაკრძალის მიზანია კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი რელიქტური ფლორისა და ფაუნის მთლიანი კომპლექსის დაცვა.

This slideshow requires JavaScript.

ნაკრძალს დიდი სამეცნიერო-კვლევითი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. შემონახულია კოლხეთისათვის დამახასიათებელი ჭაობისა და დაბლობის ტყეების ლანდშაფტი. გავრცელებულია მურყანი, წიფელი, რცხილა, კოლხური სურო, წყავი, შქერი და რელიქტური ბალახოვანი მცენარეები. ცხოველებიდან – შველი, გარეული ღორი და სხვა.

რელიეფის ძირითადი ფორმაა სანაპიროს გასწვრივ განვითარებული რელიქტური ქვიშიანი დიუნების ვიწრო ზოლი და მცირე კოლბოხოვანი მიკრო რელიეფი.

გამოირჩევა ზღვის ნოტიო და თბილი ჰავით. ზამთარი ძლიერ რბილი და უთოვლო, იანვრის საშუალო ტემპერატურა +5, +7 გრადუსია, ზაფხული ძალზე თბილია, აგვისტოს საშუალო ტემპერატუა +23, +24 გრადუსია. ნალექები დიდი რაოდენობითაა მთელი წლის განმავლობაში და საშუალოდ 1660 მმ-ს შეადგენს, დამახასიათებელია მაღალი შეფარდებითი ტენიანობა 78%. ტერიტორიის გახსნილობის გამო ხშირია ქარები განსაკუთრებით ზამთარში.

კოლხეთის ჭაობები და დაჭაობებული ტყეები (ჭაობის მდინარეებთა და ტბებთან ერთად) საიმედო თავშესაფარია მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობებისთვის. აქ გადის აზია-აფრიკის წყლისა და ჭაობების გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი გზა. ამ რეგიონში ბუდობს, იზამთრებს, ან გადაფრენის დროს ხანმოკლე დროით ჩერდება ათეული სახეობის ფრინველი, რომელთა ნაწილი ამჟამად გადაშენების პირას არის მისული და დაცვას საჭიროებს. (შავი ყარყატი, მყივანა და სისინა გველები, თეთრშუბლა და დათვი და სხვ.)

იშვიათობით და ორიგინალობით გამოირჩევა კოლხეთის ჭაობებისა და დაჭაობებული ტყეების ფლორა, რომელიც რელიქტურ და ენდემურ სახეობებთან ერთად შეიცავს სუბტროპიკული განედების,  ბორიალური ფლორის (ტუნდრის და ტაიგის) ელემენტებს (სფაგნუმის ხავსები, დროზერა, ჩრდილოეთის ისლი და სხვა.) და მაღალი მთისათვის დამახასიათაბელ სახეობებს (იელი, როტფის ხავსი, ლაქაშა, პონტოს შქერი).

კოლხეთის ჭაობებს და დაჭაობებულ ტყეებს დიდი სამეცნიერო და შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს. კოლხეთის ჭაობური ლანდშაფტები შეიცავენ მდიდარ და მეტად საინტერესო ბიო-გეოგრაფიულ და პალეო-გეოგრაფიულ მასალას, რომლის ანალიზი საშუალებას იძლევა გაირკვეს კოლხეთის თანამედროვე ფლორის თავისებურება, შემადგენლობა, განვითარების ისტორია, კლიმატის ცვალებადობა და ზღვის დონის რყევის ხასიათი ახლო გეოლოგიურ წარსულში. ამასთან ერთად, კოლხეთის ჭაობი და ჭარბტენიანი მიწები, სადაც სასწავლო შემეცნებითი ექსკურსიების მოწყობით, კვალიფიციური ლექცია-საუბრების ჩატარებით, ტურისტებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ჭაობურ ლანდშაფტებს, გააცნობიერონ, რომ ამ ლანდშაფტების  შენარჩუნება საზოგადოების ყველა წევრის მოვალეობაა.

ამ ადგილებში კატასტროფულად შემცირდა ან უკვე გადაშენდა ჭაობის კუ, ჩვეულებრივი და შუააზიური ტრიტონები. სხვადასხვა შემაწუხებელი ფაქტორების გავლენით ძლიერ შემცირდა გადამფრენი და მოზამთრე ფრინველების რაოდენობა. ადამიანის სამეურნეო საქმიანობის მავნე გავლენას ვერც კოლხეთის დაბლობის დასავლეთ ნაწილის ბუნებრივი ლანდშაფტები გადაურჩა. ზღვისპირა ტორფიანი ჭაობების ზედაპირზე გაყვანილია სხვასასხვა დანიშნულების უამრავი არხი, გაიჩეხა ზღვისპირა ჭაობების მეზობლად მდებარე დაჭაობებული ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი, გასწორდა ჭაობების მდინარეთა დაკლაკნილი კალაპოტები.

კოლხეთის დაბლობის ფარგლებში შემორჩენილი ბუნებრივი ჭაობური ლანდშაფტები განუმეორებელია თავისებურებებით და სილამაზით, მნახველში სიცოცხლით სავსე უმშვენიერესი ოაზისის შეგრძნებას იწვევს, რომელსაც შავი ზღვის მთელ სანაპიროზე იშვიათად მოეპოვება ბადალი. ამ ლანდშაფტების მნიშვნელობა ბევრად სცილდება საქართველოს ფარგლებს, რისი დასტურიცაა ის დაინტერესება, რასაც იჩენენ მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, გარემოს გლობალური ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა. ეს ორგანიზაციები დაინტერესებულნი არიან კოლხეთში ბუნებრივი სახით შემორჩენილი ჭაობების და ჭარბტენანი ეკოსისტემების გადარჩენით და ამ საქმის განხორციელებაში დახმარებას უწევენ საქართველოს. სწორედ ამ ორგანიზაციების დახმარებით 1999 წელს შეიქმნა კოლხეთის ეროვნული პარკი, პარკის ფართობს შეადგენს ხმელეთის 28571 ჰა. და ზღვის აკვატორია – 15742 ჰა.

ეროვნული პარკის ჭარბტენიანი ეკოსისტემები სხვადასხვა კატეგორიის ვიზიტორთათვის საინტერესო და მიმზიდველი ობიექტია. ჭარბტენიანი ლანდშაფტების ერთობლიობა ქმნის ულამაზეს პეიზაჟს, რომელსაც იშვიათად თუ მოეძებნება ბადალი შავი ზღვის მთელ სანაპიროზე.

კოლხეთის დაბლობი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში პირველად 1996 წელს მოექცა, როდესაც საქართველო საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით – წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ არსებულ რამსარის კონვენციას შეუერთდა. 2000 წლიდან კოლხეთის ეროვნულმა პარკმა სრულმასშტაბიანი ფუნქციონირება დაიწყო. კოლხეთის ეროვნულ პარკი არ არის მონოლითური წარმონაქმნი და ის წყვეტილი ტერიტორიებისგან – უბნებისგან შედგება. პარკი იყოფა ანაკლია-ჭურიის (მდინარეების ჭურიისა და ხობისწყლის ხეობების ზღვისპირა მონაკვეთებს შორის), ნაბადასა (მდინარეების ხობისწყლის და რიონის ხეობების დასავლეთ მონაკვეთებს შორის) და იმნათის (მდინარეების რიონის და სუფსის ხეობების დასავლეთ მონაკვეთებს შორის) ბუნებრივ გეოგრაფიულ უბნებად. ეს ის ადგილებია, სადაც ჭარბტენიანი ეკოსისტემები ყველაზე უკეთ არის შემორჩენილი. ამას გარდა, ეროვნულ პარკში შედის მდინარეების რიონსა და ჭურიის შესართავებს შორის მდებარე ზღვის აკვატორია. ანაკლია-ჭურიის უბნის ფართობი შეადგენს 13 713 ჰექტარს; ნაბადის უბნის სიდიდე 10 697 ჰექტარია, ხოლო იმნათის უბნის – 19 903 ჰექტარი. სულ ეროვნული პარკის სახმელეთო ფართობის სიდიდე 28 571, ხოლო ზღვის აკვატორიის – 15 742 ჰექტარია. ეროვნული პარკის უბნები ხუთი ადმინისტრაციული რაიონის – ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშის და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის – სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.
კოლხეთის დაბლობი ნაშთია დღემდე შემორჩენილი იმ ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაფტისა, დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ, კაინოზოურ ხანაში მთელ ევრაზიის კონტინენტზე უწყვეტ ზოლად რომ იყო გადაჭიმული. კოლხეთს შემორჩა მცენარეები, რომელიც დღეს მხოლოდ შორეული ჩრდილოეთის ტუნდრისა და ტაიგის ჭაობიანი ეკოსისტემებისთვისაა დამახასიათებელი. კოლხეთის დაბლობს სხვა საერთაშორისო მნიშვნელობაც აქვს.

ჭაობებში ხარობს კოლხეთისათვის უცხო ბორეალური სახეობები – სფაგნუმის ხავსები, მრგვალფოთოლა დროზერა, ჩრდილოეთის ისლი  და სხვა ალპური ზონის მცენარეები ისლი და შქერი. დაჭაობებულ და ტენიან ტყეებში შედის: მურყანი, ლაფანი, იმერული და ხართვისის მუხები, კარგად განვითარებული მარადმწვანე ქვეტყით, კოლხური სურო და სხვა. დიუნების ქვიშიან ზოლში ხარობს ქაცვი, ძეძვი და სხვა. მრავალფეროვანია წყალმწენარებიის სახეობრივი შემადგენლობა.
კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიები, უპირველეს ყოვლისა, ბოტანიკური თვალსაზრისით არის საინტერესო. აქ დღემდე შემორჩენილია ფლორისტული შედგენილობით საკმაოდ მრავალფეროვანი, რელიქტური და ენდემური სახეობებით მდიდარი ფიტოცენოზების კომპლექსები – ჭაობების, დაჭაობებული ტყეებისა და ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე ქვიშიანი დიუნების განსხვავებული მცენარეული დაჯგუფებები: რძიანა, ლურჯი ნარი, კოლხური ისლი, იმერული მაწაქი, გლერძა, ზღვისპირა დედაფუტკარა, ქოთანა, ძეძვი, კუნელი, ქაცვი და სხვა.

აქ გავრცელებულია გადაშენების პირას მისული მცენარეთა სტატუსით წითელ წიგნშია შეტანილი ორი სახეობა – ყვითელი ყაყაჩურა და ზღვის შროშანი. ტბების და ჭაობის მდინარეების გასწვრივ ძლიერ დანესტიანებულ ადგილებში კი გავრცელებულია ისეთი მცენარეები, როგორიცაა: კოლხური და ყვითელი დუმფარა , წყლის კაკალი  და ლემნა, ხოლო ტორფიან ჭაობებში, ტუნდრისმაგვარ ჩრდილოურ სახეობებთან ერთად, სამეფო გვიმრა  და იმერული ისლი გვხვდება.
იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების სახით, ზოგიერთი მათგანი შესულია საქართველოს “წითელ ნუსხაში”: კოლხური მუხა, ლაფანი, კოლხური ბზა, ხოლო დანარჩენი სახეობებისაგან დაზიანებულია: იფანი, ქართული მუხა და თხმელა.

ტორფიანი ჭაობების პერიფერიულ ზოლში და ჭაობის მდინარეთა ხეობების გასწვრივ აღმოცენებულ დაჭაობებულ ტყეებში დაახლოებით 9-10 მეტრის სიმაღლე კოლხურ-ჰირკანული მურყანი დომინირებს, იშვიათად თუ გამოერევა ლაფანი, იმერული მუხა ან ნეკერჩხალი, წიფელი, ნეკერჩხალი, იფანი და რცხილა. დღემდე შემორჩა ბზა, იელით, შქერით, თაგვისსარათი, ბაძგი, ძმერხლი.
კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ფრინველების სულ 194 სახეობის ფრინველი ბინადრობს. აქ უამრავი ფრინველის ყოველწლიული მიგრაციის მარშრუტი გადის. შემოდგომობით ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ხოლო გაზაფხულზე თბილი ქვეყნებიდან თავიანთი ბუდობის ადგილებისკენ დაძრული მილიონობით ფრინველისთვის დაუსახლებელი ჭაობები დასვენების და შორეულ გადაფრენებს შორის სულის მოთქმის იდეალური ადგილია, ხოლო მრავალი სახეობის ფრთოსანისთვის კოლხეთი გამოსაზამთრებელ ადგილს წარმოადგენს.
ფრინველებიდან კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე წყლის პატარა ქათამურები, ყანჩები, ლურჯი ალკუნი გვხვდება. ოქტომბრის თვეში სამხრეთისკენ შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ დაძრულ მტაცებელებზე დაკვირვებაა შესაძლებელი.

სხვადასხვა სიმაღლეზე ჰაერში მოლივლივე კაკაჩები, ძერები, კირკიტები, მარჯნები, შევარდნები, ძელქორები, კრაზანაჭამია, თეთრკუდა, ველის და ბექობის არწივები სამხრეთისკენ მიუყვებიან ზღვის ნაპირს. ზამთარში ჩრდილოეთიდან იხვების, ბატების, გედების, ჩვამების გუნდები მოფრინავენ. გარდა ამისა, აქ გავრცელებულია შემდეგი სახეობები: ტყის ქათმები, კაუჭნისკარტა კრონშნეპები, მელოტები, კოკონები, ქოჩორები, თეთრშუბლა ბატები, სისინა, მყივანა გედი, ხუჭუჭა ვარხვი, დიდი მყივანი არწივი და სხვა. უკვე ძნელად თუ შეხვდებით საქართველოს ფაუნის სიამაყესა და მშვენებას, ულამაზეს ფრთოსანს – ხოხობს, რომლის არსებობაც ძველმა მსოფლიომ ოდესღაც კოლხეთში ჩამოსული ბერძენი ზღავაოსნებისგან შეიტყო.

მსხვილი ძუძუმწოვრებიდან კოლხეთის ჭაობიან ჭალებს, ტყეებსა და ბარდებში გავრცელებულია: ტურა  და გარეული ღორი, შველი , წავი. აღსანიშნავია, რომ აქ საქართველოს „წითელი ნუსხის“ 6 სახეობის ძუძუმწოვარია გავრცელებული. ზღვის ძუძუმწოვრები წარმოდგენილი არიან დელფინების 3 სახეობით: აფალინა, თეთრგვერდა დელფინი  და ზღვის ღორი.

კოლხეთის ბინადარი ამფიბიებიდან ყურადღებას იქცევს ვასაკა და ტბორის ბაყაყი. ქვეწარმავლებიდან აქ ჩვეულებრივი და ირეაზიური ტრიტონი , წყლის ანკარა, ესკულაპის მცურავი  და ჭაობის კუა გავრცელებული.

ეროვნული პარკის ტერიტორიის იქტიოფაუნა თევზების 88 სახოებითაა წარმოდგენილი, მათგან გამსვლელი თევზები 23 სახეობა, მტკნარი წყლის თევზი 21 სახეობა, შავი ზღვის თევზი 44 სახეობა. ხრტილოვანი თევზებიდან აღსანიშნავია: ატლანტური ზუთხი და სვია, ხოლო ძვლოვანი თევზებიდან – შავი ზღვის ორაგული, ქაშაყი, ლობანი, ქარიყლაპია, სკუმბრია და სხვა.
კოლხეთის ეროვნული პარკის წყლის ეკოსისტემებში გავრცელებულია საქართველოს “წითელ ნუსხის“ თევზის 6 სახეობა: სვია, ფორეჯი, ატლანტური ზუთხი -, შავი ზღვის ორაგული, ღორჯო – მექვიშია, მორევის ნაფოტა.

კოლხეთის ეროვნული პარკში ვიზიტს უფრო საინტერესოს მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული არქეოლოგიური და კულტურის ძეგლების მონახულება ხდის. ლაზიკის ძველი დედაქალაქი არქეოპოლისი და კოლხეთის ქრისტიანული ძეგლები – შუა საუკუნეების წარწერებითა და ფრესკებით მდიდარი მარტვილის სამონასტრო კომპლექსი, ხობის მონასტერი, ცაიშის, კორცხელის და გულევლის ეკლესიები ეროვნული პარკის სიახლოვეს მდებარეობს. ასევე, საინტერესოა ზუგდიდში დადიანების ევროპული სახლ-მუზეუმი და იქ დაცული უნიკალური ექსპონატები.

კოლხეთის ეროვნულ პარკს ეკოტურიზმისთვის საკმაოდ კარგი პერსპექტივები აქვს. მასიური მიგრაციის პერიოდში აქ მრავალ იშვიათ ფრინველზე დაკვირვებაა შესაძლებელი. Birdwatchng-ის სახელით ცნობილი ტურიზმის ეს ფორმა დასავლეთის ქვეყნებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. საქართველოს და, მით უმეტეს, ორნითოლოგიურად მდიდარ კოლხეთს ფრინველთა თვალთვალის მოყვარულთათვის ბევრი საინტერესო შეხვედრის შეთავაზება შეუძლია. პარკის ტერიტორიაზე ტურისტებისთვის მოწყობილია ფრინველთა სათვალთვალო კოშკები.

ეროვნული პარკის ადმინისტრაცია დამთვალიერებელს რამდენიმე დაუვიწყარ სანაოსნო მარშრუტს სთავაზობს. სანაპირო დიუნების და იმნათის ტორფნარის გასწვრივ შემუშავებულია ფეხით სავალი მარშრუტებიც, მაგრამ ჭარბტენიანი ტერიტორიების დათვალიერების საუკეთესო საშუალებად მაინც მოტორიანი კატარღები რჩება. თუკი ანაკლიის მახლობლად ჭურიის შავ ზღვასთან შესართავში ნავში მოთავსდებით და მდინარეს აღმა აუყვებით, ან იმნათ-პალისტომის გავლით მდინარე ფიჩორის კალაპოტში შეხვალთ, მრავალ ძლიერ შთაბეჭდილებას მიიღებთ – აქაური რელიქტურ ტყეებში მიმავალი მდინარის ყოველი მოსახვევი ახალ-ახალ სურპრიზებს და ფრინველთა იშვიათ სახეობებთან შეხვედრას გიქადით.



		
 
 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 46 other followers